ას-698-1072-06 29 მარტი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. და თ. ვ-ები
მოწინააღმდეგე მხარე – რ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინება.
დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2005 წლის 10 თებერვალს რ. შ-მ სარჩელით მიმართა ხულოს რაიონის სასამართლოს მოპასუხეების შ. და თ. ვ-ების მიმართ წყლის დინების მიმართულების შეცვლისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეების ფერდობისა და გზიდან წვიმისა და თოვლის დნობისგან დაგროვილი წყალი მიედინება მისი წინაპრების სასაფლაოსა და სასმელი წყლის აუზისაკენ. აღნიშნული აზიანებს სასაფლაოს, აბინძურებს სასმელ წყალს და წალეკვით ემუქრება მის საკარმიდამო ნაკვეთს, მოპასუხეთა ქმედებით მას ადგება მატერიალური ზიანი, რის გამოც მოითხოვა მოპასუხეთა დავალდებულება წყლის დინების მიმართულების შეცვლისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე _ 200 ლარის ოდენობით.
შუახევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ შ. და თ. ვ-ებს დაევალათ ხულოს რაიონის სოფელ ...ში, ... უბანში, ათვლის წერტილიდან _ მ. ჯ-ის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო შ. ბ-ის საცხოვრებელი სახლიდან 15 მეტრის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთით გზის ამ წერტილამდე ჩამომდინარე წყლის სამხრეთის მიმართულებით ჩასადენად არხის გაჭრა, ასევე დაევალათ ათვლის წერტილიდან 70 მეტრის მანძილზე გზის მონაკვეთზე გაჭრილი არხის შენარჩუნება, საიდანაც წყალი გაედინება მათი საცხოვრებელი სახლისკენ ჩამავალი გზის მონაკვეთზე სათიბ ჭალაში.
მხარეთა საერთო სარგებლობაში არსებული გზის მონაკვეთის წერტიდან _ მოპასუხეთა საცხოვრებელ სახლისაკენ ჩამავალი გზის მონაკვეთის წერტიდან, სადაც თავს მოიყრის ჩამომდინარე წყალი ამ წერტილამდე 5 მეტრის ზევით წერტიდან, სადაც მოპასუხეთა მიერ გაჭრილია არხი მათი მიმართულებით, ჩამდინარე წყლის მიმართულება განისაზღვრა მოსარჩელის საკარმიდამო ნაკვეთისაკენ, რისთვისაც მას დაევალა არხის გაჭრა ისე, რომ წყალი არ ჩაედინებოდეს მოპასუხეთა საგვარეულო სასაფლაოს ან საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალი გზის მიმართულებით და ამ ნაწილში მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-მ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2006 წლის 22 მაისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდნენ მოპასუხეები _ შ. და თ. ვ-ები. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რ. შ-ის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. შ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ შ. და თ. ვ-ებს დაევალათ მხრეთა შორის საერთო სარგებლობაში არსებული გზის მონაკვეთის წერტილიდან, ხუთი მეტრის ზევით მათ მიერ გადაჭრილი არხის ამოვსება, საიდანაც ჩამდინარე წყალი მიედინება მოსარჩელეს საკარმიდამო ნაკვეთისაკენ და ასევე დაევალათ ადრე არსებული არხის აღდგენა ისე, რომ წყალი დინება ჩაედინებოდეს მოპასუხეთა საცხოვრებელი სახლისკენ მიმავალი გზის მიმართულებით. მათვე დაეკისრათ რ. შ-ის სასარგებლოდ 200 ლარის გადახდა.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შ. და თ. ვ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის განახლება იმ საფუძვლით, რომ, მართალია, დროულად ეცნობათ საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, მაგრამ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი შუადგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვა გადადებულიყო 2006 წლის 30 ივნისისათვის, იმ დროისათვის, როდესაც დანიშნული იყო მათი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რადგანაც განიცდიან მძიმე მატერიალურ გაჭირვებას და ორჯერ ვერ შეძლებდნენ ჩამოსვლას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შ. და თ. ვ-ების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. და თ. ვ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მათმა ადვოკატმა საჩივარში შეცდომით მიუთითა გამოუცხადებლობის მიზეზად მატერიალური სახსრების უქონლობა, რადგან მათი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. და თ. ვ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ შ. და თ. ვ-ებს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის შესახებ, რასაც თავადვე ადასტურებენ. ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებულ სხვა გარემოებებს, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივნის მიერ მითითებულ იქნეს სხვა გარემოებებიც, რომელებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ავადმყოფობა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე მათი გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე, რაც კასატორთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთანავე, საჩივრით არ ირკვევა, რომ ორივე მათგანი იყო ავად და არც ერთს არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; შ. და თ. ვ-ების სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. და თ. ვ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.