Facebook Twitter

ას-699-1029-07 26 დეკემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “-- -- --“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

ხაშურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. ღ-მა მოპასუხეების _ შპს „-- -- --“ გენერალური დირექტორისა და ხაშურის ... სამმართველოს უფროს მ. ტ-ის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

სასარჩელო განცხადებაში თ. ღ-ი მიუთითებს, რომ მუშაობდა შპს „-- -- --“ ... სამმართველოში დამხმარე საამქროს მოძრავი შემადგენლობის რემონტის ზეინკლად 2006 წლის 11 თებერვლიდან, მისი დანიშვნის საფუძველი იყო შპს „-- -- --“ დირექტორთა საბჭოს დადგენილება და გენერალური დირექტორის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება.

შპს „-- -- --“ ხაშურის ... სამმართველოს უფროსის 2006 წლის 31 აგვისტოს ბრძანებით თ.ღ-ი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან, რაც მოსარჩელეს მიაჩნია უკანონოდ.

მოსარჩელემ მოითხოვა შპს „-- -- --“ ... სამმართველოს უფროსის – მ. ტ-ის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ¹217 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო. მოსარჩელე თ. ღ-ს სარჩელს შპს „-- -- --“ და ხაშურის ... სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ უარი ეთქვა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. თ. ღ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდა.

დაუსწრებელი გდადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. ღ-მა საჩივრით, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება თ. ღ-ზე სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და 2006 წლის 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. ღ-მა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატის 2007 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი თ. ღ-ი, რომელსაც ეცნობა სხდომის დღის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით.

მოწინააღმდეგე მხარე შპს „-- -- --“ წარმომადგენელმა ნ. მ-მა იშუამდგომლა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ღ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა თ. ღ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ღ-მა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ თ. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 17 იანვარს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი თ. ღ-ი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.53). აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა თ. ღ-მა, თუმცა მას საჩივარში არ მიუთითებია პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს. კასატორი არ უთითებს იმ გარემოებაზე, რის გამოც იგი არ გამოცხადდა 2007 წლის 17 იანვარს დანიშნულ პროცესზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. ღ-ი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.