Facebook Twitter

¹ას-700-1030-07 26 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ა-ის წარმომადგენელ ა. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 30 მარტს ვ. ა-მ სარჩელით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სს “ .. ..” და ტექნიკურ ექსპლუატაციას უწევდა ... სამმართველს ¹... სატრანსფორმატორო პუნქტს. 2003 წლის 20 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო სხეულის დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი ხანგრძლივი შრომისუუნარობა და სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა. მკურნალობისა და მედიკამენტების ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 1907 ლარი. იმის გამო, რომ მოპასუხე ორგანიზაცია თავს არიდებდა შესაბამისი აქტის შედგენას უბედური შემთხვევის შესახებ, მან მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს, რომლის 2004 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს დაევალა სათანადო აქტის შედგენა, რაც შედგა 2006 წლის 24 თებერვალს. აღნიშნული აქტით გამოვლინდა ორგანიზაციის ბრალი უბედური შემთხვევის დადგომაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული სხეულის დაზიანების მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის სახით მოპასუხისათვის 1907 ლარის დაკისრება.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “.. ..” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1177,65 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით სს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა ვ. ა-ის სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ უბედური შემთხვევის შესახებ აქტით დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ვ. ა-ი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სს “ .. ..”, აწარმოებდა გადართვებს და ტექნიკურ ექსპლუატაციას უწევდა ... სამმართველოს ს.პ.¹...-ს. აღნიშნული აქტით ასევე დაადგინა, რომ სს “.. ..” .... სამმართველოში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად მიჩნეულ იქნა ვ. ა-ი, რომელმაც, აქტის თანახმად, დაარღვია “უსაფრთხოების წესების ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას” პ.პ. 3.2.2. 3.2.5. და 5.1.5. პუნქტები.

პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტით არ დადგინდა დამქირავებლის ბრალი, შესაბამისად, თვლის, რომ უბედური შემთხვევა მოხდა მოსარჩელის გაუფრთხილებლობით, ხოლო ადმინისტრაციას ამ შემთხვევის დადგომაში ბრალი არ მიუძღვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-ის წარმომადგენელმა _ ა. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ვ. ა-ის წარმომადგენელ ა. ი-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ის წარმომადგენელ ა. ი-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საწარმოო ტრავმებთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ა-ის წარმომადგენელ ა. ი-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ა-ის წარმომადგენელ ა. ი-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.