Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ას-701-1031-07 25 თებერვალი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებლები _ ა. ი-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ი-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მიჯნის მოშლა, აუცილებელი გზის აღდგენაA

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ი-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ი-შვილის მიმართ უკანონო მიჯნის მოშლისა და აუცილებელი გზის აღდგენის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ. ი-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ი-შვილს დაეკისრა დუშეთის რაიონის სოფელ ქაიხევში მდინარე არყალას მხრიდან უკანონო მიჯნის მოშლა და მოსარჩელის სახლიდან მისასვლელი სამანქანო გზის აღდგენა.

მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ და ბოლოს თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით ა. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-შვილმა.

საქარველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ა. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ა. ი-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ი-შვილის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ა. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ა. ი-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რასაც დაურთო სახალხო ფოსტის დუშეთის ფილიალის თანამშრომელ ნ. გ-ის მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ საფოსტო შეტყობინებაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა და ადრესატს გზავნილი ჩაბარდა არა 2007 წლის 8 ოქტომბერს, არამედ 2007 წლის 18 ოქტომბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული მუხლის თანახმად, მოსამართლე მტკიცებულებებს აფასებს ორი თვალზასრისით მათი სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის მიხედვით.

საქმის მასალებში წარმოდგენილია საფოსტო შეტყობინება (ს.ფ. 187) რომლის თანახმადაც ადრესატს გზავნილი ჩაბარდა 2007 წლის 8 ოქტომბერს და რის საფუძველზეც ა. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. მოცემულ გზავნილზე გარდა იმისა, რომ ხელით არის მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი, ასევე დასმულია ბეჭედი, იმის შესახებ თუ როდის დაბრუნდა საფოსტო შეტყობინება თბილისში, რომლის თანახმადაც მოცემული გზავნილი თბილისში, ადრესატის ჩაბარების დამადასტურებელი ხელმოწერით დაბრუნდა 2007 წლის 11 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა. ი-შვილს გზავნილი ვერ ჩაბარდებოდა 2007 წლის 18 ოქტომბერს, ვინაიდან აღნიშნული საფოსტო შეტყობინება ჩაბარების ხელწერილით ქ. თბილისში დაბრუნდა 2007 წლის 11 ოქტომბერს. აღნიშნული ა. ი-შვილის საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ი-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.