Facebook Twitter

ას-701-1075-06 5 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. .. ..” (მოსარჩელე)

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “ .. .. ..” წარმომადგენელმა 2005 წლის ივლისში სარჩელით მიმართ სასამართლოს მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. .. “ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის შპს “ .. .. ..” სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის 4250 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - გადასახდელი სადაზღვევო თანხის 0,1%-ს გადახდა ყოველგადაცილებულ დღეზე 2004 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2003 წლის 2 სექტემბერს შპს “ .. .. ..” და სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” შორის დაიდო ექვსი ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულება. 2004 წლის 19 ივლისს გატაცებულ იქნა შპს “ .. .. ..” კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს ბენცი-200”, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-6.2.3 პუნქტის მოთხოვნათა უგულვებელყოფით უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ შპს “ .. .. ..” არ წარადგინა ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა. მოსარჩელემ 2003 წლის 2 სექტემბრის დაზვევის ხელშეკრულების მე-7.2.8 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ შპს “ .. .. ..” სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” წარუდგინა ყველა ის აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა სადაზღვევო თანხის განსაზღვრისათვის და მომხდარი შემთხვევის დასადასტურებლად შპს “ .. .. ..” ვერ შეძლო მხოლოდ ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის წარდგენა იმის გამო, რომ იგი ინახებოდა გატაცებულ ავტომანქანაში. აღნიშნული დოკუმენტის სანაცვლოდ შპს “ .. .. ..” წარადგინა ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო განყოფილების მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებების სააღრიცხვო ბარათი, რომელიც წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიულ საფუძველს და რომელთა მონაცემების საფუძველზე ხდებოდა სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე ამ საფუძვლით უარის თქმა უკანონოა. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-9 და მე-10 პუნქტებში არ არის მითითებული, რომ სადაზღვევო თანხის გადაუხდელობის საფუძველია ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის წარუდგენლობა. მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებზე მითითებით განნმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა დადასტურებულია შსს ქ.თბილისის .... რაიონის საგამოძიებო სამსახურის მიერ 2004 წლის 23 ივლისს გაცემული ცნობით, ხოლო საზღაურის ოდენობა განისაზღვრა სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” მიერ გაცემული 2004 წლის 12 თებერვლის პოლისით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ .. .. ..” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” დაეკისრა მოსარჩელე შპს “ .. .. ..” სასარგებლოდ 4250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 2004 წლის 1 სექტემბრიდან გადასახდელი სადაზღვევო თანხის 4250 აშშ დოლარის 0,1%-ის შესაბამისად ლარებში გადახდა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფლდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “ .. .. ..” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “ .. .. ..” მოთხოვნა სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” სადაზღვევო თანხის 4250 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს “ .. .. ..” მოთხოვნა სს სადაზღვევო კომპანია “.. .. ..” პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ მიერ 2004 წლის 12 თებერვალს გაცემული ¹.... სადაზღვევო პოლისით დაზღვევის საგანს წარმოადგენდა ავტომობილი მერსედეს-ბენცი“ - 200 მოდელი, თეთრი ფერის, 1987 წელს გამოშვებული, სახელმწიფო ნომერი ... , შასის ნომერი – ... , ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი – ... , ხოლო სადაზღვევო თანხა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს; 5000 აშშ დოლარის 15% რჩებოდა მზღვეველს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მზღვეველი შპს „ .. .. ..“ სადაზღვევო შესატანს იხდიდა კეთილსინდისიერად, სადაზღვევო პოლისის შესაბამისად, რაც მხარეებს სადავოდ არ გადაუხდიათ. ზემოაღნიშნული ავტომობილის გატაცებასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „ .. .. ..“ და სს სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ შორის სადაზღვევო ვალდებულების უფლება-მოვალეობების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი იყო სს სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ მიერ 2004 წლის 12 თებერვალს გაცემული ¹... სადაზღვევო პოლისი და ავტომობილის დაზღვევის პირობები. სააპელაციო სასამართლომ სადაზღვევო პოლისისა და ავტომობილის დაზღვევის პირობების მე-2 პუნქტზე მითითებით ჩათვალა, რომ სადაზღვევო შემთხვევად გათვალისწინებული იყო ავტომობილის ქურდობაც. მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობიდან გამომდინარე კი მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისათვის უნდა გადაეხადა სადაზღვევო პოლისით მყარად დადგენილი თანხა 4250 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილზე და ამავე კოდექსის 829-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ შპს „ .. .. ..“ მიერ ადგილი არ ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინების ვალდებულების დარღვევას და საქმის მასალებით არ დასტურდება შპს „ .. .. ..“ ბრალეული კავშირი სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან, რის გამოც არ არსებობს სადაზღვევო საზღაურის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. ავტომობილის დაზღვევის პირობების მე-7.2.8 და მე-7.3.7 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მზღვეველი შეიძლება გათავისუფლდეს სადაზღვევო საზღაურის გადახდის ვალდებულებისაგან დამზღვევის მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის და არა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის წარუდგენლობის შემთხვევაში. დამზღვევმა, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ნაცვლად, მზღვეველს წარუდგინა თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო განყოფილების მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი, რომელიც წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიულ საფუძველს და მისი მონაცემებით ხდებოდა კიდეც სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული კი ადასტურებს, იმას, რომ მზღვეველმა თავი კი არ აარიდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, არამედ ეს განპირობებული იყო ობიექტური, დამზღვევისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ შპს „ .. .. ..“ მოთხოვნა სს სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხის 4250 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „ .. .. ..“ მოთხოვნა სს სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე, რადგან სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ მიერ 2004 წლის 12 თებერვალს გაცემული ¹... სადაზღვევო პოლისი და ავტომობილის დაზღვევის პირობები (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) არ ითვალისწინებდა სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე,

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, კანონსაწინააღმდეგოა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულება, რომ ავტომობილის ქურდობის შემთხვევაში ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის მზღვეველისათვის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს მზღვეველის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი, უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლთან შეუსაბამოდ და ბათილად. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლსა და “დაზღვევის შესახებ” კანონის მე-5 მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დგინდება დამზღვევსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში საავტომობილო დაზღვევის დროს დამზღვევსა და მზღვეველს შორის გაფორმდა სადაზღვევო ხელშეკრულება, რომელიც შედგება დამზღვევის მიერ შევსებული ანკეტა-განაცხადის, სადაზღვევო სერთიფიკატის (პოლისის) და ავტომობილის დაზღვევის პირობებისაგან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი აღნიშნული დოკუმენტის არარსებობა გამორიცხავს სადაზღვევო ურთიერთობის დამყარებას და ხელშეკრულების დადებას. შპს „ .. .. ..“ და სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ შორის სადაზღვევო ურთიერთობის წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი იყო შპს „ .. .. ..“ მიერ შევსებული ანკეტა-განაცხადი, მის საფუძველზე სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ მიერ გაცემული სადაზღვევო სერთიფიკატი (პოლისი) და ავტომობილის დაზღვევის პირობები. ხელშეკრულების მე-6.1.4, მე-7.2.8 და მე-7.3.7 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას და მათი ფარგლების განსაზღვრას კანონმდებელი პირდაპირ უკავშირებს მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას, ხოლო ასეთი უფლება-მოვალეობები მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული იყო. კასატორის მოსაზრებით, სარეგისტრაციო მოწმობის არქონის შემთხვევაში საკმაოდ რთულია მოპარული ავტომობილით როგორც გადაადგილება, მით უმეტეს მისი რეალიზაცია, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად ავტომობილის ქურდობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, თავის მხრივ ამცირებს ავტომობილის აღმოჩენის ალბათობას. სასამართლომ შეგნებულად აარიდა თავი შპს „ .. .. ..“ და სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ შორის სადაზღვევო ურთიერთობის წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლის დადგენისას ანკეტა-განაცხადის დასახელებას, რადგან მისი დასახელების შემთხვევაში მას ასეთი შეფასების გაკეთების შესაძლებლობა წაერთმეოდა.

კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სტანდარტული პირობების ის დებულება, რომლითაც ავტომობილის ქურდობის შემთხვევაში ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის მზღვეველისათვის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს მზღვეველის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი, უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლთან შეუსაბამოდ და ბათილად, რადგან შპს „ .. .. ..“ და სადაზღვევო კომპანია „ .. .. ..“ შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების დებულება ქურდობის შემთხვევაში ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის მზღვეველისათვის წარდგენის ვალდებულების შესახებ არ წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას, როგორც ამას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობის მზღვეველისათვის წარდგენის ვალდებულება წარმოადგენს არა სტანდარტულ პირობას, არამედ ხელშეკრულების დეტალურად განსაზღვრულ პირობას, რადგან ასეთი პირობის არსებობის შესახებ შპს „ .. .. ..“ განემარტა ხელშეკრულების გაფორმებამდე და შეთანხმებული იქნა მასთან, შესაბამისად იგი უფლებამოსილი იყო არ დათანხმებოდა აღნიშნულს და მოეთხოვა მისი ან საერთოდ ამოღება ხელშეკრულებიდან ან სხვაგვარი ფორმულირება. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზღვეული ავტომობილის ქურდობის ფაქტის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის ცნობას, რაც ასევე კანონდარღვევას წარმოადგენს, რადგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უნდა დადასტურდეს დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ და არა ცნობით, შესაბამისად სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნები, ყოველივე ზემოაღნიშნული, კასატორის მოსაზრებით მიუთითებს სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს დასაზღვევო კომპანია “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 368.79 (სამას სამოცდარვა ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის 70%, რაც 258.15 (ორასორმოცდათვრამეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული სს სადაზღვევო კომპანია “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი.

კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 258.15 (ორასორმოცდათვრამეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.