Facebook Twitter

ას-705-1035-07 2 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ც. ც-სა და მ. თ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ჯ-ე და მ. თ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1984 წლიდან და ცხოვრობდნენ თბილისში, ... გამზირ ¹8-ში მდებარე ბინა ¹1-ში. ამავე ბინაში ცხოვრობდა ა. ჯ-ის დედა _ ე. ხ-ა. ბინაში რეგისტრირებულები იყვნენ ა. ჯ-ე და ე. ხ-ა. 1992 წლის 29 დეკემბერს განხორციელდა ბინის პრივატიზება ა. ჯ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1995 წლის 8 თებერვალს.

1996 წლის 19 მარტს ა. ჯ-ის სამკვიდრო ქონებაზე, ბინაზე, მდებარე თბილისში, ... გამზირი ¹8, ბინა¹1, ე. ხ-ს სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

2000 წლის 3 აპრილს ე. ხ-სა და მის ნათესავ ც. ც-ს შორის დაიდო თბილისში, ... ¹8, ბინა ¹1-ზე ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც აღნიშნული ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით აღირიცხა ც. ც-ი.

ე. ხ-ა გარდაიცვალა 2004 წლის 10 მარტს.

2004 წლის 23 მარტს მ. თ-მ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ც. ც-ს მიმართ და მიუთითა, რომ მეუღლის _ ა. ჯ-ის გარდაცვალების შემდეგ 1995 წლის ზაფხულამდე ცხოვრობდა დედამთილთან ერთად, ხოლო 1999 წლიდან ბინაში ცხოვრობდა მხოლოდ ე. ხ-. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, არც მას და არც ე. ხ-ს ა. ჯ-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოსთვის არ მიუმართავთ.

ე. ხ-ს გარდაცვალების შემდეგ, მ. თ.სთვის ცნობილი გახდა, რომ 1996 წლის 16 მარტს მის დედამთილს მიუღია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და 2000 წლის 3 აპრილს სადავო ბინა გაუსხვისებია თავის ნათესავზე _ ც. ც-ზე.

მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია მოჩვენებით დადებულ ხელშეკრულებად, ვინაიდან მოპასუხე ფაქტობრივად არ დაუფლებია ბინას და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ბინის ½1/2 წილზე მესაკუთრედ აღრიცხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ¹8-ში მდებარე ბინა ¹1-ის 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. 1996 წლის 16 მარტის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში “ქონებაში თანაბარ წილზე მემკვიდრეებად ცნობილი არიან” გრაფაში შეტანილ იქნა ცვლილება და ქონებაზე თანაბარ წილში მემკვიდრეებად ცნობილი იქნენ: დედა _ ე. ხ-ა და მეუღლე _ მ. თ-ა. 2003 წლის 3 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება იმგვარად, რომ ნასყიდობის საგნად განისაზღვრა თბილისში, ... ქ. ¹8-ში მდებარე ¹1 ბინის 1/2 ნაწილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ც. ც-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მ. თ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ც-სა და მ. თ-ს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. თ-ს სარჩელი ც. ც-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თბილისში, ... გამზირ ¹8-ში მდებარე ბინა ¹1-ის 3/4 წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა. ჯ-ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე თბილისში, ... ¹8, ბინა ¹1 ე. ხ-ს სახელზე 1996 წლის 19 მარტს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა 3/8 ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ე. ხ-სა და ც. ც-ს შორის 2000 წლის 3 აპრილს დადებული, თბილისში, ... ¹8-ში მდებარე ბინა ¹1-ის ნასყიდობის ხელშეკრულება 3/8 ნაწილში; მ. თ-ა ცნობილ იქნა თბილისში, ... ¹8-ში მდებარე ბინა ¹1-ის 3/8 წილის მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ 1992 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული პრივატიზაციის შედეგად სადავო ბინის თანამესაკუთრეები თანაბარწილში (4/8-4/8) გახდნენ ა. ჯ-ე და ე. ხ-ა. პალატამ დაადგინა, რომ ბინის პრივატიზაციის დროისთვის მ. თ-ა და ა. ჯ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის ნახევრზე (4/8) როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე, მეუღლესთან, აწ გარდაცვლილ ა. ჯ-სთან ერთად თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მ. თ-ა, რომლის წილი სადავო ბინაში 2/8-ს შეადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ა. ჯ-ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ ე. ხ-ა და მ. თ-ა. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. თ-მ სამკვიდრო მიიღო, ვინაიდან იგი მეუღლის გარდაცვალების შედეგაც აგრძელებდა სადავო ქონების ფლობას როგორც მემკვიდრე და თანამესაკუთრე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სამკვიდროს მიღების შემდეგ, მთლიან ბინაზე ე. ხ-ს წილმა შეადგინა 5/8, ხოლო მ. თ-ს წილმა _ 3/8.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები – ე. ხ-ა და ც. ც-ი - ნათესავები არიან და ც. ც-სათვის ცნობილი იყო სადავო ბინაზე მოსარჩელის უფლებების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ ც. ც-მა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მ. თ-მ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ც. ც-ს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2007 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მ. თ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ც-სა და მ. თ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვტ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ც. ც-სა და მ. თ-ს საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ც-სა და მ. თ-ს საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. ც. ც-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. მ. თ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.