Facebook Twitter

ას-705-925-08 23 თებერვალი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. ვ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ვ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-შვილის მიმართ მემკვიდრედ ცნობისა და ზიანის _ 7000 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე წლების განმავლობაში ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხის ძმასთან _ გ. მ-შვილთან, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. რ.ვ-შვილმა კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმების მისაღებად, მაგრამ უარი მიიღო, ვინაიდან მისი ქორწინება მამკვიდრებელთან რეგისტრირებული არ იყო. გ.მ-შვილის ქონებას დაეუფლა მოპასუხე, მანვე მიიღო მეუღლეების მიერ მოწყობილ სათბურში დათესილი 7 000 ლარის ღირებულების 15 000 ცალი ყვავილი და მოახდინა მისი რეალიზება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მის ძმასთან და მათ მიერ მოწყობილ სათბურში დათესილი იყო ყვავილი, თუმცა განმარტა, რომ მოსავალი გაფუჭდა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. მ-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 ლარის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაზედაც რ.ვ-შვილმა შეიტანა საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ რ.ვ-შვილს კანონით დადგენილი წესით გაეზგავნა ი.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი და მიეცა 21 დღის ვადა მასზე შესაგებლის წარსადგენად. რ.ვ-შვილმა სასამართლო გზავნილი ჩაიბარა 2008 წლის 24 მარტს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შეუტანია. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 233-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ამავე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, რადგან განსახილველი საჩივრით მხარეს არ დაუდასტურებია ისეთი დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების არსებობა, რომელიც მას ხელს შეუშლიდა სასამართლოს მიერ დადგენილ 21-დღიან ვადაში სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის შეტანაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ამავე კოდექსის 2321-ე მუხლის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რ.ვ-შვილის მითითება, რომ სადავო შესაგებელი მხარემ ვერ წარადგინა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შემდეგი რეაგირებისათვის გადასცა თავისი ინტერესების დამცველს, რომელმაც გაუგებარი მიზეზით არ შეიტანა სააპელაციო საჩივარზე პასუხი. სასამართლომ დასახელებული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად არ ჩათვალა, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ვ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა რ.ვ-შვილის მითითება, რომ სადავო პერიოდში კასატორი იყო ავად და მკურნალობდა სახლში, ვინაიდან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ შეეძლო ექიმთან მისვლა. ამასთან, რ.ვ-შვილს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი დაეთანხმა გადაწყვეტილების დასაბუთებას. სასამართლოს სააპელაციო საჩივარი და თანდართული მასალა კასატორის წარმომადგენლისათვის არ გაუგზავნია, რაც საპროცესო დარღვევას წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი, რასაც მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ რ.ვ-შვილის წარმომადგენელმა არ შეიტანა შესაგებელი ი.მ-შვილის სააპელაციო საჩივარზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი და არ შეაფასა ის გარემოება, რომ ი.მ-შვილის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი ი.დიულად არ ამართლებდა მის მოთხოვნას, მაშინ, როცა კასატორის პოზიცია გამყარებული იყო სარწმუნო მტკიცებულებებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ რ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

იმავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე:

a) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს;

b) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისათვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრება სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. დანიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე - 21 დღეს. ამ ვადის გარაძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი;

გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის

შესაძლო შედეგების შესახებ.

«შესაგებლის წარუდგენლობის შესაძლო შედეგს» წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე და 2321-ე მუხლებიდან გამომდინარე, შესაგებლის წარდგენა მოპასუხის პროცესუალური ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეს არ გააჩნია ან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ და ერთგვარი პროცესუალური სანქციის სახით, 2321-ე მუხლის შესაბამისად, ხდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მხარე ინფორმირებული არ არის თავისი პროცესუალური ვალდებულებებისა და მათი შეუსრულებლობის ნეგატი. შედეგების თაობაზე, სასამართლოს ვერ ექნება ვარაუდი, რომ მას არ აქვს ინტერესი თავი დაიცვას სარჩელისაგან. ამდენად, ასეთ შემთხვევებში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.

ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სააპელაციო ინსტანციისათვის შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებისათვის განსხვავებული წესები გათვალისწინებული არ არის, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.

როგორც საქმიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) ფორმის ნიმუში, ამასთან, მხარეს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის მიეცა 21-დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ჩაბარებიდან. არც აღნიშნულ განჩინებაში და არც შესაბამის გზავნილში მითითებული არ არის, რომ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლომ განუმარტოს მხარეს შესაგებლის წარუდგენლობის შესაძლო შედეგები, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ, განსაზღვრავს რა შესაგებლის წარდგენის ვადას, იმავე განჩინებით უნდა განუმარტოს მხარეს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნული განმარტება მოცემული უნდა იყოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში. ამგვარი განმარტების გარეშე სასამართლო არ არის უფლებამოსილი შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღოს.

განსახილველ შემთხვევაში, რ. ვ-შვილი შესაგებლის წარუდგენლობის შესაძლო შედეგების თაობაზე ინფორმირებული არ იყო, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო იმ პირობებში, როცა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე, 201-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ვ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე იმავე პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.