ას-706-1036-07 15 ოქტომბერი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..”
(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “ .. ..” მიმართ შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს “ .. ..” დაევალა თ. მ-ისთვის 2006 წლის 1 იანვრიდან, ყოველთვიურად სპეციალური სამედიცინო მომვლელისათვის 50 ლარის, ხოლო საყოფაცხოვრებო მომვლელისათვის 25 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებით შპს “ .. ..” და თ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა არჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს საკასაციო საჩივარი შეტანილია თუ არა ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეოერ და მესამე წინადადებების შესაბამისად, სასამართლო უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საფოსტო შეტყობინების თანახმად კასატორ თ. მ-ს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 10 ივლისს, ხოლო – მის წარმომადგენელ ლ. ს-ს 207 წლის 21 ივნისს, თ. მ-ის მიერ მოცემული განჩინება გასაჩივრებულია აგვისტოში. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის ერთ თვიანი ვადა, ვინაიდან საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს 2007 წლის 21 ივნისიდან, იმ დროიდან, როდესაც უწყება ჩაბარდა წარმომადგენელს, ამდენად თ. მ-ს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2007 წლის 23 ივლისის ჩათვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.