№ას-707-1037-07 30 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ც., მ. და დ. ა-ვები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ო-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ბინის სარგებლობით მიღებული სარგებლის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება თ. ო-შვილსა და ც. ა-ვას შორის, რომლის თანახმადაც ა-ვას ო-შვილისათვის უნდა გადაეხადა 15 000 აშშ დოლარი 2002 წლის 26 ივნისამდე. ვინაიდან მორიგების პირობები არ შესრულდა განჩინება მიექცა იძულებით აღსასრულებლად და განმეორებით აუქციონზე ც. ა-ვას კუთვნილი ბინა შეიძინა მოსარჩელე თ. ო-შვილმა, რაზედაც გაიცა სააღსრულებო განკარგულება.
ც. ა-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სააღსრულებო ფურცლის გაუქმების, აუქციონის შედეგებისა და სააღსრულებო განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, მოსარჩელემ ხელმეორედ ამოწერა სააღსრულებო ფურცელი და 2005 წლის 30 მარტს გამართულ აუქციონზე სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე თავიდან შეიძინა ც. ა-ვას საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისში, ს-ის ქ. №.. კორპუსი ბინა №. და აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
2005 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. ო-შვილმა და მოითხოვა უძრავი ქონება მდებარე თბილისში, ს-ის ქ. №.. კორპუსი ბინა №. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეების – ბინის ყოფილი მესაკუთრის ც. ა-ვასა და მისი ოჯახის წევრების – მ. და დ. ა-ვების უკანონო მფლობელობიდან და მესაკუთრეს თ. ო-შვილს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მოპასუხე ც. ა-ვამ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და თ. ო-შვილის მიმართ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგებისა და სააღსრულებო განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; თ. ო-შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე თბილისი, ს-ის ქუჩა კორპუსი №.., ბინა №. გამოთხოვილი იქნა მოპასუხეების ც., დ. და მ. ა-ვების უკანონო მფლობელობიდან და მესაკუთრე თ. ო-შვილს ჩაბარდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. მოპასუხეებს დ. ა-ვას, ც. ა-ვას და მ. ა-ვას თ. ო-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის სარგებლობით მიღებული სარგებელი თვეში 100 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან -- 2005 წლის 10 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც., დ. და მ. ა-ვებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც., დ. და მ. ა-ვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით უცვლელად დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 25 იანვრის ხელწერილით დასტურდება, რომ აპელანტს ც. ა-ას პირადად ეცნობა საქმის განხილვის დღე, ხოლო აპელანტებს – დ. და მ. ა-ვებს სხდომის დღის შესახებ ეცნობათ მათთან მცხოვრები ოჯახის (დედის) წევრის მეშვეობით.
პალატამ არ გაიზიარა ც. ა-ას განმარტება იმის შესახებ, რომ მისი გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ავადმყოფობით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა არ იყო დადასტურებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით და არ შეიცავდა მითითებას სასამართლო პროცესზე საჩივრის ავტორის გამოცხადების შეუძლებლობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც., მ. და დ. ა-ვებმა.
კასატორების აზრით, ერთ-ერთი აპელანტი ც. ა-ვა ავადმყოფობის გამო გადაყვანილი იყო სამკურნალო დაწესებულებაში, იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე. აღნიშნული ცნობა წარდგენილი იყო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი ცნობა არ შეესაბამებოდა 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ არ იყო ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და არ იყო მითითება იმ ფაქტზე, რომ ავადმყოფი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. აღნიშნული ცნობა მათი მოთხოვნის საფუძველზე გასცა შპს „სამკურნალო დიაგნოსტიკურმა ცენტრმა“, ცნობა არის ბეჭედდასმული და ხელმოწერილი და მასში მითითებულია ავადმყოფის (ც. ა-ვას) მონაცემები ავადმყოფობის დასახელება და სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის თარიღი და საათი, ხოლო აღნიშნული ცნობის გაცემა რაიმე კანონისმიერ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს ეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა.
კასატორების დ. და მ. ა-ვების განმარტებით სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ გაარკვია Hჩაბარდათ თუ არა მათ უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოტხოვნათა დაცვით. მათი განმარტებით სააპელაციო სასამართლომ უწყებები ჩააბარა ც. ა-ვას დ. და მ. ა-ვებისთვის გადასაცემად, ხოლო ჩაბარება ისე ჩათვალა დადგენილად, რომ ადრესატთა მიერ ხელმოწერილი უწყების მეორე ეგზემპლარი საქმეში წარმოდგენილი არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ აპელანტ ც. ა-ვას პირადა ეცნობა 2007 წლის 22 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ (ს.ფ.118) ხოლო აპელანტებს დ. და მ. ა-ვებს სხდომის დღის შესახებ ეცნობათ მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის დედის მეშვეობით (ს.ფ.119,120). ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით ძალაში დარჩა 2007 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა აპელანტ ც. ა-ვას მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ აუცილებელ რეკვიზიტებს, რომელიც უნდა იყოს მითითებული ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი ცნობა ასეთ მონაცემებს არ შეიცავს. ამდენად იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ მისი გამოუცხადებლობა საპატიოობის დამადასტურებელ გარემოებად.
რაც შეეხება კასატორების დ. და მ. ა-ვების განმარტებას, რომ ისინი სათანადოდ არ იყვნენ გაფრთხილებული სასამართლო სხდომის დღის შესახებ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება--მათი დედის ც. ა-ვას ხელწერილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ მან იკისრა ვალდებულება უწყების შვილებისათვის გადაცემის თაობაზე. (ს.ფ.118-120) შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული თავისთავად გულისხმობს დ. და მ. ა-ვების გაფრთხილებას-ოჯახი წევრის მეშვეობით სხდომის დღის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ზემომითითებული საფუძვლები არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საფუძველს, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც., დ. და მ. ა-ვების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: რ. ნადირიანი
თ. თოდრია