Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №375აპ-16 ქ. თბილისი

მ-ი გ. 375აპ-16 9 დეკემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით გ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 ივლისიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) -1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული სასჯელის ნაწილს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული სასჯელიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 ივლისიდან.

გ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, გ) პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ე) პასიური საარჩევნო უფლება, ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლება.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ გ. მ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი