ას-708-1038-07 5 ნოემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “კ...ის” დირექტორი თ. მ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „კ...ის“, შპს „ა...ის“ და შპს „ნ...ის“ წარმომადგენლებმა ო. დ-მ და მ. ხ-მა 2005 წლის 8 აპრილს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს „ .. ..“ მიმართ და მოითხოვეს თანხის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „კ...ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ .. ..“ დაეკისრა შპს „კ...ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 14 825 ლარის გადახდა. შპს ა...ისა“ და შპს „ნ...ის“ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „კ...მა“, შპს „ა...მა“, შპს „ნ...მა“; ასევე შპს „ .. ..“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განჩინებით შპს „კ...ის“ და შპს „ა...ის“ და შპს „კ...ის“ სააპელაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება სააპელაციო საჩივრის ავტორების მიერ მასზე უარის თქმის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს “ .. ..” შპს “კ...ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 14825 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “კ...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “კ...ის” დირექტორმა თ.მ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “კ...ის” დირექტორი თ.მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორ შპს “კ...ის” დირექტორი თ.მ-ს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა. ეს განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში პირადად ჩაიბარა თ. მ-მ 2007 წლის 3 ოქტომბერს (ს.ფ. 233).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით; მაგრამ თ.მ-ს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაც იო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ვინაიდან შპს “კ...ის” დირექტორმა თ. მ-მ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზები და არ წარმოადგინა დავის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და საკასაციო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “კ...ის” დირექტორი თ.მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.