Facebook Twitter

¹ას-708-928-08 19 ნოემბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ნ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-იძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

2007 წლის 19 ივლისს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ნ. კ-იძემ თ. ნ-შვილის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სიღნაღის რაიონის სოფ. ......... მას საკუთრების უფლებით ერიცხება ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით. წლების წინ მეზობლებმა აწ გარდაცვლილმა რ. ნ-შვილმა, მოპასუხე თ. ნ-შვილის მამამ, მის ოჯახთან შეუთანხმებლად, გააუქმა ამჟამად მოსარჩელის კუთვნილი სახლის საწვეთზე გამავალი კარები და მის ადგილას კაპიტალური კედლიდან 20 სმ-ის მოშორებით ჩაასხა ბეტონი. მან თვითონ გამოიყენა მეზობლის სახლის საწვეთი და მოსარჩელის კაპიტალური სახლის დამხმარე ნაგებობას უკანა მხრიდან მიაშენა საქათმე, იმგვარად, რომ სახლის სახურავს შეაჭრა თუნუქის საწვეთის ღარი და ზემოდან დაადგა თავისი საქათმის სახურავი. ამ მიზეზით წლების განმავლობაში ჩამონადენმა წვიმის წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა და დაანგრია დამხმარე სათავსის უკანა კედელი.

მოსარჩელის განმარტებით, მისი საცხოვრებელი სახლის უკანა კედელთან 70-80 სმ-ის მოშორებით, დგას მოპასუხის კუთვნილი ლეღვის დიდი ხე, რომელიც ჩრდილავს და ანესტიანებს საცხოვრებელ სახლს, რის გამოც არის საშიშროება სახლის დანგრევისა.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ საქათმის მოშლა, საწვეთის აღდგენა, დამხმარე ნაგებობის მიმდებარედ მდგარი ორი ძირი ლეღვის ხის ამოძირკვა, მოსარჩელის სახლსა და დამხმარე ნაგებობას შორის უკანა მხრიდან ჩასხმული ბეტონის კედლის მოშლა, რათა მოსარჩელეს მიეცეს საშუალება, იმავე ადგილას თვითონ ჩამოაბას მარტივი კონსტრუქციის კარი და აღადგინოს მხარეებს შორის მყარი სამეზობლო ღობე.

მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მან მიუთითა, რომ სახლი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, აწ გარდაცვლილ რ. ნ-შვილისგან, მოსარჩელე კი ახლახან გახდა მესაკუთრე. მოპასუხის განმარტებით, ახალი მესაკუთრე ვალდებულია, შეეგუოს იმ პირობებს, რომლებიც არსებობდა მის მესაკუთრედ გახდომამდე. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ნახაზში შეცდომაა, რადგან საწვეთი ნაჩვენებია მოსარჩელის საკუთრებაში, მაგრამ ესეც არ ნიშნავს, რომ მან ეს მონაკვეთი უნდა შემოღობოს. მოპასუხის განმარტებით, ასეთი რამ დაუშვებელია თუნდაც იმის გამო, რომ ნ-შვილების ოჯახს მოსარჩელის სახლის მიმდებარედ საკუთრებაში აქვთ 585 კვ.მ საბოსტნე მიწის ნაკვეთი, რომელთან დაკავშირებაც ერთადერთი გზითაა შესაძლებელი – მოსარჩელის სახლის უკან დარჩენილ, სახლის საწვეთად წოდებულ პატარა მონაკვეთზე გავლით და ასეთი ვითარება შენარჩუნებულია 1934 წლიდან.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-იძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ნ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით თ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და საქმის განხილვის მიზნით სხდომა დაინიშნა 2008 წლის 19 თებერვალს 14 საათზე.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვალს აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი თ. ნ-შვილი და მისი წარმომადგენელი მ. მ-შვილი.

აპელანტმა დეპეშით აცნობა სასამართლოს იმის თაობაზე, რომ შეუძლოდ გახდა და ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მოითხოვა საქმის განხილვის გადადება. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინა თ. ნ-შვილმა და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2008 წლის 19 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე ვერ გამოცხადდა იმ მიზეზით, რომ შეუძლოდ გახდა. სასამართლოს აღნიშნულის თაობაზეც აცნობა დეპეშით, რომლითაც მოითხოვა სხდომის გადადება. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა – შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია დასტურდება სიღნაღის რაისაავადმყოფოს სოფელ ნუკრიანის საექიმო ამბულატორიის მიერ გაცემული 2006 წლის 13 სექტემბრის ¹9 ცნობით. საჩივრის ავტორმა მიუთითა დიდთოვლობის შესახებ და განმარტა, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ასევე აღნიშნული მიზეზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით თ. ნ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ამავე სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ნ-შვილმა. მან მიუთითა, რომ იგი არის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, აგრეთვე, ინვალიდი, სასამართლო პროცესის დღეს იყო შეუძლოდ, რის გამოც გამოაგზავნა სასამართლოში დეპეშა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და უკანონოდ გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 19 თებერვალს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი თ. ნ-შვილი, ასევე არ გამოცხადდა მისი წარმომადგენელი მ. მ-შვილი, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს თ. ნ-შვილის მიერ წარმოდგენილი ცნობა, კერძოდ, ცნობაში აღნიშნულია, რომ იგი იმყოფება ნუკრაინის საექიმო უბანში დისპანსერულ აღრიცხვაზე. აღნიშნული ცნობა გაცემულია ........-ის საექიმო ამბულატორიის ექიმის მიერ 2006 წლის 13 სექტემბერს (ს.ფ.69).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წარმოდგენილი ცნობა არ შეიძლება საპატიო მიზეზად ჩაითვალოს, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ უნდა მიუთითებდეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილ ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცნობა გაცემულია 2006 წლის 13 სექტემბერს, მეორე - 2008 წლის 16 ივლისს, სასამართლო პროცესი კი დანიშნული იყო 2008 წლის 19 თებერვალს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. ნ-შვილი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ნ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.