Facebook Twitter

ას-709-1039-07 14 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. მ-ი

წარმომადგენელი _ ი. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ი

წარმომადგენელი _ ლ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 8 თებერვალს მ. თ-მა სარჩელი აღძრა ს. მ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ-ის ¹34-ე კორპუსში მდებარე ¹45-ე ბინიდან მისი გამოსახლება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა გამო:

1. თბილისის ... რაიონის სახ. დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1987 15 ივლისის ¹1146 გადაწყვეტილებით მოსარჩელე შვილთან ერთად აყვანილ იქნა საბინაო აღრიცხვაზე, ხოლო ... სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ სამსულიან ოჯახზე გაიცა ორდერი ¹..., ... მე-4 მ\რ-ის ¹34-ე კორპუსის ¹45 ბინაზე;

2. აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაუსრულებელია, კერძოდ, დაუსრულებელია გადახურვის, სადარბაზოს კიბეების, აივნების, ლიფტების, შახტების, საინჟინრო კომუნიკაციებისა და სხვა სამუშაოები, რის გამოც მოსარჩელე არ იყენებდა აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს, სადაც შესახლდა მოპასუხე ს. მ-ი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელემ მოითხოვა ს. მ-ის ბინიდან გამოსახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე მ. თ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ს. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები, რომ, თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა აღმასკომის გადაწყვეტილებით მ. თ-ი (მისი) ოჯახით აყვანილ იქნა აღრიცხვაზე. 1995 წლის 24 მაისის ¹4-08\297 გადაწყვეტილების საფუძველზე კი, მ. თ-ს სამსულიან ოჯახზე გაიცა ორდერი ¹... .

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული ორდერის ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დამდგარა და იგი ბათილად შესაბამისი ორგანოების მიერ არ გამოცხადებულა. აღნიშნული დოკუმენტები სააპელაციო პალატამ სადავო ფართის ფლობის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია, ხოლო მ. თ-ი ამ ფართის მართლზომიერ მფლობელად. სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.

სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტმა ვერ წარმოადგინა სამართლებრივი საფუძველი სადავო ბინის ფლობის უფლების დასადასტურებლად და დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ-ს სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად, ს. მ-ი, როგორც არაკეთილსინდისიერი მფლობელი, ვალდებულია, დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს (მ. თ-ს).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ მატერიალურ-სამართლებრივ გარემოებებზე:

1. ს. მ-ი იმის დამტკიცებას კი არ ცდილობდა სასამართლოსთვის, რომ მას ბინა შეძენილი ჰქონდა და ამის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელე მ. თ-ს მოთხოვნა, არამედ მოითხოვდა, სასამართლოს არ მიეღო წარმოებაში ამ უკანასკნელის სარჩელი, რადგან მოსარჩელე არ იყო ნივთის გამოთხოვაზე უფლებამოსილი პირი;

3. კასატორის მითითებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს მესაკუთრეს, რომლის საკუთრების უფლება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში. სკ-ის 170-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს წარმოადგენს პირი, რომელსაც აქვს ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება. მ. თ-ი არც ფლობს და არც სარგებლობს სადავო ქონებით, მას არც განკარგვის უფლება გააჩნია, რადგან მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹31919\მ-2638 პასუხის თანახმად, ..., მე-4 მ\რ-ის, ¹34 კორპუსის, ბ. ¹45 (სადავო ბინა) რეგისტრირებული არ არის, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის მონაცემებით ნუცუბიძის ფერდობზე, მე-4 მ/რ-ში მდებარე ¹34-ე კორპუსი აღიცხული არ არის.

4. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასწორადაა განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი წინადადება _ „არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი“, ვიანაიდან მ. თ-ი არ არის სადავო ბინის მესაკუთრე და, შესაბამისად, ნივთის გამოთხოვისთვის უფლებამოსილი პირი;

5. კასატორის აზრით, აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დღეისათვის ბევრი მსგავსი დავაა და მათი გადაწყვეტის სამართლებრივი გზები დარეგულირებული არ არის;

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს. მ-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლის მოთხოვნებს და მიიღო იგი წარმოებაში ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება უძრავ ქონებასთან და მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ს. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. მ-ის წარმომადგენლის _ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.