¹ას-709-1082-06 15 იანვარი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ .. .. ..” გენერალური დირექტორის ჯ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 31 ოქტომბერს გ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მიუთითა, რომ 1988 წლიდან მუშაობდა ჯერ ქალაქ გორის, ხოლო შემდეგ შიდა ქართლის .. .. .. საწარმოში მდივან/მემანქანედ . 2005 წლის ოქტომბრის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის შედეგად გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან, საწარმოში, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ჩატარებული რეორგანიზაციის გამო.
მოსარჩელის განმარტებით, მისი დათხოვნა თანამდებობიდან არაკანონიერია, რადგან საწარმოში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაცია მის სამუშაო ადგილს არ შეხებია, არ მომხდარა შტატების შემცირება და გაუქმება, მის ადგილას სამუშაოდ მიიღეს პირი, რომელსაც საწარმოში არ უმუშავია, რითაც მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-მა მოითხოვა შპს “ .. .. ..” დირექტორის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹421/კ ბარძანების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს “ .. .. ..” ორგანიზაციული დირექტორის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹421/კ ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; გ. მ-ი აღდგენილ იქნა წინანდელ თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროისათვის საშუალო ხელფასი 170 ლარი დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენის დრომდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს “ .. .. ..” გენერალურმა დირექტორმა-ჯ. ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო საწარმოში გაიზარდა მოსამსახურეთა ფუნქციები და შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების მიმართ, ხოლო მოსარჩელის მონაცემები აღარ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რის გამოც იგი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით, შპს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ შპს “ .. .. ..” გორის ტექნიკურ სერვის ცენტრში რეორგანიზაციამდე მოქმედებდა მდივან/მემანქანის თანამდებობა ერთი საშტატო ერთეულით, რომელიც ეკავა მოსარჩელეს, ასევე დაადგინა, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან აქტივების ამოღების შემდეგ საწარმოში განხორციელდა შტატების შემცირება, ხოლო გორის ტექნიკურ სერვის ცენტრში შეიქმნა მდივნის თანამდებობა, რომელზეც დაინიშნა სხვა თანამშრომელი, ისე, რომ ადმინისტრაციამ სხვა მუშაკის დანიშვნისას არ გამოიკვლია მასთან შედარებით გააჩნდა თუ არა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მოსარჩელეს, ასევე დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 42-1 მუხლის მოთხოვნები, რადგანაც ადმინისტრაციამ მოსარჩელეს არ შესთავაზა სხვა სამუშაო მისი პროფესიისა და სპეციალობის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს “ .. .. ..” და მოითხოვა მისი გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, შპს “ .. .. ..” დირექტორის ჯ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ .. .. ..” დირექტორის ჯ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება შრომით დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ .. .. ..” დირექტორის ჯ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ .. .. ..” დირექტორის ჯ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი:220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.