¹ას-710-1040-07 14 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ .. ..
მოწინააღმდეგე მხარეები _ ა. რ-ი, სს “დ...ი”
წარმომადგენელი – მ. ს-ა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹34-ში მდებარე 714 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობიდან.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
2004 წლის 3 დეკემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა .. ..მ ამავე სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... გამზირის ¹34-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში განთავსებულია ¹... ბაგა-ბაღი, რომელიც ...ის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹51 ბრძანებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული აქვს ...ის განათლების ... სამსახურს. განმცხადებლის მოსაზრებით, ... განათლების ... სამსახური, საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის განხილვაში უნდა მოწვეულიყო მხარედ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ...მ, საქართველოს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა, საქართველოს სსკ-ის 432-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა ასევე აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით შეჩერდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის ¹2\1802-04 გადაწყვეტილების აღსრულება ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვამდე.
საქმის განხილვის პროცესში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელე ე. ჩ-ი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით ა. რ-თ.
ა.რ-ს წარმომადგენელმა მ. ს-მ მოითხოვა ...ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განმცხადებლის განმარტება სადავო შენობა-ნაგებობის ...ის განათლების ... სამსახურისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს; ...ის 12 დეკემბრის (და არა 27 დეკემბრის) ¹51 ბრძანება ეხება მერიის საქალაქო სამსახურების შექმნას და მასში შენობა-ნაგებობების გადაცემაზე არაფერია ნათქვამი; სადავო ქონება ეკუთვნოდა სს „დ...ს“, რაც 2004 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში; აღნიშნული ქონება 2004 წლის 8 სექტემბერს საქართველოს სკ-ის 183-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძინა ე. ჩ-მა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით თავის სახელზე აღრიცხა ა. რ-მა, შესაბამისად, უსაფუძვლოა ...ის მოთხოვნა, რომ ის მხარეს წარმოადგენს და საქმის განხილვისას უნდა მოწვეულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ...ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით ...ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 სექტემბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უშუალოდ არ ეხება ...ის განათლების საქალაქო სამსახურის ბალანსზე მყოფ ვაკე-საბურთალოს რაიონის ¹... ბაგა-ბაღის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, ვინაიდან ¹... ბაგა-ბაღის შესახებ კონკრეტულად არ არის მითითებული გადაწყვეტილებაში და ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული მისი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებებში მითითებული დასკვნები და ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ მითითებული საპროცესო სამართლის ნორმები განსახილველ შემთხვევაში არ დარღვეულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქალაქ თბილისის მერიამ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლისა და 337-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება იმის თაობაზე, რომ ..., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს არ წარმოადგენს, ვინაიდან, აღნიშნული ნორმის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვის დროს. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ ...ის განათლების .... სამსახურის ბალანსზე მყოფი ვაკე-საბურთალოს რაიონის ¹...-ე ბაგა-ბაღი რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ... გამზირის ¹34-ში მდებარე 714 კვ. მ შენობა-ნაგებობაში, რაზედაც არსებობს ტექბიუროს ჩანაწერი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ა. რ-ს წარმომადგენელმა მ. ს-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ...ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
...ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.