¹ას-710-1083-06 30 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ შვილად აყვანის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ქ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს შვილად აყვანის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. პ-სთან. მეუღლეებს შვილები არ ჰყავდათ, რის გამოც ფაქტობრივად იშვილეს მცირეწლოვანი გ. შ-ი. ბავშვის დაბადების მოწმობაში ღვიძლ მშობლებად დაფიქსირდნენ ლ. ქ-ე და ს. პ-ა, ბავშვი კი გაფორმდა ლ. პ-დ. 2004 წლის 22 ნოემბერს ს. პ-ა გარდაიცვალა, რის შემდეგ განმცხადებელი მარტო აგრძელებდა ნაშვილების აღზრდას. 2004 წლის დეკემბერში რუსთავის სამშობიარო სახლის მიერ გაცემული ყალბი მშობიარობის ცნობის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რის შედეგად ლ. პ-ს დაბადების მოწმობა ცნობილ იქნა ძალადაკარგულად, ვინაიდან იგი გაცემულ იქნა ყალბი დოკუმენტის საფუძველზე. ასევე გაირკვა, რომ ბავშვი _ ს. რ. ყ-ი იყო თელავის რაიონის სოფელ ...დან. 2005 წლის 22 მარტს ს. პ-ს მიმართ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება პიროვნების გარდაცვალების გამო, ხოლო ბავშვის გამშვილებლების მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, ბავშვის დედის მიმართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად. ბავშვის ბიოლოგიური მამა გარდაცვლილია. ლ. პ-ა მშობლებად თვლის ლ.ქ-სა და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს. ამასთან, ლ.ქ-ს გააჩნია ბავშვის სათანადოდ აღზრდისათვის საჭირო ყველა პირობა, აქვს სახლი, სამსახური, არ არის ნასამართლევი. ს. რ. ყ-ს დაბადების შესახებ არც სოფელ ...ის გამგეობის წიგნში და არც საროს განყოფილების სააქტო ჩანაწერში მონაცემები არ მოიპოვება, შესაბამისად, არ არსებობის მისი დაბადების მოწმობა. ერთადერთი ჩანაწერი ბავშვის დაბადების შესახებ ... საექიმო ამბულატორიაში მოიპოვება. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ს. რ. ყ-ი დაიბადა ... წლის ... თებერვალს, ბინაზე. სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “ი” ქვეპუნქტების შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა ლ.ქ-სა და ს. პ-ს მიერ 2004 წლის აგვისტოში ლ. პ-ს შვილების ფაქტის დადასტურება, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისათვის შემდეგი შინაარსის დაბადების მოწმობის გაცემის დავალდებულება: ბავშვის სახელი და გვარი _ ლ. პ-ა, დაბადების ადგილი და თარიღი _ ქ.თბილისი, ... წლის ... თებერვალი, დედა _ ლ. ქ-ე, მამა _ ს. პ-ა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზეც ლ.ქ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათაAგამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი, რადგან განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ შვილად აყვანის ფაქტი რეგისტრირებული არ ყოფილა. ასევე გამოყენებული ვერ იქნება ამავე მუხლის “ი” ქვეპუნქტი, ვინაიდან დასახელებული ნორმის მიხედვით, სასამართლოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დასაშვებია იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა, თუ კანონმდებლობა მათი დადგენის სხვა წესს არ ითვალისწინებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შვილად აყვანის ფაქტი უნდა დადგინდეს სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის საფუძველზე ისეთი გარემოებების დადასტურებით, რომლებიც სადავო უფლებებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ აღიარებითი სარჩელით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, გამოკვლეულ უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ აღძრული მოთხოვნების სამართლებრივი ბუნება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ განუხორციელებია. სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის შესაბამისად, აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურებულიყო არასრულწლოვანი ბავშვის აღმზრდელის ოჯახში შვილად მიღება, ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვს ჰყავს ბიოლოგიური დედა, რომლის უფლებაც ბავშვზე დავის შემთხვევაში უწყებრივად სასამართლოს ექვემდებარება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოერკვია მოცემული მომენტისათვის რა სამართლებრივი რეჟიმით მოქმედებს ლ. პ-ს დაბადების მოწმობა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდა მშობიარობის ცნობის სიყალბე, რომლის საფუძველზეც აღნიშნული დაბადების მოწმობა გაიცა, შესაბამის ორგანოებს კი სათანადო წესით მოწმობის სამართლებრივი მდგომარეობა არ გადაუწყვეტიათ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს უნდა გამოერკვია ჰქონდა თუ არა შვილად ასაყვან ბავშვს დაბადების მოწმობა, რადგან აღნიშნულის გარეშე შვილების ფაქტის დადგენა სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლების წანამძღვრების არსებობისასაც შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ქ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლი და მართებულად მიიჩნია, რომ მითითებულ ნორმაში ჩამოთვლილი ორი მოთხოვნა _ არასრულწლოვანის ოჯახში შვილად მიღება და მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნებია და ორივე პირობის ერთდროულად არსებობა სავალდებულო არ არის. ამასთან, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს ისეთი გარემოებების გამორკვევა დაავალა, რაც საქმის მასალებით ფაქტობრივად იკვეთება. პალატამ მიუთითა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნაზე სადავო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას შვილად აყვანის რეგისტრაციის დადგენის შესახებ, არ გაითვალისწინა, რომ ამავე კოდექსის 310-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით სასამართლო უდავო წარმოების წესით განიხილავს საქმეს შვილად აყვანის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვი მშვილებლის ოჯახში შვილად იყო მიღებული. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება ბავშვის ბიოლოგიურ დედასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამორკვევისა და დავის შემთხვევაში საქმის უწყებრივად სასამართლოსათვის დაქვემდებარების შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი საკმარისად მიიჩნევს შვილებისას ბიოლოგიური დედის წერილობით თანხმობას, რაც განსახილველ შემთხვევაზეც უნდა გავრცელდეს და ამავე კოდექსის 311-ე მუხლის გამოყენება გამოირიცხოს. ანალოგიური მსჯელობა ეხება სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ აღიარებით სარჩელსაც, რადგან მოცემულ შემთხვევაში ბავშვის ბიოლოგიური დედის ინტერესი გარკვეულია. საქმის მასალებით ირკვევა ლ. პ-ს დაბადების მოწმობის ბედიც, კერძოდ, იგი სააქტო ჩანაწერთან ერთად ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში ინახება და სააპელაციო სასამართლოსათვის უფრო ხელმოსაწვდომია, ვიდრე რაიონული სასამართლოსათვის. ბავშვის დაბადების მოწმობაში მისი დაბადების თარიღი შეცვლილია და აღნიშნულის შესახებ ლ.ქ-სა და ს.პ-სათვის ცნობილი არ იყო, ამასთან, კასატორს აღნიშნული მოწმობის მიმართ ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან იგი იურიდიული ძალის მქონე არ არის. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ს. რ. ყ-ის სახელზე დაბადების მოწმობა არ არსებობს, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლი ბიოლოგიური წარმოშობის გვარით დაბადების მოწმობის სავალდებულობას არ ითვალისწინებს, მით უმეტეს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 აგვისტოს განაჩენის თანახმად, ლ. პ-ა იგივე ს. რ. ყ-ია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისას, არასწორად მიუთითა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ, რაც საქმის მასალებით ფაქტობრივად გარკვეულია. მოცემულ შემთხვევაში ლ. ქ-ე ითხოვს მისი და აწ გარდაცვლილი მეუღლის _ ს. პ-ს მიერ 2004 წლის აგვისტოში ს. რ. ყ-ი ბ-ს შვილად აყვანის ფაქტის დადგენას და მის მიერ მითითებული მონაცემებით დაბადების მოწმობის გაცემას.
2005 წლის 22 მარტის სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის განყოფილების 2005 წლის 24 დეკემბრის ცნობით თელავის რაიონის სოფელ ...ში 2002 წლის 23 თებერვალს დაბადებული ს. რ. ყ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერი არ არსებობს. “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტების ჩანაწერის შეცვლის, აღდგენისა და გაუქმების წესს განსაზღვრავს ეს კანონი. ამავე კანონის 113-ე მუხლის მიხედვით, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლის, აგრეთვე, გარდაცვალების შესახებ ჩანაწერების აღდგენას აწარმოებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განმცხადებლის სურვილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის ან სამოქალაქო აქტის დაკარგული ჩანაწერის შესრულების ადგილის მიხედვით, ხოლო 114-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის აღდგენის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პირველადი (აღსადგენი) ჩანაწერის უქონლობის შესახებ. შესაბამისად, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის 113-ე და 114-ე მუხლების საფუძველზე ს. რ. ყ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის რეალური მონაცემებით აღდგენის თაობაზე. მხოლოდ აღნიშნულზე მსჯელობის შემდეგ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ჰქონდა თუ არა ადგილი სამოქალაქო კოდექსის 1240-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას _ მშვილებელ ს. პ-ს მიერ არასრულწლოვანის შვილად მიღებას. მითითებული ნორმით, აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს ს. რ. ყ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და სამოქალაქო კოდექსის 1257-1258-ე მუხლებით გათვალისწინებული ნაშვილების მონაცემების მშვილებლის მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრის თაობაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა შვილად ასაყვანის ბიოლოგიური დედის უფლებებთან დაკავშირებით, არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება გამშვილებლის _ დედის თანხმობის თაობაზე (ს.ფ. 42-43). სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის დანაწესების გათვალისწინებით სასამართლომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს დასახელებულ მტკიცებულებას.
საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ლ. პ-ს ამჟამად არსებული დაბადების მოწმობის სამართლებრივ მდგომარეობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია, იგი უნდა დარჩეს უცვლელი და საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.