ას-711-1012-09 22 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ. ც-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –შპს “ალია-ჰოლდინგი”, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისი საპეტრულო პოლიციის მთავარი სამმართველი --- უფროსი გ. გ-ორი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება.
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის სახით სოლიდარულად 10 000 აშშ დოლარის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ. ც-ძის სარჩელი მოპასუხეების შპს „ალია-ჰოლდინგის“ და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის გ. გ-ორის მიმართ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებისა და სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ც-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მოსარჩელე შ. ც-ძემ გარკვეული მოსაზრებით თავის მოკვლა გადაწყვიტა გერმანიის საელჩოსთან, რის შესახებაც თავად დაუკავშირდა საინფორმაციო საშუალებებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მან ინტერვიუც მისცა გაზეთ „ვერსია“-ს ჟურნალისტს, სადაც ადასტურებს თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა 2007 წლის 10-11 დეკემბრის 46-ე ნომერში სათაურით „სკანდალი – პრეზიდენტობის კანდიდატი გერმანიის საელჩოს წინ თავს იკლავდა“.
დადგენილია, რომ იგივე ფაქტთან დაკავშირებით გაზეთ „ქრონიკას“ 2007 წლის 10-16 დეკემბრის 48-ე ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ ი. მ-ძის სტატია სათაურით „პრეზიდენტობის კანდიდატმა გერმანიის საელჩოს ღობეზე ბაწრით თავის ჩამოხრჩობა სცადა“, აღნიშნულ სტატიაში ქრონიკის ჟურნალისტი ი. მ-ძე წერდა: „როგორც ქრონიკას აცნობეს რამდენიმე დღის წინ პატრულმა გერმანიის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიულ კლინიკაში მამაკაცი გადაიყვანა, თვითმხილველთა თქმით მას უთქვამს პრეზიდენტობის კანდიდატი შ. ც-ძე ვარო“. იმავე სტატიაში გამოქვეყნებული იყო ჟურნალისტის მიერ თავად შ. ც-ძისაგან მიწოდებული ინფორმაცია, სადაც შ. ც-ძე აცხადებდა, „მივედი გერმანიის საელჩოსთან იმის გამო, რომ არ ჩამაყენეს თანაბარ პირობებში, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მივმართე პროტესტის უკიდურეს ფორმას და გერმანიის საელჩოსთან განვიზრახე თავის ჩამოხრჩობა, თუმცა პატრულმა ამის საშუალება არ მომცა”. იგივე სტატიაში რესპოდენტი შ.ც-ძე ჟურნალისტის შეკითხვაზე „პატრულმა რომ გადაგიყვანათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იქ რა გითხრეს“ პასუხობს „არაფერი, ხელი მომაწერინეს რაღაცეებზე და გამომიშვეს“.
საგაზეთო სტატიები გამოქვეყნდა ერთი და იგივე დროს, ორივე სტატიაში აღწერილი იყო შ.ც-ძის მხრიდან გერმანიის საერჩოსთან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი, რასაც ადასტურებდა ჟურნალისტებთან ინტერვიუში თავად მოსარჩელე. ამდენად, თავად ფაქტი – თვითმკვლელობის მცდელობისა შეესაბამებოდა სინამდვილეს და არ იყო ცილისწამება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საგაზეთო სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია საპატრულო პოლოციის მიერ მისი ფსიქიატრიულ სააავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით მცდარი ფაქტია და მისთვის ზიანის მიმყენებელი სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საგაზეთო სტატიის მიხედვით პატრულის თანამშრომელთა მიერ შ.ც-ძის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტი ჟურნალისტის მიერ გადამოწმდა თავად შ.ც-ძესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა ინფორმაციის სისწორე. იგივე სტატიაში რესპოდენტი ჟურნალისტის შეკითხვაზე „პატრულმა რომ გადაგიყვანათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იქ რა გითხრეს“, პასუხობს „არაფერი, ხელი მომაწერინეს რაღაცეებზე და გამომიშვეს” ამდენად, უდავოდ დადგინდა, რომ მოსარჩელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტი ეყრდნობოდა თვით შ. ც-ძის მიერ მიწოდებულ მონაცემებს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია ვერ ჩაითვლებოდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ განცხადებად და ასეთადაც, რომ ყოფილიყო მიჩნეული მოპასუხეს მაინც ვერ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა, რადგან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგაზეთო სტატიაში გამოქვეყნებული ამ ინფორმაციისადმი, ჟურნალისტის ბრალეულობა არ დადასტურდა, რადგან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მან მიღებული ინფორმაცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შ. ც-ძის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე, გადაამოწმა უშუალოდ ამ უკანასკნელთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შ. ც-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის განცხადებით, მოპასუხეების მიერ სტატიაში მოყვანილი და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და თავისი შინაარსით ცილისმწამებლური იყო.
ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შ. ც-ძე გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. აღნიშნული დადგინდა საქმეში არსებული ცნობით ¹596\01-12, რომელმაც დაადასტურა, რომ 2007 წლის 1 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, მოქალაქე შ. ც-ძე ზემოაღნიშნულ კლინიკაში არ ყოფილა შეყვანილი. სტატია კი სწორედ ამ პერიოდში იყო დაწერილი და ეხებოდა 2007 წლის 6 დეკემბერს მომხდარ ფაქტს. ყოველივე ამან კი დაადასტურა ის, რომ მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის მისამართით ადგილი ჰქონდა ცილისმწამებლურ განცხადებებს-მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვას, რამაც გამოიწვია კიდეც მისთვის მორალური ზიანის მიყენება.
კერძოდ, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა კასატორის სტატუსი და სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია იგი საჯარო პირის სტატუსის მატარებელ სუბიექტად და სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვქონდა კერძო პირის ცილისწამება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და წარმოდგენილი დასაბუთებაც იმდენად არასაკმარისი იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი გახდა. კერძოდ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უცვლელად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დაამყარა იმ გარემოებებზე, რომ თავად ფაქტი – თვითმკვლელობის მცდელობა, შეესაბამებოდა სინამდვილეს და არ იყო ცილისწამება. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის არა თვითმკვლელობის მცდელობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების ფაქტს, არამედ იმას, რომ საგაზეთო სტატიაში მითითებული იყო, თითქოს იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ეს ინფორმაცია კი დადგინდა, რომ არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამდენად, აღნიშნული წარმოადგენდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი ინფორმაციის სახეს, რაც დაედო კიდეც სასარჩელო მოთხოვნას.
კასატორის განცხადებით, სტატიის გამოქვეყნების დროს შ. ც-ძე არ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი და შესაბამისად საჯარო პირიც, ამდენად, საზოგადოების ინტერესი ამ სახის ინფორმაციის მიღებაზე არ არსებობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ. ც-ძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი არ დაკმაყოფილდა შ. ც-ძის სარჩელი შპს „ალია-ჰოლდინგის“ და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის გ. გ-ორის მიმართ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებისა და სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში გ. გ-ორი მითითებულია, როგორც ფიზიკური პირი, სარეზოლუციო ნაწილში კი მოხსენიებულია როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი გ. გ-ორი. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესავალ ნაწილშიც გ. გ-ორი მითითებულია, როგორც ფიზიკური პირი,
ამდენად სასამართლოს მიერ არ არის გარკვეული თუ ვინ არის მხარე ფიზიკური პირი გ. გ-ორი, თუ საპატრულო პოლიციის უფროსი გ. გ-ორი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში ჩამოთვლილია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ მითითებული მუხლის პიეველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ნებისმიერი პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო – შესაბამისად საქართველოს შს სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ასეთ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს ადმინსტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.
ამასთან პალატა განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი არ შეიძლება გამოდიოდეს, როგორც მხარე სასამართლოში იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე ედავება გ. გ-ორს, როგორც თანამდებობის პირს, მხარედ მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან საპატრულო პოლიციის სამმართველო წარმოადგენს ამ უწყების სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მხარედ საქმეში ჩაებმება ზემოთმითითებული სამინისტრო, საქმე განხილული უნდა იქნეას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს სოლიდარულად შპს “ალია-ჰოლდინგისა და თბილისის საპატრულო პოლოციის მთავარი სამმართველოს უფროსისაგან ზიანის ანზრაურებას, შეუძლებელია საქმე გაიყოს ორ ნაწილად და ორივე მოპასუხის მიმართ საქმე განხილული უდა იქნეს ერთი სამართალწარმოების წესით.
ამდენად პალატამ უპირველეს ყოვლისა უნდა დაადგინოს მოპასუხის ვინაობა და ისე გადაწყვიტოს დავა. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არ დაადგინა თუ ვინ არის მოპასუხე და საქმე განიხილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. ც-ძე საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.