Facebook Twitter

¹ას-711-1084-05 31 იანვარი, 2007 წ

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ს. ე-ა” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი – სს „ .. .. ..“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის

ანაზღაურებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 30 ივლისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ს-მ მოპასუხე შპს „ს. ს. ე-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ .. .. ..“ გურიის ფილიალის 2004 წლის 30 ივნისის ¹43 ბრძანების გაუქმება და აღნიშნული ფილიალის ბაზაზე შექმნილ სტრუქტურულ ქვედანაყოფში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოგვიანებით მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა 2004 წლის 1 ივლისიდან იძულებითი განაცდური სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაც. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2002 წლიდან მუშაობდა შპს „ს. ს. ე-ის“ გურიის ფილიალში მოლარედ. 2004 წლის 29 მარტს გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. 2004 წლის 30 ივნისს ჩაიბარა ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რომელშიც გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო გურიის ფილიალის ლიკვიდაცია. მას მიაჩნდა, რომ იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, შრომის საკმაო სტაჟით და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე გააჩნდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება. მოსარჩელის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები, რაც მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველს წარმოადგენდა. შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე მას ასევე ეკუთვნოდა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 აგვისტოს განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა მოპასუხის იურიდიული მისამართის მიხედვით მდებარე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 3 ივნისის განჩინებით ნ. ს-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანიის სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ს. ე-მ“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 17 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ხელახლა განხილვისას შპს „ს. ე-ის“ შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულია სს „ .. .. ..“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს „ს. ს. ე-ის“ გურიის ფილიალის დირექტორის 2004 წლის 30 ივნისის ¹43 ბრძანება. აღდგენილი იქნა ნ. ს-ე სამუშაოზე შპს „ს. ს. ე-ის“ დასავლეთის ქსელის აფხაზეთის რეგიონში ბუღალტერის თანამდებობაზე. აუნაზღაურდა ნ. ს-ს ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის 2004 წლის 1 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე.

პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს. ს. ე-ში“ გურიის ფილიალის ლიკვიდაციით განხორციელდა ამ საწარმოს შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია, რაც თავისი იურიდიული ბუნებით და გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით არ წარმოადგენს საწარმოს ლიკვიდაციას და შესაბამისად არ არის საფუძველი მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ ამ დროს საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებული იყო მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნისას გაეთვალისწინებინა შრომის კანონთა კოდექსის 42-1, 42-2 და 36-ე მუხლების მოთხოვნები.

ასევე პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს. ს. ე-მ“ ფილიალების ლიკვიდაციისთანავე შემოიღო ახალი მენეჯმენტი და შექმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რის გამოც სასამართლოს აზრით, მას ჰქონდა მოსარჩელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ს. ე-მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი. სასასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის არ მოითხოვდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ს. ე-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ს. ე-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს. ს. ე-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.