ას-712-1042-07 1 ნოემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ბ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ გ. ბ-ისა და ს. მ-ის მიმართ _ 1471 ლარის დაკისრების შესახებ.
კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – გ. ბ-სა და ს. მ-ს მ. ხ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 1471 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს. მ-ს მ. ხ-ს სასარგებლოდ დაეკისრა _ 810 ლარის გადახდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. ხ-ს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. ხ-ს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 391-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.
საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, მ. ხ-ს სახელზე გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2007 წლის 5 ოქტომბერს, აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში მ. ხ-ს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.