Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №389აპ-16 ქ. თბილისი

ბ-ი გ. 389აპ-16 9 დეკემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

გამართლებულს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი გ. ბ-ს მიმართ და მის ნაცვლად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ გ. ბ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი