Facebook Twitter

ას-715-1045-07 15 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. ბ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ხ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ. ქ-ე, გ. ხ-ი, კ. ჯ-ე, შპს “.. ..”, ნოტარიუსი თ.ხ-ი (მოპასუხეები)

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. ქ-ის, გ. ხ-ს, კ. ჯ-ის, შპს „.. ..სა“ და ნოტარიუს თ. ხ-ს მიმართ და მოითხოვა 2005 წლის 14 იანვარს შპს “გ.ს” წარმომადგენელ გ. ქ-ს, გ. ხ-სა და კ. ჯ-ს შორის და, აგრეთვე, 2005 წლის 5 აპრილს კ. ჯ-ს, გ. ხ-სა და შპს “ .. ..” შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სიღნაღის რაიონის, დაბა ...ში, ... ქუჩა ¹34-ში მდებარე 630 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ აფთიაქის შენობაზე 2000 წლის 17 ივლისს განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1995 წლის 18 სექტემბერს .... აფთიაქის თანამშრომელთა კრების გადაწყვეტილებით აფთიაქის შენობა უნდა შეეძინა აფთიაქის შრომით კოლექტივს. შენობის პრივატიზების მიზნით, შეიქმნა დროებითი ამხანაგობაც. შენობის 7%-ის შესაბამისი თანხა ითვლებოდა შენობის 7%-ის თანამესაკუთრედ. ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმომწერ პირად კი მითითებულ იქნა ამხანაგობის წარმომადგენელი გ. ქ-ე, თუმცა ... მართვის სიღნაღის რაიონული განყოფილებამ, (რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს ...), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გასცა გ. ქ-ის სახელზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2005 წლის 14 იანვარს შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა გ. ქ-მ აფთიაქის შენობა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა გ. ხ-სა და კ. ჯ-ს 2005 წლის 12 იანვრის რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე, სადაც მესაკუთრედ მითითებული იყო გ. ქ-ე. 2005 წლის 5 აპრილს კ. ჯ-ისა და გ. ხ-ს მიერ აფთიაქის შენობა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „.. ..“ საჯარო რეესტრიდან 2005 წლის 9 მარტის ამონაწერის საფუძველზე, სადაც მესაკუთრედ მითითებული იყო გ. ქ-ე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის განჩინებით სასარჩელო განცხადებაში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველზე გაუქმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ცალკე წარმოებად გამოიყო.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ბ-ს სარჩელი 2005 წლის 14 იანვრისა და 2005 წლის 5 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა სიღნაღის რაიონის, დაბა წნორში ... ქ.¹34-ში მდებარეE 630 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული აფთიაქის შენობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორმა მიუთითა, რომ დაბა წნორში აფთიაქის შენობა გამოსყიდულ იქნა 1995 წელს, ხოლო სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბერს, ამდენად, ამავე კოდექსის 1507-ე და 1611-ე მუხლების შესაბამისად, 1995 წელს შეძენილ ქონებაზე სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 173-ე მუხლები.

2007 წლის 26 სექტემბერს ლ. ბ-მა წარმოადგინა განცხადება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ იმ მოტივით, რომ იგი უარს ამბობს სარჩელზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა ლ. ბ-ს განცხადება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ვინაიდან ლ. ბ-მა უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ბ-ს მოთხოვნა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები და შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.