¹ას-716-1089-06 11 იანვარი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ. ც-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 თებერვალს ნ. ც-მ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ 1968 წლიდან 1977 წლამდე მუშაობდა ...... კომბინატში ჩამომხსნელად. 1977 წელს მან მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შემდეგადაც შრომისუნარიანობა შეუმცირდა 90 პროცენტით და დაენიშნა ყოველთვიური სარჩო, რომელსაც იღებდა ვიდრე საწარმო გადახდისუუნარო გახდებოდა. გორის რაიონულ სასამართლოს 2004 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით აღნიშნული საწარმო გაკოტრებულ იქნა და ქონება გადაეცა .... . გამომდინარე იქიდან, რომ აღარ არსებობდა ის საწარმო, რომელიც აანაზღაურებდა მისთვის მიყენებულ ზიანს, ნ. ც-მ მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სადაც განუმარტეს, რომ სარჩოს მისაღებად საჭირო იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მან მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის თაობაზე, რომ სს ,, .. .. ..” მისთვის მისაკუთვნებელი თანხის ოდენობა განსაზღვროს ყოველთვიურად 54 ლარის ოდენობით და ასევე მიუღებელი სარჩო _ 9720 ლარის ოდენობით.
გორის რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ც-ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ნ. ც-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, თუ შეუძლებელია მათი დადგენა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთის აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩოს განსაზღვრა არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიას, შესაბამისად იგი განხილულ უნდა იქნეს არა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წესით, არამედ სასარჩელო წესით.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-მ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი, რადგან მისი განცხადების მოთხოვნა წარმოადგენს სწორედ იმ იურიდიული ფაქტის დადგენა, რომელზედაც დამოკიდებულია მისი ქონებრივი უფლების შეცვლა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ც-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.