ას-717-1016-09 25 სექტემბერი, 2009 წ.
¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. რ-იანი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-იანი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-იანმა და ვ. კ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში კ. და რ. რ-იანების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ავტომობილის გამოთხოვის, მიუღებელი სარგებლის _ 4500 ლარის, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის _ 1120 აშშ დოლარისა და ადვოკატის ხარჯების _ 800 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
ვ. კ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და უარი განაცხადა სარჩელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.დ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. და რ. რ-იანების მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტომანქანა ,,ფორდტრანზიტი” მიკროავტობუსი გამოშვებული 1989 წელს, სარეგისტრაციო ნომერი “ღAY 521”, საიდენტიფიკაციო ¹ჭFOVXXGBVVჟშ 45577 და გადაეცა მ.დ-იანს, კ.რ-იანს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 4500 ლარის გადახდა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. და კ. რ-იანებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. და რ. რ-იანების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც რ.რ-იანის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ავტომანქანა _ მიკროავტობუსი ,,ფორდტრანზიტი ბას” (გამოშვებული 1989 წელს, სარეგისტრაციო ნომერი _ “ღAY 521”, საიდენტიფიკაციო ნომერი ჭFOVXXGBVVჟშ 45577), რ.რ-იანს მ.დ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 4500 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რ.რ-იანს მ.დ-იანის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 135 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთის გამოთხოვის, თანხის _ 4500 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 135 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. რ-იანის წარმომადგენელმა მ. ნ-იანმა. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და რ.რ-იანს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 425 ლარის გადახდა ან მისი გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მის შვილს _ ლ. რ-იანს 2009 წლის 3 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. რ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში რ. რ-იანის საკასაციო საჩივარს 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 425 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის ან მისი გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გაიგზავნა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს 2009 წლის 3 სექტემბერს (ტ.II, ს.ფ.132).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, მხარის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე გაგზავნილი სასამართლო შეტყობინება იმ შემთხვევაშიც ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებულად, თუ სასამართლოში დასაბარებელი პირი მითითებულ მისამართზე არ იმყოფება და სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 4 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 7 სექტემბერს. ამ ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 74-ე მუხლით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. რ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.