ას-720-1050-07 26 დეკემბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირ “ქ...ს” გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ქ...ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ფართიდან გამოსახლება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ქ...ს“ დირექტორმა და მოპასუხედ დაასახელა თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირი „ქ...ი“ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹37ა-ში მდებარე შენობაში მოპასუხის მიერ დაკავებული ფართის გამონთავისუფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირი „ქ...ი“ გამოსახლებულ იქნა ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹37-ში მდებარე შპს „ქ...ს“ კუთვნილი ფართიდან და დადგენილ იქნა ამ გამონთავისუფლებული ფართის მოსარჩელისათვის ჩაბარება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირი „ქ...ს“ გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-მ.
2007 წლის 6 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის „ქ...ს“ გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას, შპს „ქ...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის „ქ...ს“ გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე ¹2/80-2007 წ.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის „ქ...ს“ გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-მ.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული მისი მოთხოვნა საქმის გადადების თაობაზე, მაშინ, როდესაც 2007 წლის 6 ივნისს იმყოფებოდა ავად, რის გამოც ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება, რასაც ადასტურებდა მის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი სამედიცინო ცნობა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც ჯანმრთელობის სამედიცინო ცნობაში, თითქოსდა სავალდებულო იყო მითითება, სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თავისუფალ ჟურნალისტა კავშირი “ქ...ს” გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-მ.
კასატორმა მიუთითა, რომ მას ექიმის მიერ დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი და ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. სააპელაციო სასასმართლომ კი არ გაითვალისწინა მისი ავადმყოფობა და არასწორად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის “ქ...ს” გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 6 ივნისს. მხარეები გაფრთხილებულ იქნენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი – ნ. დ-ე, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.128). აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. დ-მ, სადაც მიუთითა, რომ იგი საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო, ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. მან წარმოადგინა შპს „ქ...ს“ კლინიკური განყოფილების გამგის მიერ 2007 წლის 5 ივნისს გაცემული ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ ნ. დ-ე 2006 წლის 4 ივნისიდან, შპს „ქ...ს“ კლინიკურ განყოფილებაში გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას დიაგნოზით: ჰიპერტონული დაავადება მე-2, ჰიპერტონული კრიზი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად ითვლება მხარის ავადმყოფობა, რაც უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, აპელანტმა, თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის „ქ...ს“ გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-მ წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზებზე, მაგრამ რადგანაც მის მიერ, საქმეზე წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა არ შეიცავს სსსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილი წესით მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ავადმყოფობის გამო შეუძლებელი იყო ნ.დეისაძის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა არ მიეკუთვნება სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და სწორად გამოიტანა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. დ-ე სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის “ქ...ს” გამგეობის თავმჯდომარე ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.