Facebook Twitter

№403აპ-16 თბილისი

გ-ი ს. 403აპ-16 24 ოქტომბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2016 წლის 4 მაისს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ბრალდებულ ს. გ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და მასა და ს. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

2. ს. გ-ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ასევე სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ….. რაიონის სოფელ ….. 2016 წლის 23 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, ს. გ-მ სახეში ხელის დარტყმითა და ყელში ხელის მოჭერით იძალადა ცოლის არასრულწლოვან ძმაზე - მ. ა-ზე, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ს. გ-მ თმაში რამდენჯერმე მოქაჩვით ასევე იძალადა მ. ა-ს დაზე - რ. ა-ზე, არასრულწლოვან მ. ა-ს თანდასწრებით (აღნიშნული გარემოება პროკურორმა დააზუსტა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე), რის შედეგადაც და-ძმამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის შუამდგომლობა მასა და ს. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და საქმე დაუბრუნდა პროკურორს.

4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მასა და ს. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რითაც კანონმდებელმა ცალსახად დაიცვა არასრულწლოვნის ინტერესები, ვინაიდან მის თვალწინ მისივე ანუ არასრულწლოვნის ოჯახის წევრზე ძალადობა ფაქტობრივად არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობაა, რადგან ამ დროს მას უჩნდება დაუცველობის შეგრძნება. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდებულმა არასრულწლოვან მ. ა-ზე ფსიქოლოგიურად იძალადა მისი ოჯახის წევრზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობით. შედეგად, სახეზე გვაქვს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრზე - მ. ა-ზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. გარდა ამისა, აპელანტმა აღნიშნა, რომ არ მომხდარა ერთი ქმედების ორი სხვადასხვა მუხლით დაკვალიფიცირება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მასა და ს. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

5. საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის საკითხს (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).

6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შეფასებას და ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დისპოზიციას, რომლის თანახმად, დასჯად ქმედებად ითვლება: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად მიიჩნევს: „იგივე ქმედებას ჩადენილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ამ დანაშაულის სუბიექტი და ობიექტი იყვნენ ოჯახის წევრები. ხსენებული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ორივე ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ სწორედ - „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები და არა - „არასრულწლოვანი“ და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრი (რაზედაც აპელირებს ბრალდების მხარე).

7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. გ-მ („მოძალადე“), არასრულწლოვან მ. ა-ს თანდასწრებით, იძალადა ცოლის დაზე - რ. ა-ზე („ძალადობის მსხვერპლი“), თუმცა რ. ა-ი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, ს. გ-ს ოჯახის წევრს არ წარმოადგენს.

8. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულად გვევლინება არა მარტო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, არამედ არასრულწლოვანიც, რადგან იგი წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლს - მისი ოჯახის წევრზე ძალადობა მასაც უქმნის დაუცველობის შეგრძნებას და მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება -, პროკურორის განმარტებით, ამ შემთხვევაში დაზარალებულია არასრულწლოვანი მ. ა-ი და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის - ს. გ-ს მიერ ოჯახის მეორე წევრზე - მ. ა-ზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, საკასაციო პალატა ამასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია სცილდება როგორც ბრალდების, ისე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დისპოზიციის ფარგლებს, რადგან ხსენებული კვალიფიკაციით დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობა მიმართულია არა უშუალოდ არასრულწლოვნის, არამედ მისი თანდასწრებით, მოძალადის ოჯახის წევრის მიმართ.

9. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ორივე ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარემ ს. გ-ს ერთი და იმავე ქმედების გამო ორმაგი პასუხისმგებლობა დააკისრა - სისხლის სამართლის კოდექსის ორი სხვადასხვა მუხლით.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად და საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 192-ე, 213-ე, 300-309-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი