Facebook Twitter

¹ას721-1094-06 22 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ყა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 3 მაისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ლ-მა და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება შემდეგი მოტივით: 1986 წლიდან 2000 წლის 20 დეკემბრამდე მუშაობდა „ .. .. ..“ ქ. თელავის ¹... ტრესტში ჯერ მძღოლად, ხოლო 1993 წლის 29 დეკემბრიდან დარაჯად, 1997 წლიდან 1998 წლამდე მოპასუხე მის ოჯახს თვეში აძლევდა ერთ ტომარა ფქვილს და პირდებოდა, რომ 1998 წლის 1 იანვრიდან მას გადაუხდიდა ყოველთვიურად ხელფასს 150 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს დანაპირები არ შეუსრულებია, უფრო მეტიც, 2000 წლის 20 დეკემბერს ო. ყა-მა იგი უკანონოდ გაანთავისუფლა სამსახურიდან, არ გაუსწორა საბოლოო ანგარიში, რაც დღეისათვის შეადგენს 5950 ლარს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მატერიალური პასუხისმგებლობა ხელფასის 3 თვის სარგოს – 600 ლარისა და მიუღებელი ხელფასის 5950 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ იყო ბრძანებით დარაჯად დანიშნული და არც ხელფასი ჰქონდა განსაზღვრული და შესაბამისად კანონით დადგენილი ვალდებულება მათ შორის არ არსებობდა.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მასარჩელემ შეამცირა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ მიუღებელი ხელფასის 5950 ლარის ანაზღაურება.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ო. ყა-ი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს და მას არ ეკისრება არანაირი ვალდებულება, ვინაიდან 1999 წელს „ .. .. ..“ თელავის ... სამმართველოს უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცა სახელმწიფო ქონების მართვის თელავის რაიონულ სამმართველოს შემდგომი რეალიზაციის მიზნით და შესაბამისად 2000 წლის 20 დეკემბერს ბრძანება ¹1-ის თანახმად თელავის ... უბანი გაუქმებული იქნა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეყილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დეფინიციის მიხედვით სასამართლო, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მითითებულ მოპასუხეს არასათანადოდ მიიჩნევდა ვალდებული იყო მიეღო შესაბამისი დასაბუთებული პროცესუალური აქტი (განჩინება) მოსარჩელის მიერ დასახელებული თავდაპირველი მოპასუხის არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ; ამის შემდეგ სასამართლო ვალდებული იყო შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის მის მიერ არასათანადოდ მიჩნეული მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული არ იყო პროცესუალური აქტი ო. ყა-ის არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ და ასევე სარჩელზე სათანადო მოპასუხედ თელავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამართველოს მიჩნევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორის აზრით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-8 აბზაცში მითითებულია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გააფრთხილა მოსარჩელე სათანადო მოპასუხის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, იგივე შეცდომა გაიმეორა სააპელაციო სასამართლომ, როდესაც არ განმიმარტა მისალოდნელი შედეგის დადგომა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.