Facebook Twitter

ას-722-1051-07 30 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “.. ..ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 21 ივნისს შპს “.. ..ის” ფილიალ “ხაშურის ...” ყოფილმა თანამშრომელმა კ. ნ-მ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს შპს “.. ..ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე თანხის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის განმარტებით, წლების მანძილზე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში. შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც იღებდა სარჩოს. სხვადასხვა წლებში ორგანიზაციაში მიმდინარე ხელფასების გაზრდის საფუძველზე, მოხდა სარჩოს გადაანგარიშებაც. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ გადაანგარიშება მოხდა არასწორად, იგი დაჯილდოებული იყო “საპატიო ... ნიშნით”, რაც ითვალისწინებდა ხელფასზე 20%-იანი დანამატის დარიცხვას, რაც მოპასუხემ მის სარჩოს არ დაარიცხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ნ-მ მოითხოვა შპს “.. ..ისათვის” მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “.. ..ს” მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა მიუღებელი სარჩოს 15%, ხოლო 20%-იანი დანამატის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით “საპატიო ...ის” 20%-იანი დანამატის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოთა მიერ და, ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს “.. ..ს” მოსარჩელე კ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის პირველი იანვრიდან 2007 წლის მარტის ჩათვლით მიუღებელი საპატიო ...ის დანამატი ერთდროულად 3392 ლარის და 83 თეთრის ოდენობით. შპს “.. ..ს” კ. ნ-ის სასარგებლოდ 2007 წლის აპრილის თვიდან დაეკისრა ყოველთვიურად საპატიო ...ის დანამატის გადახდა იმავე თანრიგის მემანქანის ხელფასის 20%-ის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ კ. ნ- საწარმოო ტრავმის გამო 1999 წლიდან საწარმოდან იღებდა სარჩოს სადავო 20%-იანი დანამატის გათვალისწინებით, რომლის გადახდაც 2003 წლიდან მოპასუხემ შეუწყვიტა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ იგი დაჯილდოებულია “საპატიო ...ის” ნიშნით და საპატიო ...ის ნიშნის შესახებ დებულების 4.1.5. პუნქტის თანახმად, იღებდა 20%-იან სახელფასო დანამატს მუშაობის პერიოდში.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით სასამართლომ დაადგინა, რომ დანამატის ოდენობა იცვლება ხელფასის ცვლილებასთან ერთად.

მოპასუხის 2007 წლის 12 აპრილის ცნობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთდროულად 2003 წლის პირველი იანვრიდან 2007 წლის მარტის თვის ჩათვლით კ. ნ-ის მიუღებელი “საპატიო ...ის ნიშნით” დაჯილდოების გამო 20%-იანი სახელფასო დანამატი შეადგენდა 3392,83 ლარს.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-13 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კ. ნ-ის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “.. ..მ” მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, შპს “.. ..ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “.. ..ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “.. ..ის” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “.. ..ის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.