Facebook Twitter

¹ას-722-1095-06 10 აპრილი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჟ. ო-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ., ი. და ა. ს-ები, შ., ზ. და ხ. ო-ები, მ. თ-ი, გ. კ-ე, ლ. ქ-ი, მ. ჯ-ი, ნ. მ-ა, ლ. წ-ა, გ. ი-ა, დ. ჭ-ე, ზ. ქ-ე, ა. წ-ა და ვ. კ-ე (მოპასუხეები)

დავის საგანი _ მიწაზე საზიარო უფლების გაუქმება და საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან წილის ნატურით გამოყოფა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჟ. ო-მ 2004 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: მ., ი. და ა. ს-ების, შ., ზ. და ხ. ო-ების, მ. თ-ს, გ. კ-ის, ლ. ქ-ს, მ. ჯ-ს, ნ. მ-ს, ლ. წ-ს, გ. ი-ს, დ. ჭ-ის, ზ. ქ-ის, ა. წ-ს და ვ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება და რეალური წილის ნატურით გამოყოფა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მის საკუთრებას წარმოადგენს საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ.თბილისში, ბ-ს ქ. ¹9-ში ლიტერ “ბ” 97 კვ.მ ოდენობით. საჯარო რეესტრის მონაცემებით. იგი ამავე მისამართზე მდებარე 1830 კვ.მ მიწის ნაკვეთის საერთო მესაკუთრეა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ამავე მისამართზე ლიტერ “ა”-ში მცხოვრები მოპასუხეები. 2003 წლის 6 აგვისტოს საინვენტარიზაციო გეგმით ქ.თბილისში, ბ-ს ქ. ¹9-ში მდებარე 1830 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეა. ნაწილში დადგენილი არ არის და სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი. მოსარჩელის მითითებით, მისი საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს აღნიშნულ მისამართზე მდგომ ცალკე შენობას. მის ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი ბინის საერთო საკუთრებაში არსებული ეზოდან გამოყოფასთან დაკავშირებით მიმართა მეასაკუთრეებს, რაზეც უარი მიიღო. მოსარჩელემ საზიარო უფლების გაუქმება მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 961-ე და 963-ე მუხლების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ჟ. ო-ის სარჩელი საზიარო უფლების გაუქმებასა და წილის ნატურით გამოყოფასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ო-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ჟ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატაში ჟ. ო-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები, რომლებსაც უწყება ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების ნორმათა დაცვით. ჟ. ო-მ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ჟ. ო-სა და ქ.თბილისში, ბ-ს ქ. ¹9-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლი, რადგან ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი ჟ. ო-სა და ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს და სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩათვალა, რომ მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში არსებულ ფართზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას და შესაბამისად, შეუძლებელია საზიარო უფლების გაუქმება სადავო მიწის ნაკვეთზე სამოქალაქო კოდექსის 954-968-ე მუხლების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად ზემოთმითითებუული გარემოების არარსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია საზიარო უფლების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჟ. ო-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლით და მისი სარჩელი უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს. არასწორია ასევე საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაც.

კასატორის განმარტებით, მის საკუთრებას წარმოადგენს ლიტ „ბ“ და „გ“ ნაგებობები, ხოლო მოპასუხეთა საკუთრებაა ლიტ „ა“ და „ვ“ ნაგებობები. ამიტომ კასატორის მოსაზრებით, მის საცხოვრებელ ბინაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის ნორმები. პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში მოპასუხეები არ გამოცხადებულან და სასამართლოს არ მოუსმენია მათი მოსაზრებები; სასამართლოს არ მოუსმენია ექსპერტის განმარტება, ისე დაეყრდნო მის დასკვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჟ. ო-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინება და ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია რომ, ქ.თბილისში, ბ-ს ქ. ¹9-ში მდებარე 1830 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ჟ. ო-სა და მოპასუხეთა საერთო საკუთრებას. მოპასუხეები ცხოვრობენ იმავე მისამართზე მდებარე ცალკე მდგომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა სააპელაციო პალატაში ჟ. ო-ს სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარეები, რომლებსაც უწყება ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ჟ. ო-მ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩლეს მის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც სასამართლო არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება. სასამართლომ ასეთ შემთხვევაში დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება უნდა მისცეს. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სხდომაზე გამოცხადებული მხარის ჟ. ო-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად არასწორად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც დაუშვებელია სადავო მიწის ნაკვეთის გაყოფა.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მოითხოვა კუთვნილი წილის ნატურით გამოყოფა სამოქალაქო კოდექსის 961-ე და 963-ე მუხლების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთის მხრივ ჟ. ო-ის და მეორეს მხრივ, მოპასუხეთა, როგორც მრავალ ბინიანი სახლის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, ამიტომ მათ შორის დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს არა სამოქალაქო კოდექსის საზიარო უფლებების შესაბამისი ნორმები, არამედ იმავე კოდექსის 208-ე მუხლი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ჟ. ო-ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისას ყურადღება უნდა გაემახვილებინა არა იმ გარემოებაზე, რომ მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეთა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე დასაშვებია თუ არა ასეთი უფლების გაუქმება, არამედ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი; ამ მუხლში აღნიშნულია, რომ საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. სააპელაციო სასამართლოს სწორედ ამ ნორმის შესაბამისად უნდა შეემოწმებინა ჟ. ო-ის სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა მის სასარჩელო მოთხოვნას

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე “ ქვეპუნქტის თანახმად უნდა გაუქმდეს და მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.