საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №409აპ-16 ქ. თბილისი
ბ. ბ-ა, 409აპ-16 23 დეკემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ბ. ბ-ის, ბ. ჭ-სა და გ. შ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ხ-სა და დ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ-, – დაბადებული ----ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, ხოლო 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და მე-7 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით ბ. ჭ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე და გ. შ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3-3 წლით, ხოლო 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2015 წლის 30 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ ბ. ბ-ის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და მე-7 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო მსჯავრდებულების – ბ. ჭ-სა და გ. შ-ვის შერაცხული ქმედებები – სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების – ბ. ბ-ის, ბ. ჭ-სა და გ. შ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ხ-სა და დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე