საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-72-356-08 8 ივლისი, 2008წ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტო, წარმომადგენელი შ. კ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ც-ძე; სს “ტ-ი” (მოპასუხე)
მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დანიშვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა და უკანონოდ გაცემული თანხის სახელმწიფოსათვის დაბრუნება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20..წ. . მარტს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა მოპასუხეების _ ს. ც-ძის, სს “ტ-ის” გაკოტრების მმართველის, მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ს. ც-ძისათვის სარჩოს დანიშვნის შესახებ სს “ტ-ის” 20..წ. .. აპრილის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობა და უკანონოდ გაცემული თანხის სახელმწიფოსათვის დაბრუნება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
“საქნახშირის” დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ....წ. .. ოქტომბრის ¹4..-ა ბრძანებულების მე-6 პუნქტის თანახმად, “საქნახშირის” შახტებში ..92 წლამდე დასაქმებული მუშაკებისათვის ტრავმით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ახორციელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. “საქართველოს ....წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-.. მუხლის თანახმად, “საქნახშირის” სისტემის შახტებში ..92 წლამდე მომხდარი ავარიების შედეგად დასახიჩრებულ და დაავადებულ მუშაკებზე დანიშნულ რეგრესულ პენსიებს ....წ. განმავლობაში სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი გასცემდა დეპარტამენტ “საქნახშირის” გაანგარიშების საფუძველზე.
“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ..99 წლის 9 თებერვლის ¹48 და “სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20..წ. .. დეკემბრის ¹558 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, 2006 წლიდან სახელმწიფოს ..0%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოებში დაზარალებულთა აღრიცხვის, სარჩოს გაანგარიშებისა და ზიანის ანაზღაურების ფუნქცია დაეკისრა ფონდს. მოსარჩელის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სარჩოს კანონსაწინააღმდეგოდ დანიშვნის გადაწყვეტილებები, მათ შორის, ს. ც-ძესთან მიმართებაში.
სს “ტ-ის” ადმინისტრაციის 2002 წლის .. აპრილის ¹51 ბრძანებით მოპასუხე ს. ც-ძეს დაენიშნა სარჩო მარჩენალი მეუღლის გარდაცვალების გამო. ს. ც-ძის მეუღლე რ. ც-ძე გარდაიცვალა 20..წ. 1 იანვარს. საქართველოს პრეზიდენტის ..99 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მეოთხე თავის შესაბამისად, გარდაცვლილი მარჩენალის ოჯახის შრომისუუნარო წევრებს ზიანი უნაზღაურდებათ, თუ მარჩენალის გარდაცვალება გამოწვეულია შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით. პირის გარდაცვალების მიზეზობრივ კავშირს ადგენდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურო დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში. მოპასუხის მეუღლის _ რ. ც-ძის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი წარმოებაში მომხდარ ტრავმასთან ს. ც-ძის პირად საქმეში დაფიქსირებული არ არის, რაც ს. ც-ძისათვის სარჩოს დანიშვნის შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. ს. ც-ძეს ისე დაენიშნა სარჩო, რომ მისი მარჩენალი მეუღლის გარდაცვალებაში სახელმწიფოს ბრალეულობა არ არის დადგენილი. აღნიშნულის გამო ს. ც-ძე წლების განმავლობაში არასწორად იღებდა მეუღლის გარდაცვალების გამო დანიშნულ სარჩოს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია (ს.ფ. 5-6).
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა. უკანონოდ იქნა ცნობილი სს “ტ-ის” 20..წ. .. აპრილის ¹51 ბრძანება ს. ც-ძისათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სარჩოს დანიშვნის შესახებ. მოპასუხეებს _ სს “ტ-ს” და ს. ც-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ამ ბრძანებით უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხის სსიპ საქართველოს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ ანაზღაურება.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ..66 წლის .. ივლისს მოპასუხის მეუღლემ რ. ც-ძემ მიიღო საწარმოო ტრავმა _ მოტეხილობა მარჯვენა ფეხის ბარძაყის არეში. მოპასუხე სს “ტ-ი” მას უნაზღაურებდა ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანს ყოველთვიური სარჩოს სახით. 20..წ. 1 იანვარს რ. ც-ძე გარდაიცვალა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით. სს “ტ-ის” ადმინისტრაციამ 20..წ. .. აპრილის ¹51 ბრძანებით მოპასუხე ს. ც-ძეს დაუნიშნა სარჩო მეუღლის გარდაცვალების გამო ისე, რომ დადგენილი არ ყოფილა კავშირი საწარმოში მიღებულ ტრავმასა და გარდაცვალების მიზეზს შორის.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე სს “ტ-ის” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსი და “შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ..99 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება ზიანის ანაზღაურებისათვის მიზეზობრივი კავშირის დადგენას არ მოითხოვს. სამოქალაქო კოდექსის 992 –ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ზიანის მიმყენებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ პირობებს: სახეზე უნდა იყოს ზიანი; იგი გამოწვეული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის; ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ერთ-ერთი ამ ელემენტის, კერძოდ, მიზეზობრივი კავშირის არარსებობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, მოცემულ შემთხვევაში ტრავმით მიყენებულ ზიანსა და გარდაცვალებას შორის, გამორიცხავს პირის (საწარმოს) პასუხისმგებლობას. შესაბამისად, 20..წ. .. აპრილის ¹51 ბრძანება ს. ც-ძისათვის მარჩენალის გარდაცვალების გამო სარჩოს დანიშვნის შესახებ უკანონოა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 20..წ. .. აპრილის ¹51 ბრძანების საფუძველზე ს. ც-ძე იღებდა ყოველთვიურ სარჩოს 20..წ. აპრილის თვიდან, მაშინ როდესაც ამის ვალდებულება მოპასუხე სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს არ გააჩნდა. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდეგში. ამ ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხა დაბრუნებულ უნდა იქნეს მოპასუხე სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდის სახაზინო ანგარიშზე როგორც უსაფუძვლოდ მიღებული ქონება (ს.ფ. 45-46).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, პირველ რიგში, სასამართლოს სარჩელზე უარი უნდა ეთქვა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. სადავოა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და სამოქალაქო კოდექსის 1..-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. გარდა ამისა, საწარმოო ტრავმასა და დაზარალებულის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას არ ითვალისწინებს იმ დროს მოქმედი კანონი და არც ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებაში შეტანილ იქნა დამატება 2003 წელს, რომლითაც გათვალისწინებული იყო სპეციალური დასკვნის აუცილებლობა, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას ვერ გავავრცელებთ ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე.
აპელანტის მოსაზრებით, ასევე უკანონოა გადაწყვეტილება მიღებული სარჩოს უკან დაბრუნების ნაწილშიც. საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების 61-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხები შეიძლება ამოღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე. ასეთს კი მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარის სარჩელი წარმოებაში არც უნდა მიეღო, რადგან სოცფონდი არ იყო მაშინდელი ურთიერთობების მონაწილე, სარჩოს დანიშვნას, გაცემას, გაანგარიშებას ახორციელებდა სს “ტ-ი”. სოცფონდის მეშვეობით ხდებოდა მხოლოდ სარჩოს ჩარიცხვა, რის გამოც სოცფონდი სადავო ურთიერთობის მხარე არ არის. აღნიშნული გარემოება ასევე წარმოადგენდა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს (ს.ფ.48).
ქ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 20..წ. .. აგვისტოს გადაწყვეტილება, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არ დაეთანხმა ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის ..99 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი არ ითვალისწინებდა სარჩოს დანიშვნისათვის მიზეზობრივი კავშირის დადგენას. გარდა ამისა, აღნიშნული წესის 61-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხები შეიძლება ამოღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე ანგარიშში შეცდომის გაპარვის ან მონაცემების დამალვის შემთხვევაში, რამაც გავლენა იქონია ზიანის თანხის ოდენობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ყალბი დოკუმენტის გაცემას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, არ უნდა მოხდეს გაცემული თანხების უკან დაბრუნება (ს.ფ. 83-86).
ქ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (წარმომადგენელი შ. კ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ “საქნახშირის” დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ....წ. .. ოქტომბრის ¹4.. ბრძანებულების მე-6 პუნქტის თანახმად, “საქნახშირის” დეპარტამენტის შახტებში ..92 წლამდე დასაქმებული მუშაკისათვის ტრამვით გამმოწვეული ზარალის ანაზღაურებას ახორციელებდა საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისიტრო და სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. “საქართველოს ....წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-.. მუხლის თანახმად, საქნახშირის სისტემის შახტებში ..92 წლამდე მომხდარი ავარიების შედეგად დასახიჩრებულ და დაავადებულ მუშაკებზე დანიშნულ რეგრესიულ პენსიებს ..97 განმალობაში სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი გასცემდა “საქნახშირის” გაანგარიშების საფუძველზე ფონდსა და “ტ-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად. 2006 წლიდან “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ..99 წლის 9 თებერვლის ¹48 და “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20..წ. .. დეკემბრის ¹558 ბრძანებულებებში ცვლილებებისა და დამატებების თანახმად ..0%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოებში დაზარალებულთა აღრიცხვის, სარჩოს გაანგარიშებისა და ზიანის ანაზღაურების ფუნქცია დაეკისრა ფონდს. ამის შემდეგ ფონდმა სარჩოს დანიშვნის კანონიერების დადგენის მიზნით ჩაატარა მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა სარჩოს კანონსაწინააღმდეგოდ დანიშვნის გადაწყვეტილებები, მათ შორის, სს “ტ-ის” ადმინისტრაციის 20..წ. .. აპრილს ¹51 ბრძანება ს. ც-ძისათვის სარჩოს დანიშვნის შესახებ.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის მოტივად არასწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულება და აღნიშნული ბრძანებულების 61-ე მუხლი. ¹48-ე ბრძანებულების მე-4 თავის სათაურს _ “ზიანის ანაზღაურება მარჩენალის გარდაცვალებისას” მოგვიანებით დაემატა სიტყვები: “თუ გარდაცვალების მიზეზი გახდა ორგანიზაციაში მიღებული ტრავმა”, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ბრძანებულების 46-ე მუხლი, რომელიც იმ დროს მოქმედი იყო. ამ მუხლის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიაზე შემოწმებისათვის გაგზავნა ხდება დამქირავებლის, პროფკავშირის, სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულების, სასამართლოს ან პირადად დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, ორგანიზაციაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტის ან სხვა საბუთის თანდართვით, რომელიც ადასტურებს უბედური შემთხვევის კავშირს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან. ს. ც-ძისათვის სარჩოს დანიშვნის დროს მოქმედი საექიმო-საექსპერტო კომისიის დებულების მე-.. მუხლის მე-3 აბზაცით საექიმო-საექსპერტო კომისია ვალდებული იყო დაედგინა, რა მიზეზობრივი კავშირი არსებობდა მარჩენალის სიკვდილსა და საწარმოო ტრავმას, პროფესიულ დაავადებასა და სხვა გარემოებებს შორის გარდაცვლილის ოჯახის წევრებისათვის პენსიის დანიშვნისა და ზარალის ანაზღაურების საკითხის გადასაწყვეტად (ს.ფ. ..2-..4).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
..66 წლის .. ივლისს მოპასუხე ს. ც-ძის მეუღლემ რ. ც-ძემ მიიღო საწარმოო ტრავმა _ მოტეხილობა მარჯვენა ფეხის ბარძაყის არეში. მოპასუხე სს “ტ-ი” რ. ც-ძეს უნაზღაურებდა ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანს ყოველთვიური სარჩოს სახით. 20..წ. 1 იანვარს რ. ც-ძე გარდაიცვალა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით. სს “ტ-ის” ადმინისტრაციამ 20..წ. .. აპრილის ¹51 ბრძანებით მოპასუხე ს. ც-ძეს დაუნიშნა სარჩო მეუღლის გარდაცვალების გამო ისე, რომ დადგენილი არ ყოფილა მიზეზობრივი კავშირი საწარმოში მიღებულ ტრავმასა და გარდაცვალების მიზეზს შორის.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ..99 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის 2003 წლამდე მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა სარჩოს დანიშვნისათვის მიზეზობრივი კავშირის დადგენას.
სამოქალაქო სამართალი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საკითხის განსაზღვრისას ემყარება ზიანის დადგომის, მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ბრალის, ასევე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის ერთობლივად არსებობის აუცილებლობას. აღნიშნული ოთხი ელემენტიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობას, ამდენად, თუ პირის გარდაცვალება დაკავშირებული არ არის საწარმოო ტრავმასთან, ორგანიზაციის პასუხისმგებლობა გამორიცხულია და, შესაბამისად, არც გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის სარჩოს დანიშვნის ვალდებულება არსებობს. ამდენად, არ შეიძლება ზემოაღნიშნული ბრძანებულებით რეგულირებული ურთიერთობა შევაფასოთ სამოქალაქო კოდექსისაგან განყენებულად, რომლის 992-ე მუხლი ზიანის ანაზღაურებისათვის ერთ-ერთ სავალდებულო პირობად სწორედ მიზეზობრივი კავშირის დადგენას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აღნიშნული ბრძანებულების მე-3-5 მუხლები პირდაპირ მიუთითებს ზიანის ანაზღაურების პირობად დამქირავებლის ბრალზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” ბრძანებულების ნორმები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს, თუ საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ან არსებობს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოსაკვლევია, არის თუ არა რ. ც-ძის გარდაცვალება მიზეზობრივ კავშირში საწარმოო ტრავმასთან.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ს. ც-ძის შესაგებლისა და სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ ძირითად მოტივს წარმოადგენდა სარჩელის ხანდაზმულობა, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს კანონისმიერ ისეთ ვალდებულებით ურთიერთობას, რომლის მიმართაც სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას. ამის გამო ამ შემთხვევაში მის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 1..-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი საერთო ხანდაზმულობის ..-წლიანი ვადა უნდა გავრცელდეს, რისი გათვალისწინებითაც სარჩელი ხანდაზმული არ არის.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას _ ზიანის ასანაზღაურებლად გაცემული თანხების დაბრუნებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
საქართველოს პრეზიდენტის ..99 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 61-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხები შეიძლება ამოღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე ანგარიშში შეცდომის გაპარვის ან მონაცემების დამალვის შემთხვევაში, რამაც გავლენა იქონია ზიანის თანხის ოდენობაზე. დავის განხილვისას მოსარჩელეს არ მიუთითებია თანხის დაბრუნების არც ერთი ზემოჩამოთვლილი საფუძველი, ამასთან, თუნდაც საქმის ხელახალი განხილვისას დადგინდეს საწარმოო ტრავმასა და რ. ც-ძის გარდავალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა, აღნიშნული გარემოება სარჩოს სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნების საფუძველი ვერ გახდება, ამდენად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 4..-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება სს “ტ-ის” 20..წ. .. აპრილის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
ქ.ს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20..წ. .. დეკემბრის გადაწყვეტილება ს. ც-ძისათვის უსაფუძვლოდ დარიცხული და გაცემული თანხების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.