Facebook Twitter

¹ას-727-1055-07 24 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი

დ. ნ-ი და ი. ნ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2000 წლის 7 ოქტომბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ე. ნ-ი და ... წლის ... დეკემბერს დაბადებული ლ. ნ-ი. მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ... ქუჩის პირველ ჩიხში.

2006 წლის მაისიდან დ. ნ-ი, ოჯახური უსიამოვნების გამო უმცროს ქალიშვილთან – ლ-სთან ერთად წამოვიდა მოპასუხის ოჯახიდან და ცხოვრობს ქ.ხაშურში, ... ქ. ¹18-ში. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტა, ვინაიდან მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებლად მიაჩნია, ასევე შვილის ე-ს აღსაზრდელად გადმოცემა, თითოეულ შვილზე 50-50 ლარის ალიმენტის დაკისრება, აგრეთვე, გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული ლ-ს მკურნალობის ხარჯებში მონაწილეობის მიღება, კერძოდ, ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა და მზითევის, ავეჯის, ე.წ. „კედლის“, ორადგილიანი საწოლის, 2 ცალი ხალიჩისა და კედლის დიდი სარკის დაბრუნება.

მოპასუხე ი. ნ-მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ თანახმაა განქორწინებაზე, მზითევის სრულად დაბრუნებაზე, რაც შეეხება ორი შვილის ალიმენტის გადახდას, შვილის მკურნალობის ხარჯების სარჩელს, ამ ნაწილში არ სცნობს.

სასამართლომ მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების მეშვეობით შეისწავლა და შეამოწმა მხარეთა ოჯახური პირობები და დაადგინა, რომ ორივე ოჯახში ბავშვების აღსაზრდელად არის ნორმალური პირობები.

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2006 წლის 27 ნოემბრის ¹79 დასკვნით ორივე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით მიზანშეწონილადაა მიჩნეული, რომ ისინი იზრდებოდნენ დედასთან, ხოლო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული რესურსცენტრის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹... დასკვნით და ამავე რესურსცენტრის სპეციალისტ ნ. ჭ-ის განმარტებით, მიზანშეწონილადაა მიჩნეული შვილები იზრდებოდნენ ორივე მშობელთან, რადგან მცირეწლოვან ე-ს ემოციური კავშირი აქვს როგორც დედასთან, ასევე მამასთან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ი. ნ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ნ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ი. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო იღებს წარმოებაში საკასაციო საჩივარს ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 151-153). განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კასატორ ი. ნ-ს გაეგზავნა 2007 წლის 4 ოქტომბერს (ს.ფ. 154); კასატორს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 5 ოქტომბერს (ს.ფ. 156); კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მას საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.