საქმე №ას-728-1098-06 12 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ნ. გ-ე-ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ზ-ე, ა. და გ. გ-ები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, ანდერძის, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-ე-გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის მიმართ საკუთრებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1974 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა დ. ს-ე. ოჯახში დარჩა დედინაცვალი თ. გ-ე, რომელიც დ. ს-სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც ნ. ს-ე-გ-მ მიმართა სასამართლოს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1978 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო, თუმცა მოსარჩელე იძულებული იყო, დაეტოვებინა სახლი და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხე საკუთრებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევდა.
2004 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა მოპასუხე თ. გ-ე, რომლის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი ძმა გ. გ-ე.
ნ.ს-გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ასევე დ. ზვ-ის, ა. და გ. გ-ების მიმართ, რომლითაც მოითხოვა თ. გ-ის ანდერძის, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
გ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს დის _ თ. გ-ის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ იმ მოტივით, რომ ავადმყოფობისა და მოხუცებულობის გამო სამკვიდრო დროულად ვერ მიიღო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ე-გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 31 აგვისტოს ანდერძი, 2005 წლის 19 მაისის №2-74 სამკვიდრო მოწმობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერი საკომლო მეურნეობის მესაკუთრედ დ. ზ-სა და ა. გ-ის ცნობის თაობაზე, გ. გ-ე ცნობილ იქნა თ. გ-ის კანონისმიერ მემკვიდრედ და სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდა, ხოლო მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. გ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით ნ. ს-ე-გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ს-ე და გ. გ-ის და _ თ. გ-ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. პალატამ ასევე დაადგინა, რომ თ. გ-ე გახდა კომლის წევრი, ხოლო მოგვიანებით სოფელ ... არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი როგორც ტექინვენტარიზაციის ბიუროში, ასევე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი მეუღლის შთამომავლები მეორე მეუღლის კანონისმიერ მემკვიდრეებს არ წარმოადგენენ, ამდენად, ნ. ს-ე-გ-ე თ. გ-ის სამკვიდრო ქონებაზე ვერ ჩაითვლება მემკვიდრედ. პალატამ იხლმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებით და მიუთითა, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ აწ გარდაცვლილი თ. გ-ის სამკვიდრო ქონება ოდესმე ნ. ს-ე-გ-ის მამის ინდივიდუალური საკუთრება იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ს-ე-გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ გ. გ-მ სამკვიდროს მიღების ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა და აღნიშნული ვადა მხარეს არასწორად აღუდგინა. სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, სადავო ანდერძის შინაარსი, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი. აღნიშნულით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 244-ე და 249-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ე-გ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ თვლის, რომ ნ. ს-ე-გ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სამემკვიდრეო დავებიდან წარმოშობილ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 21 ივნისის განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1319-ე, 183-ე, და 311-ე მუხლები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ს-ე-გ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ს-ე-გ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გოგიშვილი
მოსამართლეები: ნ. კვანტალიანი
მ. ცისკაძე