Facebook Twitter

¹ას729-1099-06 17 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “ .. .. ..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ე, ჯ., ე. და ა. ბ-ეები, ი. ქ-ი და ნ. ღ-ე (მოსარჩელეები)

მესამე პირი --- ... ინსპექცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – არასწორად დაბეგრილი თანხების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 27 ოქტომბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელეებმა ლ. ლ-მ, ჯ., ე. და ა. ბ-ებმა, ი. ქ-მა და ნ. ღ-მ სარჩელი აღძრეს შპს “ .. .. ..“ მიმართ არასწორად დაბეგრილი საშემოსავლო თანხების გადახდის დაკისრების შესახებ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ბ-ები და ქ-ი ცხოვრობენ ხარაგაულის რაიონის სოფელ წ-ში , ხოლო ნ. ღ-ე ამავე რაიონის სოფელ გ-ში. ისინი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხე ორგანიზაციასთან. აღნიშნული სოფლები განეკუთვნებიან მაღალმთიან რეგიონებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ბუღალტერია ყოველთვიურად ახდენდა მათი შემოსავლის დაბეგვრას, ამჟამად არიან უმუშევრები, მათი შრომითი ურთიერთობა მოპასუხე ორგანიზაციასთან შეწყდა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად მათი არაერთი თხოვნისა, რომ დაებრუნებინათ არასწორად დაბეგრილი თანხები, მოპასუხე ორგანიზაცია უარს აცხადებს აღნიშნული თანხების დაბრუნებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა არასწორად დაბეგრილი საშემოსავლო თანხის გადახდა, თითოეულისათვის შემდეგი ოდენობით: ლ. ლ-ის სასარგებლოდ – 615,10 ლარი; ჯ. ბ-ის სასარგებლოდ --- 357,50 ლარი; ე. ბ-ის სასარგებლოდ – 1252,81 ლარი; ი. ქ-ის სასარგებლოდ – 717,40 ლარი; ა. ბ-ის სასარგებლოდ – 740,30 ლარი და ნ. ღ-ის სასარგებლოდ – 1149,41 ლარი.

მოპასუხე შპს “.. .. ..“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო თანხა ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში და ამიტომაც აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს არა შპს „ .. .. ..“, არამედ ... ინსპექციას. ამასთან მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს „ .. .. ..“ სადავო თანხების დაკისრების შემთხვევაში უნდა მოხდეს შესაბამისი ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტთან.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ .. .. ..“ ლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 615,10 ლარის, ჯ. ბ-ის სასარგებლოდ 357 ლარის, ე. ბ-ის სასარგებლოდ 1252,85 ლარის, ი. ქ-ის სასარგებლოდ 717 ლარის, ა. ბ-ის სასარგებლოდ 740,30 ლარის გადახდა, ხოლო ნ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 649,82 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე შპს „ .. .. ..“, მოითხოვა გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ .. .. ..“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ თანხების გადახდის პროცესში სახელმწიფო ბიუჯეტთან სათანადო ანგარიშსწორების განხორციელების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

პალატამ მიიჩნია, რომ ‚საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი არის არა ... ინსპექცია, არამედ შპს „ .. .. ..“, ვინაიდან ხელფასს მოსარჩელეები იღებდნენ აღნიშნულ ორგანიზაციაში და სწორედ მოპასუხე ორგანიზაციის ბრალეული მოქმედების შედეგს წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელეების ხელფასებიდან ზედმეტად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადი, რითაც მათ მიადგათ ზიანი. ასევე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან იგი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას. ვინაიდან ფიზიკურ პირთა სარჩელი არასწორად დაბეგრილი თანხების დაბრუნების თაობაზე მიმართულია მოპასუხე შპს „ .. .. ..“ წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, განსახილველ დავაში მხარეებად გამოდიან კერძო სამართლის სუბიექტები, ამასთან დავის საგანს წარმოადგენს შპს „ .. .. ..“ ბრალეული მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე შპს „ .. .. ..“ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მოახდინა მოსარჩელეთა ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის არასწორად დაბეგვრა და სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა, განსახილველ დავას არ სძენს საჯარო-სამართლებრივ ხასიათს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. .. ..“. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა დაბრუნება იმავე სასამართლოში.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევით. კერძოდ, სასამართლომ დაბეგვრის კანონიერების შესახებ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “.. .. ..“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “.. .. ..“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ .. .. ..“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.