¹ას-730-1058-07 7 დეკემბერი,2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ც. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – კოოპერატივ “.. .ის” მეპაიეთა მეათედი ნაწილი – ა. ნ-ი, ლ. ყ-ი, ნ. დ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
დავის საგანი – კრების შედეგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში გატარდა კოოპერატივი „.. ..“, 2002 წლის 30 სექტემბერს კოოპერატივის დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს გაუვიდათ უფლებამოსილების ვადა.
2003 წლის 11 მარტს კოოპერატივ „.. ..ის“ მეპაიეთა მეათედ ნაწილს, მათი განცხადების საფუძველზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 მარტის დადგენილებით მიენიჭა საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება.
კოოპერპატივ „.. ..ის“ მეათედი ნაწილის მიერ გამოცხადდა 2003 წლის 11 აპრილის მეპაიეთა საერთო კრების დანიშვნის შესახებ რაიონულ გაზეთ - „გ...ში“ შემდეგი დღის წესრიგით: 1. კოოპერატივ „.. ..ის“ დირექტორის საანგარიშო მოხსენებები; 2. დირექტორის (გამგეობის) არჩევა. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.
2003 წლის 11 აპრილს კოოპერატივ „.. ..ის“ კრება ვერ ჩატარდა რადგან იგი არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი იმის გამო, რომ მეპაიეები არიან ურთიერთდაპირისპირებულნი.
მეპაიეთა ერთმა ჯგუფმა განმეორებითი კრება ჩაატარა 2003 წლის 21 აპრილს, ხოლო სასამართლოს მიერ ნებადართული კოოპერატივ „.. ..ის“ მეათედი ნაწილის მიერ განმეორებითი კრება მოწვეული იქნა და ჩატარდა 22 აპრილს.
კოოპერატივ „.. ..ის“ მეპაიეთა მეათედი ნაწილის წარმომადგენლებმა ა.ნ-მა, ლ.ყარალაშვილმა, ნ.დ-მა სარჩელი აღძრეს ფიზიკური პირების კო. ლ-ის და ს.ა-ის მიმართ. (სააპელაციო პალატაში არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით კოოპერატივ „.. ..ით“). მოსარჩელეებმა მოითხოვეს, ვინაიდან მეპაიეთა მეორე ჯგუფს არ ჰქონდა კრების მოწვევის უფლებამოსილება და აღნიშნულის შესახებ არ გამოქვეყნებულა გაზეთში ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2003 წლის 21 აპრილს კოოპერატივ „.. ..ის“ მეპაიეთა კრების ¹1 და რეგისტრაციაში გატარებულიყო მეპაიეთა მეათედი ნაწილის მიერ 2003 წლის 22 აპრილს ჩატარებული საერთო კრების მიერ მიღებული დადგენილებები.
ყვარლის რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 20 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება რომლითაც სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ბათილად იქნა ცნობილი კოოპერატივ „.. ..ის“ 2003 წლის 2 აპრილის საერთო კრების ოქმი ¹1-ის შედეგები.
მოსარჩელე გურჯაანის კოოპერატივ „.. .ის“ მეპაიეთა მეათედი ნაწილის წარმომადგენლებს სარჩელის მოთხოვნაზე კოოპერატივ „.. ..ის“ მეპაიეთა მეათედი ნაწილის მიერ 2003 წლის 22 აპრილის ჩატარებული საერთო კრების ოქმი ¹1 შესაბამისად ცვლილებების რეგისტრაციაში გატარების შესახებ ეთქვა უარი.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2003 წლის 11 აპრილს მოწვეული კრება ქვორუმის უქონლობის გამო ვერ ჩატარდა რის გამოც მოწვეული იქნა ახალი კრება, რაც გამოცხადებული იქნა გადადებულ კრებაზე.
განმეორებითი კრების მოწვევისას არ დარღვეულა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის და კოოპერატივის წესდების მოთხოვნები. კერძოდ გაზეთში ქვეყნდება პირველი კრება, ხოლო განმეორებითი კრების მოწვევის გამოქვეყნება კანონით სავალდებულო არ არის.
კრებას ესწრებოდა მეპაიეთა უმცირესობა და მათ შორის მოსარჩელეებიც თუმცა მათ ოქმზე დართულ სიას ხელი არ მოაწერეს.
ადგილი არ ჰქონია დღის წესრიგის შეცვლას. კრების შედეგების გაუქმებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოთმითითებული გარემოებები.
გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანეს კოოპერატივ „.. .ის“ მეპაიეთა მეათედის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება მათ მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გურჯაანის კოოპერატივ „.. .ის“ მეპაიეთა მეათედი ნაწილის წარმომადგენლების ასმათ ნ-ს ლ. ყ-ის და ნ. დ-ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი კოოპერატივ „.. .ის“ 2003 წლის 11 აპრილის უნომრო და 2003 წლის 21 აპრილის საერთო კრების ¹1 ოქმის შესაბამისად რეგისტრაცია ცვლილებების გატარების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კოოპერატივის მეპაიეთა მეათედი ნაწილის წარმომადგენლებმა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე კოოპერატივ „.. .ის“ დირექტორმა ა.ა-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კოოპერატივ „.. .ის“ დირექტორის და კოოპერატივ „.. .ის“ მეპაიეთა მეათედი ნაწილის საკასაციო საჩივრები დაკმაფოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კოოპერატივ “.. .ის” დირექტორ ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა შეგებებული სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში. დაკმაყოფილდა ა. ნ-ს და სხვათა სარჩელი და კოოპერატივ “.. .ის” მეპაიეთა მეათე ნაწილის მიერ 2003 წლის 22 აპრილს ოქმი @¹1-ით ჩატარებული კრების შესაბამისად განხორციელდა ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით კოოპერატივ „.. .ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გურჯაანის კოოპერატივი „.. .ის“ მეპაიეთა მეათედი ნაწილის წარმომდაგენლების ა.ნ-ს, ლ.ყ-სა და ნ.დ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გურჯაანის კოოპერატივი „.. .ის“ მეპაიეთა მეათედი ნაწილის წარმომადგენლების ა.ნ-ს, ლ.ყ-ს და ნ.დ-ს სარჩელი ბათილად იქნა ცნობილი კოოპერატივ „.. ..ის“ 2003 წლის 11 აპრილის უნომრო ოქმი, 2003 წლის 21 აპრილის ¹1 ოქმის შედეგები. მოსარჩელეებს უარი ეთქვა კოოპერატივ „.. ..ის“ მეპაიეთა 2003 წლის 22 აპრილის ¹1 ოქმით დადგენილი ცვლილებების რეგისტრაციაში გატარებაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 მარტის დადგენილებით კოოპერატივ „.. ..ის“ მეპაიეთა მეათედ ნაწილს მიეცა უფლება კოოპერატივის საერთო კრების მოწვევის შესახებ. კოოპერატივ „.. .ის“ მეპაიეთა მეათედმა ნაწილმა გაზეთ „გ...ში“ 2003 წლის 15 მარტს გამოაქვეყნა განცხადება კოოპერატივ „.. ..ის“ მეპაიეთა კრების მოწვევის შესახებ 2003 წლის 11 აპრილს შემდეგი დღის წესრიგით:
ა) დირექტორების (გამგეობის) არჩევა;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ 2003 წლის 11 აპრილს კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრება არ შედგა და არ არჩეულა კრების თავმჯდომარე, რაც დადასტურებულია შემდეგი გარემოებებით:
2003 წლის 11 აპრილს შედგენილი ორი დოკუმენტით:
ა) 2003 წლის 11 აპრილის აქტი ბ) იმავე დღეს მეპაიეთა სხვა ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმი.
ორივე აქტის შინაარსიდან დგინდება, რომ კრებაზე გამოცხადდა 40 მეპაიე.
იმ დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველვოს კანონის 63.2 მუხლით საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით თუ კანონით ან წესდებით არ იყო გათვალისწინებული ხმების უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. ამ ნორმის შესაბამისად კოოპერატივ „.. ..ის“ წესდების 7.6 მუხლი ითვალისწინებდა საერთო კრების გადაწყვეტილება-უნარიანობას, სადაც მითითებული იყო, რომ საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი. იმავე კანონის 63.9 მუხლით კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილების გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა გადაწყვეტილებების შესახებ. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები.
პალატამ განმარტა, რომ კრების თავმჯდომარე არ არჩეულა და ასევე ოქმი შედგენილია ზემოთმითითებული ნორმის დარღვევით. კერძოდ, ოქმი არ შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 63.9 მუხლს. კანონმდებელი აღნიშნულ ფორმას აწესებს იმისათვის, რომ ზუსტად დადგინდეს საერთო კრების მონაწილეთა ნების ნამდვილობა. ფორმის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია ნების გამოვლენის ნამდვილობის დადასტურება. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2003 წლის 11 აპრილის ეგრეთწოდებული ოქმი და მასზე მიღებული გადაწყვეტილება 2003 წლის 21 აპრილს დღის 12 საათზე კრების მოწვევის შესახებ არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კრებაში მონაწილე პირთა ნებად. ამდენად, 2003 წლის 11 აპრილის კრების ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
პალატამ ასევე განმარტა, რომ 2003 წლის 21 აპრილის კოოპერატივის კრების მოწვევისას დარღვეული იქნა წესდების 7.6 მუხლი, კერძოდ, იგი მოწვეული იქნა არარჩეული თავმჯდომარის მიერ და დღის წესრიგში შეტანილი იქნა სხვა საკითხი, დღის წესრიგს დაემატა მესამე საკითხი დირექტორების მიერ გაწეული მუშაობების შესახებ ბოლო 2 წლის განმავლობაში. აღნიშნული დღის წესრიგი განსხვავდებოდა გაზეთ გ...ში“ გაკეთებული განცხადების დღის წესრიგისაგან. ამდენად, 2003 წლის 21 აპრილის კრების ოქმი ბათილია.
პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა კოოპერატივ „.. ..ის“ მეპაიეთა მეათედი ნაწილის მოთხოვნა კოოპერატივ „.. ..ის“ 2003 წლის 22 აპრილის კრების შედეგების რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული კრების მოწვევისას დარღვეულია როგორც საზოგადოების წესდების, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნები. კერძოდ, წესდების 7.6 მუხლით ქვორუმის არქონის შემთხვევაში განმეორებითი კრების დანიშვნის უფლება ჰქონდა კრების თავმჯდომარეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და კრება მოწვეული უნდა ყოფილიყო იმავე დღის წესრიგით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ-მა.
კასატორის აზრით, უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლის შემდეგ ორი წელი გავიდა და საქმეზე 2007 წლის 18 მაისს გამოიტანა საბოლოო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, მოწინააღმდეგე მხარეს არასოდეს მოუთხოვია 2003 წლის 22 აპრილის კრების ოქმის გაუქმება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284 მუხლით სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები „სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავის გადაწყვეტილებით მხარეს ის რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა“.
ასევე კასატორის აზრით, არსად არ არის ნახსენები 2006 წლის 9 მარტის საქმე ¹2ბ-507-06 პროცესზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არც ის მიზეზები, თუ რა მიზეზით გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება.
2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში აგრეთვე არ არის ნახსენები ა.ა-ის მიერ მიტანილი ყალბი სამედიცინო ცნობა, რომელიც საპატიო მიზეზად ჩაეთვალა 2006 წლის 9 მარტის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, თუმცა თვითონვე დაამტკიცა 2007 წლის 20 აპრილის სასამართლო პროცესზე აღნიშნული სამედიცინო ცნობის სიყალბე, ამიტომ სრულიად უმიზეზოდ გაუქმდა 2006 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში არ გაუთვალისწინებია უზენაესი სასამართლოს განჩინებით მიცემული შენიშვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბაუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფაქტს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. ბ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ბ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.