№420აპ-16 29 დეკემბერი, 2016 წელი
კ. ა-ნ, 420აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორების - დ. ს-ას, გ. შ-ას
ადვოკატ – ლ. ა-ის
მსჯავრდებულ - ა. კ-ის
მონაწილეობით განიხილა ა. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით ა. კ., - დაბადებული ---ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა’’, ,,გ’’ ,,ზ’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ’’, ,,ზ’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ ა. კ-ეს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება; განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; განზრახ მკვლელობის მცდელობა სამი პირის მიმართ, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ა. კ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ,,აკმ’’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი თავისივე ვაზნებით, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
2.2. 2005 წლის 22 ოქტომბერს, 22:30 საათზე, ა. კ., კ. კ., ი. ჯ. და გამოძიებით დაუდგენელი სამხედროკამუფლაჟირებულ ტანსაცმლიანი ორი პირი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულნი, იმყოფებოდნენ ს-ის რაიონის სოფელ მ-ას ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნეს ს-ის შს განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც უბრძანეს იარაღის დაყრა. ა. კ. და მისი თანმხლები პირები წინასწარი განზრახვით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს, არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხუთი წუთის განმავლობაში ისროდნენ პოლიციელთა მიმართულებით. პოლიციის მუშაკები იძულებულნი გახდნენ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი მათი მიმართულებით. ა. კ-სა და მისი თანმხლები პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლების შედეგად პოლიციის მუშაკმა დ. კ-მა მუცლის არეში მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები, რის გამოც იგი გარდაიცვალა. პოლიციელთა საპასუხო სროლის შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა ი. ჯ.. ვინაიდან პოლიციის მუშაკები კვლავ განაგრძობდნენ სროლას დამნაშავეთა დასაკავებლად, ა. კ-ემ და თანმხლებმა პირებმა ვერ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ¼-ით შეუმცირდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განაჩენში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინების გათვალისწინებით, შევიდა შემდეგი ცვლილება: ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, ,,გ“, ,,ზ’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ“, ,,ზ’’, ,,თ’’ ქვეპუნქტებით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. კ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 14 თებერვლიდან.
5. კასატორები – მსჯავრდებული ა. კ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა. ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
სამოტივაციო ნაწილი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა ა. კ-ის ბრალდების საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და, შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ა. კ-ის გამართლებას ითხოვს შემდეგი ძირითადი მოტივებიდან გამომდინარე:
ა) კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელია, რითაც დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ერთ–ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა. დაცვის მხარე აპელირებს იმაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენის დადგენისას არ გაარკვია ბრალდების მთავარი მოწმეების, საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, აგრეთვე ამ ჩვენებათა წინააღმდეგობა საქმის სხვა მასალებთან და ისე დაეყრდნო ამ ჩვენებებს, როგორც პირდაპირ მტკიცებულებებს.
ბ) სარწმუნო მტკიცებულებებით არ არის დადგენილი, რომ პოლიციის თანამშრომლებთან შეტაკებისა და ორმხრივი სროლების შემდეგ შემთხვევის ადგილზე დარჩენილი ი. ჯ-ის ცხედართან აღმოჩენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე იქვე ნაპოვნი ამ ავტომატიდან გასროლილი 6 მასრა ნამდვილად გარდაცვლილს ეკუთვნოდა, როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია, თუ ვინმე სხვა პირს.
გ) გარდა ამისა, გაურკვეველია ასევე შემთხვევის ადგილზე დარჩენილი ავტომატური იარაღიდან გასროლილი 10 მასრის წარმომავლობა და ისიც – ვის მიერ და ვისი იარაღიდან არის ისინი გასროლილი, რადგან არ ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომელთა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღებს, ხოლო ორმხრივ სროლებში მონაწილე სხვა პირები დადგენილი არ არის და არც მათი იარაღია ამოღებული, გარდა ერთისა, რომელიც სასამართლომ გარდაცვლილ ი. ჯ-ს მიაკუთვნა.
დ) კასატორის აზრით, გაურკვეველია აგრეთვე, ზუსტად რა ადგილზე და ვის მიერ გასროლილი ტყვიით დაიღუპა შეტაკებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელი დ. კ., რა ვითარებაში დაიჭრა იგი სასიკვდილოდ. არ არსებობს იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომ მსჯავრდებული ა. კ. ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და რომ სწორედ მისი გასროლილი ტყვიით დაიღუპა ხსენებული პოლიციელი.
ე) გამომძიებელს არაკვალიფიციურად აქვს შემთხვევის ადგილი დათვალიერებული, რის გამოც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები გაურკვეველი და დაუდგენელი დარჩა, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე რა მდგომარეობაში იყო გარდაცვლილი პოლიციელის გვამი, გარეგნულად რა დაზიანებები აღენიშნებოდა მის სხეულსა და ტანსაცმელს, აღმოჩნდა თუ არა მისი სისხლის კვლები, არ არის განსაზღვრული სროლის მანძილი და სხვა.
ვ) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რის გამოც განაჩენი, თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, არის უკანონო.
3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა. კ-ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია მსჯავრდებულ ა. კ-ის დანაშაულში მონაწილეობა. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია როგორც პირველი ინსტანციის, ასევე - სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც მათ ჰქონდათ სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინათ და ემტკიცებინათ თავიანთი პოზიციები ა. კ-ის ბრალდებასთან დაკავშირებით.
4. მსჯავრდებულ ა. კ-ის ბრალს, პირველ რიგში, ადასტურებს ბრალდების მოწმეების, კერძოდ, ა. კ-სა და მის თანმხლებ სხვა პირებთან ორმხრივ შეტაკებასა და სროლებში უშუალოდ მონაწილე პოლიციის თანამშრომლების – კ. დ-სა და კ. კ-ის პირდაპირი ჩვენებები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ 2005 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას პოლიციის სხვა თანამშრომლებთან – ზ. ბ-სა და დ. კ-თან ერთად. ისინი ახორციელებდნენ შემოვლას ს-ის რაიონის სოფელ მ-ას უბანში, რა დროსაც გზაზე შეხვდნენ ერთ–ერთი ჩიხიდან მომავალ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვილ პირებს, რომლებიც შემოსილნი იყვნენ სამხედროკამუფლაჟირებული ტანსაცმლით. ისინი მოძრაობდნენ მათგან ახლო მანძილზე – 7–10 მეტრში, რის გამოც მათ შეიარაღებულ პირებს შორის შეიცნეს ძმები – ა. და კ. კ-ები, კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებსაც ახლდა კიდევ სხვა სამი პირი, სულ ხუთნი იყვნენ. პოლიციელებმა მათ განუცხადეს თავიანთი ვინაობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს შეიარაღებულ პირებს იარაღის დაყრა და დანებება. ნაცვლად ამისა, ა. კ-ემ და სხვა შეიარაღებულმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები მოიყვანეს საბრძოლო მდგომარეობაში და დაიწყეს სროლა. ავტომატების გადატენვის ხმის გაგონებისთანავე პოლიციელები უკუიქცნენ და თავი შეაფარეს ახლომდებარე ეზოსა და სახლ–კარს, საიდანაც იძულებულნი იყვნენ, გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი ა. კ-სა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის მოსაგერიებლად. ორმხრივი სროლები მიმდინარეობდა ხუთიდან ათ წუთამდე დროის განმავლობაში. მძიმედ დაიჭრა და იქვე გარდაიცვალა პოლიციის თანამშრომელი დ. კ.. სროლების შემდეგ ა. კ. და მისი თანმხლები პირები, რომლებიც პოლიციელთა მიმართულებით ისროდნენ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღებს, შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მათი გაქცევის შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა სამხედროფორმიანი ერთ–ერთი თავდამსხმელის ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ, ორმხრივი სროლებისას დაიღუპა და რომლის ვინაობაც დადგინდა – ის იყო ი. ჯ.. აღნიშნული მოწმეები დანამდვილებით მიუთითებენ, რომ ისინი, თავიანთი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ვიზუალურადაც იცნობდნენ ა. კ-ეს, როგორც მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე პირს, რის გამოც მომხდარი შემთხვევის დროს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამე იყო, ახლო მანძილიდან მისი ცნობა არ გასჭირვებიათ.
5. მოწმე პოლიციელთა ჩვენებების შესაბამისობა მომხდარი შემთხვევის რეალურ გარემოებებთან დასტურდება სხვა მტკიცებულებებითაც. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ი. ჯ-ის ცხედრის სიახლოვეს ნაპოვნი და ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე - ამ იარაღით გასროლილი ტყვიის მასრები და კიდევ, ამის გარდა, იქვე, ახლო არეალში, თავდამსხმელთა ადგილსამყოფელზე ნაპოვნი და ამოღებულია სხვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით გასროლილი ტყვიის მასრები, ხოლო საპირისპირო მხარეს, დაახლოებით 36 მეტრ მანძილზე, ნაპოვნი და ამოღებულია პოლიციელთა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღებით საპასუხოდ გასროლილი ტყვიის მასრები, რაც ასევე დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.
6. უდავო ფაქტია, რომ პოლიციის თანამშრომელი დ. კ. დაიღუპა სწორედ ზემოაღნიშნული შემთხვევის ადგილზე ა. კ-ეს, მის თანმხლებ პირებსა და პოლიციის თანამშრომელთა შორის მომხდარი ორმხრივი სროლების დროს, ისევე როგორც ა. კ-ის თანმხლები პირი – ი. ჯ.. აღნიშნული დადასტურებულია არა მხოლოდ ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითაც, რომლებშიც მითითებულია მათი გარდაცვალების სავარაუდო დრო.
7. აღნიშნული გარემოებების გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა. კ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემულ ჩვენებაში წარმოდგენილ ვერსიას იმის თაობაზე, რომ ის არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რის გამოც ვერანაირად ვერ მიიღებდა მონაწილეობას პოლიციელებზე თავდასხმაში. მისი ჩვენების მიხედვით, მომხდარი შემთხვევის დროს, 2005 წლის 22 ოქტომბერს, იგი იმყოფებოდა სრულიად სხვა ადგილზე, კერძოდ, მისი შვილის ნათლიის ოჯახში სტუმრად, სადაც მას თან ახლდა ი. ჯ-ც. იქ დიდხანს არ დარჩენილა და საღამოს წავიდა სახლში მარტო, ხოლო დანარჩენები კი იქ დარჩნენ. მომხდარი შემთხვევის შესახებ შემდგომში გაიგო. ვინაიდან მას მოსაკლავად დასდევდნენ, ამიტომ წავიდა და იმყოფებოდა მონასტერში. ის გარემოება, რომ მას ბრალად ედებოდა პოლიციელის მკვლელობა, გაიგო იმის შემდეგ, როდესაც გაეცნო მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ა. კ-ის ეს ჩვენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ბრალდების მოწმე პოლიციელების – კ. დ-სა და კ. კ-ის ჩვენებებს, რომლებიც შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.
8. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია: საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე, მიუთითებს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები ა. კ-ის წინააღმდეგ, რომ მათ საამისოდ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მიეცათ განზრახ ცრუ ჩვენება სასამართლოსათვის და ა. კ-თვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ასეთ შესაძლო მიზეზზე არც თავად ა. კ. მიუთითებს თავის ჩვენებაში და მსგავს რაიმეზე არც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარშია მითითებული. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენება არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებად.
9. საქმის გარემოებებზე ობიექტური და სრული წარმოდგენისათვის საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: ა. კ-ის ბრალდების საქმის სასამართლოში განხილვისას დაცვის მხარემ წარმოადგინა თავისი მოწმეები, რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ ალიბი იმის თაობაზე, რომ მომხდარი შემთხვევის დროს, 2005 წლის 22 ოქტომბრის საღამოს, ა. კ. იმყოფებოდა თავისთან სახლში და ამ დროს მას შინ ჰყავდა დაპატიჟებული სტუმრები, რის გამოც იმ საღამოს ა. კ-ემ მათგან წაიღო ღვინო და პურ–მარილი, რათა სტუმრებს გამასპინძლებოდა. საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს მოწმეების - ნ. კ-სა და პ. ლ-ის ჩვენებები. თუმცა მათი ჩვენებების შინაარსი არ არის ურთიერთთავსებადი, მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა და ვერ მიუთითებენ კონკრეტულ დროს, როდესაც ა. კ. თითქოსდა მათთან ერთად იმყოფებოდა. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ალიბზე არც თვითონ ა. კ. არაფერს არ ამბობს თავის ჩვენებაში და არც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარშია ის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ა. კ-სა და დაცვის მხარის მიერ მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე ჩამოყალიბებული პოზიციის უსაფუძვლობასა და არადამაჯერებლობაზე.
10. გარდა ამისა, საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ სხვა ძირითად მოტივებსაც, რომლებზეც ზემოთ იყო მითითებული და რომლებითაც ის ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერება და დაასაბუთოს, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ეს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს იმის თაობაზე, რომ დაცვის მხარის აზრით, არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები ბრალდების მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს შორის, რომლებიც საქმეზე ცნობილი არიან დაზარალებულებად, აგრეთვე, ამ ჩვენებებსა და საქმის სხვა მასალებს შორის. ამის დასტურად კასატორი უთითებს მოწმეების – კ. დ-სა და კ. კ-ის ჩვენებებზე და მათ შორის არსებულ ცალკეულ განსხვავებაზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს განსხვავებები ეხება მხოლოდ ისეთ წვრილმან ტექნიკურ დეტალებს, რომლებსაც არა აქვთ არსებითი მნიშვნელობა. ხსენებულ ჩვენებებს შორის ამგვარი არაარსებითი განსხვავების არსებობა ბუნებრივია, რადგან მოწმეებს მოქმედება და მოვლენების აღქმა უხდებოდათ ექსტრემალურ პირობებში. პირიქით, ეს ჩვენებები საეჭვო სწორედ მაშინ იქნებოდა, თუკი ისინი ერთმანეთთან აბსოლუტურად თანხვდენილი და ერთმანეთის იდენტური იქნებოდა. მთავარი კი შემდეგია – არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს მათ ჩვენებებს შორის იმ საკითხზე, რომ ადგილზე ნამდვილად დაინახეს და იცნეს ა. კ., რომელიც სხვა პირებთან ერთად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა პოლიციელების მიმართულებით, რა დროსაც დაიღუპა კიდეც პოლიციის თანამშრომელი დ. კ..
11. დაცვის მხარე გასაჩივრებული განაჩენის მიმართ დაობს შემდეგ საკითხზე: მისი დასკვნით უტყუარად არ არის დადგენილი, რომ ორმხრივი სროლების შემდეგ შემთხვევის ადგილზე დარჩენილი ი. ჯ-ის ცხედრის ახლოს აღმოჩენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ამ იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები (სულ 6 ცალი) ნამდვილად ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ ი. ჯ-ს, თუ ვინმე სხვას იმ პირთაგან, რომლებიც პოლიციელთა მიმართულებით ისროდნენ. საკასაციო პალატის აზრით, ამ საკითხს არა აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა ა. კ-ის ბრალეულობისათვის. მთავარი აქ ის არის, რომ ეს იარაღი არ ეკუთვნოდა პოლიციის თანამშრომლებს და მისი გამოყენებით თავდამსხმელები ესროდნენ პოლიციელებს, რასაც ადასტურებს ი. ჯ-ის ცხედართან ახლოს აღმოჩენილი, ამ ავტომატური იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრები და რაც დგინდება აგრეთვე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.
12. იგივე უნდა ითქვას შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სხვა გასროლილი ტყვიების მასრების (სულ 10 ცალი) შესახებ, რომლებიც არ არის გასროლილი პოლიციელთა კუთვნილი იარაღებიდან, ხოლო იმ გარემოებას, რომ 2005 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს მომხდარ შემთხვევის ადგილზე პოლიციელებისა და ზემოხსენებული, შეიარაღებული სხვა პირების გარდა არავინ იმყოფებოდა, ვერც დაცვის მხარე უარყოფს, გარდა ერთისა, რაზეც დაობს კასატორი – ზემოხსენებულ შეიარაღებულ პირთა შორის მსჯავრდებული არ ყოფილაო. არგუმენტად იმას ასახელებს, რომ არ არის დადგენილი აღნიშნული 10 მასრა ვისი კუთვნილი იარაღიდან არის გასროლილი. რა თქმა უნდა, ეს გარემოება ვერ დადგინდებოდა, რადგან ა. კ. ორმხრივ სროლებს უვნებელი გადაურჩა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა თავის იარაღიანად, რაც დადასტურებულია მოწმე პოლიციელთა პირდაპირი ჩვენებებით.
13. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ არის ზუსტად გარკვეული და დადგენილი, რა ვითარებაში და ვის მიერ გასროლილი ტყვიით დაიღუპა პოლიციელი დ. კ., კერძოდ, ის გარემოება, რომ იგი სწორედ ა. კ-ის მიერ გასროლილი ტყვიის მოხვედრის შედეგად არის გარდაცვლილი. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის ამ პოზიციას იმ ნაწილში, რომლის მიხედვით, თითქოს დაუდგენელია როდის და რა ვითარებაში დაიღუპა პოლიციის თანამშრომელი დ. კ., რადგან ის გარემოება, რომ ეს პირი ნამდვილად 2005 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს, ა. კ-სა და მის თანმხლებ სხვა პირებთან პოლიციელთა შეტაკებისას დაიღუპა, საქმეში არსებული საკმარისზე მეტი პირდაპირი, თუ არაპირდაპირი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, დ. კ. ნამდვილად ა. კ-ის მიერ გასროლილი ტყვიით არის თუ არა დაღუპული, ამ ნაწილში საკასაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარეს, მაგრამ ამ საკითხს უფრო ვრცლად მოგვიანებით შევეხებით.
14. გარდა ამისა, დაცვის მხარე თავის საკასაციო საჩივარში დაობს სხვა მრავალ საკითხზე, კერძოდ, კასატორის აზრით, არაკვალიფიციურად არის ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის გამოც გაურკვეველია: რა მდგომარეობაში იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი პოლიციელის – დ. კ-ის გვამი; იყო თუ არა მისი სისხლის კვლები; რა დაზიანებები აღენიშნებოდა მას გარეგნულად; რა მანძილიდან მოხდა გასროლა, სად და როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა დ. კ. მაშინ, როდესაც ის დაიჭრა; რატომ არ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე მისი იარღიდან გასროლილი მასრები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გამომძიებლებს არ დაუცავთ ამ საპროცესო მოქმედების ჩატარების ტაქტიკური წესები, ხოლო მის თაობაზე შედგენილ ოქმში საერთოდ არ არის მითითებული გარდაცვლილი პოლიციელის გვამის მდებარეობაზე; არ არის განსაზღვრული სროლის ის მანძილი, რომელიც ერთმანეთს აშორებდა პოლიციელებსა და თავდამსხმელებს; თუკი პოლიციელებმა მაშინვე იცნეს ა. კ., ამ შემთხვევის გამო აღძრული საქმის პირველად დოკუმენტებში რატომ არის საუბარი დაუდგენელ პირებზე და თავიდანვე რატომ არ არის მითითებული ა. კ-ის პიროვნებაზე, როგორც შესაძლო დამნაშავეზე და რატომ ჩნდება მისი ვინაობა საქმეში მოგვიანებით; პოლიციელთა მიერ გასროლილი ტყვიების მასრების აღმოჩენის ადგილსა და პოლიციელებზე თავდამსხმელთა მიერ გასროლილი ტყვიების მასრების აღმოჩენის ადგილს შორის მანძილი 36 მეტრია და, აქედან გამომდინარე, ასეთ მანძილზე, ღამის საათებში, არასათანადო ხილვადობის პირობებში, იყო თუ არა შესაძლებელი მოწმე პოლიციელებს ეცნოთ ა. კ., ის სინამდვილეში მართლაც რომ ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე.
15. კასატორის აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ გარემოებებს ვერ მიენიჭება არსებითი და განმსაზღვრელი მნიშვნელობა მსჯავრდებულ ა. კ-ის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტისათვის. ის, თუ რა მდგომარეობაში იყო გარდაცვლილი პოლიციელის – დ. კ-ის გვამი შემთხვევის ადგილზე, ვერ შეცვლის იმ გარემოებას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იგი დაიღუპა თავდამსხმელთა მხრიდან გასროლილი ტყვიით; არც ის გარემოებაა მნიშვნელოვანი საქმისათვის, თვითონ დ. კ-იც ისროდა თუ არა თავისი იარაღიდან, ანდა რა მანძილიდან მოხდა ის გასროლა, რომელმაც იგი იმსხვერპლა; რაც შეეხება იმას, თუ როგორი ტაქტიკით წარმართეს გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ეს პრაქტიკის საკითხია და ყოველი გამომძიებელი გარკვეული მეთოდით მუშაობს შემთხვევის ადგილზე მისი დათვალიერების ჩატარებისას. რაც მთავარია, დაცვა ვერ უთითებს, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საპროცესო ნორმების დარღვევით, რადგან ასეთი დარღვევები არ მომხდარა; ის გარემოება, რომ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის წარმოების დაწყებისას ოფიციალურ დოკუმენტებში თავიდანვე არ არის მითითებული ა. კ-ის პიროვნებაზე, როგორც დანაშაულის სავარაუდო ჩამდენზე, შეიძლება აიხსნას სამართალდამცავი ორგანოების სრულიად სწორი და გასაგები სიფრთხილით, რათა გამოძიების ჯერ კიდევ ადრეულ, საწყის ეტაპზე დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ არ ყოფილიყო ეს პირი დამნაშავედ შერაცხული, როდესაც ჯერ მხოლოდ მტკიცებულებების მოპოვება და საპროცესო დამაგრება მიმდინარეობდა.
16. შედარებით უფრო მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ რა მანძილიდან მიმდინარეობდა ორმხრივი სროლები თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის და შესაძლებელი იყო თუ არა ასეთ მანძილზე ღამის პირობებში ბრალდების მოწმე პოლიციელებს ეცნოთ ა. კ., თუკი ის იმყოფებოდა თავდამსხმელთა შორის. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული შემთხვევის ადგილის სქემის მეშვეობით დადგენილია, რომ, როდესაც უკვე ორმხრივი სროლები მიმდინარეობდა პოლიციელებსა და თავდამსხმელთა შორის, მათ შორის იყო დაახლოებით 36 მეტრი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ სროლებს წინ უძღოდა პოლიციელებისა და სამხედროფორმიანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი პირების შეხვედრა ახლო მანძილზე, რა დროსაც იცნეს პოლიციელებმა ა. კ., ხოლო მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა გადატენეს ავტომატები და დაიწყეს სროლები, პოლიციელები უკუიქცნენ, სასწრაფოდ გადაადგილდნენ შორიახლოს მდებარე ეზოში და ამის შემდეგ გახსნეს საპასუხო ცეცხლი თავის დაცვის მიზნით. სწორედ ამ დროს იყო მათ შორის მანძილი 36 მეტრი, ხოლო პირველი შეხვედრისას მათ ბევრად უფრო მოკლე მანძილი – შვიდიდან ათ მეტრამდე აშორებდათ ერთმანეთს, რაც სრულიად შესაძლებელს ხდის ნაცნობი ადამიანის შეცნობას, თუნდაც ღამის პირობებში, მით უმეტეს - გამოცდილი პოლიციელების მხრიდან. ამიტომ ამ მხრივ, ბრალდების მოწმე პოლიციელების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
17. კასატორი თავის საჩივარში მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს საქმის წარმოებისას დაშვებულ საპროცესო ნორმების დარღვევებზე, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უთითებს, კონკრეტულად რომელი საპროცესო ნორმა დაირღვა და, რაც მთავარია – რომელი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, რასაც საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს საფუძვლიან მოსაზრებად, რადგან გასაჩივრებულ განაჩენში საქმის ყველა მნიშვნელოვანი და არსებითი გარემოება დადგენილია ჯეროვანი და კანონიერი მტკიცებულებების საფუძველზე, მტკიცებულებები გაანალიზებულია, წარმოჩენილი და შედარებულია როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის პოზიციები და განხილულია ორივე მხარის მტკიცებულებები. აქვე ყურადღება უნდა მიექცეს დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივრის დასაწყისსა და ბოლო, დასკვნით ნაწილში გამოთქმულ პრეტენზიას, რომ საქმე განიხილა არაკანონიერმა სასამართლო შემადგენლობამ, მაგრამ კასატორს ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი იმის შესახებ, თუ რაში გამოიხატებოდა მოცემული საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის უკანონობა. საკასაციო პალატამ ამ მხრივაც შეამოწმა საქმე, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რაც თუნდაც არაპირდაპირ მაინც მიუთითებს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობაზე.
18. კასატორის მოსაზრებებს, რომ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო იყო არაობიექტური და მიკერძოებული, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე სრულად იყო უზრუნველყოფილი საერთაშორისო კონვენციებით, საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობით საიმისოდ, რათა ჯეროვნად წარმოედგინა თავისი პოზიცია და ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში ემტკიცებინა მისი სისწორე და საფუძვლიანობა, წარედგინა და გამოეკვლია თავისი მტკიცებულებები, პროცესზე მოეწვია და დაეკითხა თავისი მოწმეები, მონაწილეობა მიეღო მოპაექრე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევასა და ბრალდების მოწმეების დაკითხვაში, დაეყენებინა შუამდგომლობები და სხვა. დაცვის მხარე არ მიუთითებს, რომ ამ მხრივ დაირღვა რომელიმე მისი ლეგიტიმური უფლება, რაც უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ყველა სასამართლო ინსტანციაში საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარემ სრულად ისარგებლა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ამ მხრივ რაიმე პრეტენზიის გასაცხადებლად არავითარი საფუძველი არ არსებობს.
19. ამავე დროს საკასაციო პალატა გასაჩივრებულ განაჩენს არ ეთანხმება ერთ ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. კ-ის მიერ ჩადენილი მკვლელობის ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მისი კვალიფიკაციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ ა. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, როგორც განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე - იმავე კოდექსის მე–19 მუხლითა და 109–ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, როგორც მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი სამი პირის მიმართ, ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (იხ. საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 2003 წლის 20 ივნისის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა ა. კ-ის მიერ ქმედების ჩადენისას). მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომელი დ. კ. ნამდვილად ორმხრივი სროლების დროს მსჯავრდებულ ა. კ-სა და მისი თანმხლები შეიარაღებული პირების მხრიდან გასროლილი ერთ–ერთი ტყვიის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა, მისი სიკვდილის ფაქტი, როგორც დამთავრებული დანაშაული, ა. კ-ს ვერ შეერაცხება. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ა. კ. ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე სხვა შეიარაღებულ პირებთან ერთად და სხვებთან ერთად ისიც ისროდა ავტომატური იარაღიდან პოლიციელების მიმართულებით, მაგრამ არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ნამდვილად უშუალოდ ა. კ-ის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა აწ გარდაცვლილ პოლიციელ დ. კ-ს და, აქედან გამომდინარე, სწორედ მის მიერ ჩადენილი ქმედებაა მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – პოლიციელის სიკვდილთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს: „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შეიქმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის“.
20. კანონის ამ სავალდებულო მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს: იმ შემთხვევაში, როდესაც ორი ან მეტი პირი მკვლელობის ერთიანი განზრახვით, ერთდროულად ისვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან სხვა პირის ან პირების მიმართ, ხოლო ეს უკანასკნელი ან რომელიმე მათგანი იღუპება ერთ–ერთი ტყვიის მოხვედრით, ამასთან, ვერ დგინდება, კონკრეტულად ვის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა მსხვერპლს, რომელმაც შედეგის სახით მისი სიკვდილი გამოიწვია, მაშინ დამდგარი შედეგი ვერც ერთ დამნაშავეს ვერ შეერაცხება და მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა დამთავრებულ დანაშაულად, არამედ - მკვლელობის მცდელობად.
21. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, კერძოდ, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ა. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დამთავრებულ მკვლელობად შეაფასა, ამით იგი გასცდა როგორც მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, ასევე, სასამართლო გამოძიებით სწორად და უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებს. მხედველობაშია შემდეგი გარემოება: საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ა. კ-სა და მის თანმხლებ პირთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლების შედეგად პოლიციის მუშაკმა დ. კ-მა მუცლის არეში მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები, რამაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა და იგი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდების იგივე ფორმულირებაა მოცემული სააპელაციო სასამართლოს განაჩენშიც, რაც მან დადგენილად მიიჩნია სრულიად საფუძვლიანად და კანონიერად.
22. როგორც ვხედავთ, ამ ბრალდებაში მითითებულია დამნაშავეთა, მათ შორის ა. კ-ის მიერ პოლიციელთა მიმართულებით განხორციელებულ ერთობლივ სროლებზე, ხოლო პოლიციელის სიკვდილზე - როგორც ამ გასროლების შედეგზე. მაგრამ ბრალდებაში არ არის მითითებული, რომ გარდაცვლილს უშუალოდ ა. კ-ის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა და სწორედ ამ გარსოლის შედეგად დადგა სიკვდილი. ასეთი მითითება ვერც იქნებოდა ბრალდების ფორმულირებაში, რადგან მისი დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობდა. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსგავს ვითარებაში, როდესაც ორი ან მეტი პირი, თუნდაც მკვლელობის საერთო განზრახვით, ერთდროულად ისვრის ცეცხლსასროლი იარაღებიდან სხვა პირის მიმართ, თითოეული მათგანის მოქმედება ობიექტურად და მიზეზობრივად ერთმანეთისგან დამოუკიდებელია ანუ არც ერთი მათგანის ქმედება არ წარმოადგენს ხელშემწყობ ფაქტორს მეორის მოქმედებისათვის, რის გამოც ისინი ვერ იქნება განხილული როგორც შედეგის გამოწვევის საერთო, ერთიანი მიზეზი, ესე იგი საერთო აუცილებელი პირობა (condition sihe gua non). ამიტომ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება არსებობდეს იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილ პოლიციელს ა. კ-ის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა, მაგრამ, არსებული მტკიცებულებითი ბაზის პირობებში, ის ვერ ჩაითვლება გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულ ფაქტად, რის გამოც, in dubio pro reo – ს პრინციპის მიხედვით, დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მსჯავრდებულ ა. კ-ეს ბრალად უნდა შეერაცხოს არა დამთავრებული მკვლელობის, არამედ -მხოლოდ მკვლელობის მცდელობის ჩადენა მაკვალიფიცირებელ გარემოებებში.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ა. კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის „გ“, „თ“, „ზ“ ქვეპუნქტებიდან და ამ კოდექსის მე–19 მუხლიდან და 109–ე მუხლის „ა“, „გ“, „თ“, „ზ“ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის მე–19 მუხლსა და 109–ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებზე (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია).
24. მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა. კ-ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია; ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 მუხლითა და 109–ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.
25. ამავე დროს, მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–7 პუნქტი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. „ამნისტიის შესახებ“ იმავე კანონის მე–3 პუნქტის საფუძველზე ა. კ. უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ა. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109–ე მუხლის „გ“, „თ“, „ზ“ ქვეპუნქტებიდან და მე–19,109–ე მუხლის „ა“, „გ“, „თ“, „ზ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის მე–19,109–ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია), რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ა. კ. გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან.
5. მსჯავრდებულ ა. კ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2015 წლის 14 თებერვლიდან.
6. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე