Facebook Twitter

საქმე №424აპ-16 ქ. თბილისი

კ. ლ-ნ, 424აპ–16 30 დეკემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ე. ჩ-ის

ადვოკატ – დ. ხ-ის

მსჯავრდებულ _ ლ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა პროკურორ ნ. ჯ-სა და მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ლ. კ. _ დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმა - 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ლ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 12 ნოემბრიდან.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. კ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით, სსკ–ის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილითა და სსკ–ის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, -ში, ბ-ის ქუჩა №-–ში, ლ. კ-მა განზრახ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ამავე მისამართზე მცხოვრებ ბ. შ-ას მიმართ და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად.

· 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, -ში, პ-ის ქუჩის №-, ბინა №-–ში, ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოქმნილი კონფლიქტისას ლ. კ-მა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ამავე მისამართზე მცხოვრებ ბ. ბ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების გამო შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ლ. კ-მა აღნიშნულ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ხანძრის შედეგად დაზიანდა -ში, პ-ის ქუჩა №- მდებარე ბინა №- და განადგურდა ბინაში არსებული ნივთები, ხოლო ბინის მეპატრონეს ბ. კ-ეს მიადგა 5515,00 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, -ში, ბ-ის ქუჩა №-–ში, ლ. კ-მა განზრახ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ბ. შ-ას მიმართ და მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად; 2014 წლის 10 ნოემბერს პ-ის №- ბინა №-–ში ლ. კ-მა გააჩინა ხანძარი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ხანძრის შედეგად დაზიანდა -ში, პ-ის ქუჩა №--ში მდებარე ბინა №- და განადგურდა ბინაში არსებული ნივთები, ხოლო ბინის მეპატრონეს ბ. კ-ეს მიადგა 5515,00 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.

6. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობას იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ლ. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

7. ბრალდებულმა ლ. კ-მა ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ალტერნატივის სახით მსჯავრდებულმა ითხოვა მისთვის სსკ–ის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ლ. კ-ის ბრალდების საქმის მასალები, შეამოწმა პროკურორისა და მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ პროკურორის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, ხოლო მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ იგი არ იზიარებს ბრალდების პოზიციას ლ. კ-ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ ყოფნისა და მის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენის შესახებ, რადგან ბრალდებულის ჩვენება ამ ნაწილში (რომ პირველი მას თავს ბ. ბ. დაესხა დანით ხელში და მიაყენა დაზიანებები) არ არის უარყოფილი არც ერთი მტკიცებულებით - საკასაციო პალატა არ ეთანხმება, კერძოდ:

3. როგორც ცნობილია, ნებისმიერი დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს – ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს – პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი შემადგენლობის ნიშნებს. თუკი დადგინდება შემადგენლობის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის - აუცილებელი მოგერიების ვითარება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, გარდაცვლილ ბ. ბ-ვის მიყენებული დაზიანებების სიმრავლე და მათი ლოკალიზაცია, მათ შორის - ზურგის არეში, აგრეთვე ერთ–ერთი დაზიანება, რომელიც მიყენებულია დანით სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან შინაგან ორგანოებში შემავალი ორმაგი ჭრილობის სახით, რაც გახდა სიკვდილის მიზეზი, გამორიცხავს ამ დაზიანებების გაუფრთხილებლობით მიყენების შესაძლებლობას, რაც პირდაპირ მიუთითებს სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობის შემადგენლობის არსებობაზე. აღნიშნული შეესაბამება ასევე თვით მსჯავრდებულის მიერ თავის ჩვენებაში განვითარებულ ვერსიას, რომელშიც ის აღწერს იმ ვითარებას, თუ რა პირობებში მიიღო დაზიანებები გარდაცვლილმა ბ. ბ-მა.

4. ამის შემდეგ გადასაწყვეტია მთავარი საკითხი: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელ მოგერიებად სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვაგვარად რომ ითქვას, ლ. კ-ის ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი იწვევს თუ არა ისეთ გონივრულ ეჭვს, რაც შეიძლება მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გახდეს, როგორც ეს გასაჩივრებული განაჩენით არის მიჩნეული. საკასაციო პალატის აზრით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, ხდება დაზარალებულისა და მომხდარი შემთხვევის სხვა თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებების, თვით ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ჩვენების გათვალისწინებითაც, მაგრამ, თანაბრად ამისა, მსგავსი შეფასება დასაშვებია აგრეთვე სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებების გათვალისწინებით, როგორებიცაა: სასამართლო ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, აუდიო–ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ასევე შესაძლებელია, გვევლინებოდეს პირდაპირი მტკიცებულების როლში და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.

5. საკასაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მთავარი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ლ. კ-ის მიერ ბ. ბ-ის განზრახ მკვლელობა გარდაცვლილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში, ხოლო შემდეგ იმავე ბინის მისაღებ ოთახში ცეცხლის წაკიდება ორ სხვადასხვა ადგილზე, აგრეთვე სხვა ფაქტობრივი გარემოებები – ბ. ბ-ის მსჯავრდებულზე დანით თავდასხმისა და, აქედან გამომდინარე, ლ. კ-ის მიერ მსგავსი თავდასხმის მოგერიების არარსებობა, დადგენილია ნაწილობრივ თვით ლ. კ-ის პირდაპირი ჩვენებით, ასევე, ბ. ბ-ის გვამზე ჩატარებული სასამართლო - სამედიცინო ესპერტიზების დასკვნებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, როგორც პირდაპირი მტკიცებულებებით.

6. ლ. კ-ის ჩვენებით ცალსახადაა გარკვეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბ. ბ-ს ის დაზიანებები, რომლებიც მას სხეულზე აღენიშნებოდა, მათ შორის - სასიკვდილო დაზიანებაც, მიღებული აქვს ლ. კ-თან ფიზიკური დაპირისპირებისას და დანის გამოყენებით; ბ. ბ-ის მიერ ჭრილობების მიღებისას და გარდაცვალებისას შემთხვევის ადგილზე ანუ ბ. ბ-ის ბინაში სხვა, მესამე პირი არ ყოფილა; შესაბამისად, მისი სიკვდილის შემდეგ ბ. ბ-ის ბინაში ცეცხლი არ გაჩენილა მესამე პირის მოქმედებით; ბ. ბ-ს სხეულზე თვითდაზიანებები არ მიუყენებია; ლ. კ. თვითონ მივიდა თავისი ინიციატივით ბ. ბ-ის ბინაში მათ შორის ურთიერთობის გასარკვევად.

7. ბ. ბ-ის გვამზე ჩატარებული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სხეულზე აღინიშნება: მრავალრიცხოვანი დაზიანებები ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით სხეულის მარცხენა წინა მხარეს, ასევე კისრის არეში, რომლის სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა ვერ მოხერხდა; მუცლისა და გულ–მკერდის ღრუში შემავალი ორმაგი ჭრილობა – სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც გახდა კიდეც სიკვდილის გამომწვევი მთავარი ფაქტორი; ნაკვეთი ჭრილობა ზურგის არეში, ხერხემალთან, რომელიც მიემართება უკნიდან წინ, თითქმის პირდაპირ. იმავე საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ბ. ბ-ის სხეულზე აღინიშნებოდა სხვა ხასიათის დაზიანებებიც ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.

8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება: მომხდარი შემთხვევის დროს აღნიშნულ ადგილზე ანუ ბ. ბ-ის საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში, არც საწოლზე, სადაც აღმოჩენილია მისი სისხლის ლაქები, და არც იატაკზე არ არსებობდა რაიმე მჭრელი ან მჩხვლეტავი ლითონის საგანი ანდა მინის კუთხოვანი ნამსხვრევი, რომელზე დაცემითაც შესაძლებელი იქნებოდა ბ. ბ-ს ჭრილობა მიეღო ზურგის არეში; ბ. ბ-ის ბინაში გაჩენილი ცეცხლის კვალის, მათ შორის - ცეცხლის ორი ერთმანეთისგან დაშორებული კერის არსებობა; ბ. ბ-ის ბინაში ლ. კ-ის სისხლის კვალის არარსებობა.

9. ზემოაღნიშნული, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების განხილვის შემდეგ სამართლებრივად უნდა შეფასდეს: რამდენად შეესაბამება ამ ფაქტობრივ გარემოებებს მსჯავრდებულ ლ. კ-სა და დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია იმის თაობაზე, რომ ის გახდა ბ. ბ-ის მხრიდან მასზე მიპარვით თავდასხმის ობიექტი, რის შედეგადაც იგი აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში, რა დროსაც მასა და ბ. ბ-ს შორის მიმდინარეობდა ძალისმიერი დაპირისპირება. იმავე ვერსიის თანახმად, ბ. ბ. ურთიერთჭიდილის დროს ცდილობდა მისთვის დანის დარტყმას, მაგრამ ლ. -მა მას დანიანი ხელი დაუჭირა და ცდილობდა დანის წართმევას, თუმცა ეს ვერ მოახერხა – დანა კვლავ ბ. ბ-ს ეჭირა და მისკენ ჰქონდა მიმართული. ამ ჭიდილის დროს ისინი საწოლზე დაეცნენ, რის შემდეგაც გრძელდებოდა მათი ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო ბოლო მომენტში ისინი საწოლიდან იატაკზე გადმოცვივდნენ, მანამდე კი ლ. კ-მა შეძლო მისკენ მიმართული დანა, რომელიც ისევ ბ. ბ-ს ეჭირა ხელში, მისი სხეულისკენ შეეტრიალებინა. შესაძლოა, სწორედ ამ დროს მიიღო გარდაცვლილმა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

10. სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის იმ პოზიციის დადასტურების მიზნით, რომლის მიხედვით, ლ. კ. ქმედების ჩადენისას იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში, ერთმანეთს უპირისპირებს, ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მიერ დანიშნული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტების (ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) და, მეორე მხრივ, დაცვის მხარის მიერ დანიშნული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის (დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი - შპს ,,ვ-ს“) მიერ გაცემულ დასკვნებსა და სასამართლოში მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს. ამასთან, სასამართლო ისე ანიჭებს ამ უკანასკნელს უპირატესობას და იზიარებს მის დასკვნასა და ჩვენებას, რომ განაჩენში არ იკვეთება მსჯელობა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სწორედ მას და არა სხვა ექსპერტების ბევრად უფრო ცხად და კატეგორიულ დასკვნებსა და ჩვენებებს მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ გაზიარებულ საექსპერტო დასკვნაში, ასევე თვით ამ დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენებაშიც ერთობ ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი მოსაზრებები და პოზიციებია გამოხატული ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით საკითხებთან დაკავშირებით.

11. მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიერ მოწოდებული ვერსიის სამართლებრივი შეფასებისას, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი, თვითმხილველი მოწმის პირდაპირი ჩვენება, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რომ თუკი სხვა ლეგიტიმური მტკიცებულებებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები აშკარად გამორიცხავენ ასეთი ვერსიის საფუძვლიანობასა და რეალურ სინამდვილესთან მის შესაბამისობას, მაშინ ეს ვერსია არ უნდა იქნეს მიღებული და გაზიარებული. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში გამოხატულ პოზიციას, რომლის მიხედვით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. კ-ის ჩვენება, რომ თითქოს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირების დროს მან ვერ წაართვა დანა ბ. ბ-ს, ხოლო ზურგის არეში ბ. ბ-თვის ჭრილობის მიყენებისას დანა მას ეჭირა ხელში და არა - მსჯავრდებულს, არ არის უარყოფილი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

12. საკასაციო პალატის აზრით, გარდაცვლილ ბ. ბ-ის სხეულზე სრულიად სხვადასხვა ადგილას დანით მიყენებული დაზიანებები, მათი სიმრავლე და ადგილმდებარეობა, განსაკუთრებით კი ბ. ბ-თვის ზურგში, უკნიდან წინ, თითქმის პირდაპირი მიმართულებით მიყენებული ჭრილობა, მთლიანად გამორიცხავს მსჯავრდებულის ვერსიას, რომ მათი ურთიერთჭიდილის თითქმის მთელი დროის მანძილზე დანა ეჭირა ბ. ბ-ს, რომელიც მუდმივად მისკენ ჰქონდა მიმართული და ის ამაოდ ცდილობდა მის წართმევას, რომ მხოლოდ ბოლო მომენტში, საწოლიდან იატაკზე მათი გადმოვარდნის წინ, მოახერხა მან ბ. ბ-ის ხელში არსებული დანა მისკენ შეეტრიალებინა და შესაძლოა, სწორედ ამ დროს მიიღო გარდაცვლილმა დაზიანება მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის სახით. ეს მაშინ, როდესაც მთელი ამ ჭიდილისა და დაპირისპირების დროს, მისკენ მიმართული დანის მიუხედავად, ლ. კ-ს ერთი მცირე განაკაწრიც კი არ აქვს მიღებული.

13. ამრიგად, საქმეშია მტკიცებულებები, მათ შორის - თვით მსჯავრდებულის ჩვენებაც, რომელთა მეშვეობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ერთი მხრივ, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გარდაცვლილ ბ. ბ-ს მხოლოდ ლ. კ-სგან შეიძლებოდა მიეღო ის დაზიანებები, რომლებმაც ერთობლივად მისი სიკვდილი გამოიწვია, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი მთლიანად გამორიცხავენ საფუძველს სამართლებრივი შეფასებისათვის, რომ ამ დროს მსჯავრდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში, კერძოდ, ბ. ბ-ის თავდასხმის მოსაგერიებლად.

14. იგივე ფაქტობრივი გარემოებები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ზემოთ იყო მოხმობილი, გამორიცხავს ასევე იმის შესაძლებლობას, რომ ლ. კ-მა ბ. ბ-ის მიმართ ქმედება შეიძლება ჩაიდინა გაუფრთხილებლობით. მაშასადამე, არსებობს დასაბუთებული საფუძველი დასკვნისათვის, რომ მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიერ ბ. ბ-ის მიმართ ჩადენილი ქმედების სახით საქმე გვაქვს განზრახ მკვლელობასთან. ამასთან, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, არ მოიპოვება რაიმე საფუძველი ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული ქმედება ლ. კ-მა შესაძლოა, ჩაიდინა ბრალის გარეშე, ვინაიდან არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სისხლის სამართლის კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ანდა სხვა ზეკანონური გარემოება. ყოველივე აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ლ. კ-ის ქმედებაში სახეზეა, ზოგადად, დანაშაულის სამივე ნიშანი, ხოლო კონკრეტულად კი ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებათა გარეშე.

15. სააპელაციო სასამართლო, იმის დასადასტურებლად, რომ მსჯავრდებული ლ. კ. ქმედების ჩადენისას იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში, უთითებს მის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე, როგორც ბ. ბ-ს მიერ მიპარვით მასზე დანით თავდასხმის შედეგზე. იმ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის მიხედვით, რომელიც ბრალდების მხარემ დანიშნა, აღნიშნული დაზიანებები განლაგებულია: მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე – 17 სმ სიგრძის რკალოვანი ჭრილობის სახით; მარცხენა დუნდულოს ზედა შიგნითა კვადრატში – 9 სმ სიგრძის განივად მდებარე ჭრილობის სახით; მარცხენა თეძოს ფრთის არეში, უკანა ზედაპირზე – 6,5 სმ სიგრძის ჭრილობის სახით; იქვე ქვემოთ, 4 სმ მანძილზე – 1,5 სმ სიგრძის ჭრილობის სახით; მარჯვენა თეძოს ფრთის საპროექციოდ, უკანა გვერდითა ზედაპირზე - მორუხო, ღია მოყავისფრო ზოლისებური ნაჭდევების სახით. დაახლოებით იმავეს ადასტურებს დაცვის მხარის მიერ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. აღნიშნული ჭრილობები თავისი ხასიათით ერთობლივად მიეკუთვნებიან ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების კატეგორიას.

16. სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში იმ ვერსიის დადასტურებას, რომლის მიხედვით, ეს ჭრილობები მსჯავრდებულმა მიიღო ბ. ბ-სგან მასზე მოულოდნელი თავდასხმის შედეგად სწორედ იმ მომენტში, როდესაც ის ჯერ კიდევ მის ბინაში იმყოფებოდა და კარისკენ მიდიოდა იმ განზრახვით, რომ ბინა დაეტოვებინა, ცდილობს მსჯავრდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით და, ამასთანავე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს პირველი სართულის კიბის საფეხურიდან, აგრეთვე იმავე სადარბაზოს მე–3– მე–4 სართულებს შორის კიბის საფეხურიდან ამოღებულია იქ დაღვრილი ლ. კ-ის სისხლის ნიმუშები.

17. საკასაციო პალატა მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიერ მიღებული ჭრილობების შესახებ გასაჩივრებულ განაჩენში წარმოდგენილ ვერსიას ვერ გაიზიარებს, რადგან ამ ნაწილში მსჯავრდებულის ჩვენება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გარდაცვლილი ბ. ბ-ის ბინაში არსად – არც საწოლზე, სადაც თვით მსჯავრდებულის ჩვენების მიხედვით, მათ შორის საკმაო ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ორთაბრძოლა, ასევე, არც იატაკსა და არც სხვა ადგილზე არ არის აღმოჩენილი ლ. კ-ს სისხლის კვალი; უფრო მეტიც, ლ. კ-ის სისხლის კვალი არ არის აღმოჩენილი მის ტანსაცმელზეც კი (როგორც ზედა, ისე ქვედა ტანსაცმელზე), რომელიც მას ეცვა ბ. ბ-ის ბინაში ყოფნისას; ლ. კ-ის ჭრილობები ისეთი ხასიათისაა, რომ მას საკმარისი რაოდენობის სისხლი უნდა დაეკარგა, რომლის კვალიც აუცილებლად დარჩებოდა ბინაში, განსაკუთრებით კი - საწოლზე, სადაც მსჯავრდებულის ჩვენების შესაბამისად, მიმდინარეობდა მძაფრი ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მჭრელი პირის მქონე საგნით (სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლ. კ-ს დაზიანებები მიყენებული აქვს მჭრელი პირის მქონე საგნით) ლ. კ-ის სხეულზე ზემოქმედებას უნდა გამოეწვია არა მარტო სხეულის დაზიანებები, არამედ, ასევე ამ დაზიანებების (ჭრილობების) შესაბამის ადგილებზე ტანსაცმლის დაზიანებაც (ლ. კ-ის ტანსაცმელზე მიყენებული ჭრილობების შესატყვისი დაზიანებები არ აღინიშნება).

18. განხილული გარემოებები გამორიცხავს როგორც მსჯავრდებულის მიერ მის ჩვენებაში წარმოდგენილ ვერსიას, ასევე საფუძველს - სააპელაციო სასამართლოს დასკვნისათვის იმის თაობაზე, რომ ჭრილობები, რომლებიც ლ. კ-ს სხეულზე აღმოაჩნდა, მიიღო ბ. ბ-ის ბინაში ყოფნისას, როცა იგი მას დანით თავს დაესხა, რის გამოც, ის აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება მათ შორის და რა დროსაც ბ. ბ-მა მიიღო ის დაზიანებები, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გასაგებია, რომ, თუკი მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს ხსენებული დასკვნა, მაშინ დაუდგენელი რჩება, თუ როდის, სად, ვისგან და რა ვითარებაში მიიღო ლ. კ-მა სხეულზე ჭრილობების სახით მიყენებული დაზიანებები. მაგრამ ეს საკითხი სხვა ძიების საგანი შეიძლება იყოს, რომლის გარკვევა ამ ეტაპზე სასამართლოს მოვალეობას არ წარმოადგენს, რადგან არ მოიპოვება ლეგიტიმური საფუძველი აღნიშნული დაზიანების უშუალოდ ბ. ბ-ის ბინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებისათვის, ხოლო მსჯავრდებულის ჩვენება ამ ნაწილში, როგორც აღინიშნა, აშკარად ეწინააღმდეგება მოცემულ საქმეზე ობიექტურად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატის აზრით, სათანადოდ უნდა შეფასდეს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შეეხება ლ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედების წინასწარ განზრახულ ხასიათს. მხედველობაშია შემდეგი საკითხი: რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მსჯავრდებულის ჩვენების ის ნაწილი, რომლის მიხედვით დანა, რომლითაც მათი ურთიერთდაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო გარდაცვლილმა ბ. ბ-მა, მას არ ჰქონდა, ეს დანა მას დახვდა ბ. ბ-ის ბინაში, დაბალი, პატარა კარადის, ეგრეთ წოდებული ტუმბოს თავზე დადებული, საიდანაც აიღო და შარვლის საწელურში ჩაიდო ზურგის მხარეს, თუმცა შემდეგ ბ. ბ-მა ეს დანა მიპარვით ამოაცალა, თავს დაესხა და მიაყენა ჭრილობები. ბ-ის დასაზიანებლად გამოყენებული დანის წარმომავლობის ეს ვერსია, რომელიც მსჯავრდებულმა წარმოადგინა, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეოკამერის ჩანაწერი, აგრეთვე ლ. კ-ის თანხმობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მასში წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტებით, რომლებზეც აღბეჭდილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობა. საქმეში არსებობს მოწმე გ. გ-ის ჩვენებაც ხსენებულ დანასთან დაკავშირებით და მოწმის სახით დაკითხული იმ პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულმა ლ. კ-მა უარყო საქმის წინასწარი გაომძიების სტადიაზე მიცემული ყველა აღიარებითი ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული.

20. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას საქმეზე #561აპ-15 (პ.სილაგაძე, ნ. გვენეტაძე, გ. შავლიაშვილი) ზ. ტ-სა და ვ. გ-ის მიმართ განმარტებული აქვს შემდეგი: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ გამოიყენეს ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.

21. აღნიშნული განმარტების შესაბამისად, ლ. კ-ის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევნატურ მტკიცებულებას, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს ლ. კ-ის აღიარებითი ჩვენების ნაწილს.

22. მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები, მათთან ერთად ლ. კ-ც, მოძრაობენ და გადაადგილდებიან აღნიშნული მაღაზიის მიმართულებით თვით ბრალდებულის მითითებების შესაბამისად, რომელიც თავისი ხელით უჩვენებს მათ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ, ასევე მაღაზიის ადგილმდებარეობას (ბ-ის ქ. №--). ის ასევე უჩვენებს ექსპერიმენტში მონაწილე გამომძიებლებს იმავე მაღაზიაში იმ სექციას, სადაც გასაყიდად დანებია გამოფენილი. მაღაზიის თანამშრომელი გ. გ., რომელიც სასამართლოში მოწმედ დაკითხეს, თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ ამ მაღაზიაში ნამდვილად იყიდება სწორედ ისეთი ტიპის და ფორმის დანები, როგორიც საქმეში ფიგურირებს, რაც ასევე დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით.

23. ბუნებრივია, რომ ისმება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ შეეძლო ლ. კ-ს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამომძიებლები მიეყვანა ზემოხსენებულ მაღაზიაში, თუკი მანამდე იქ არ იყო ნამყოფი? უფრო მეტიც, მანამდე მას საერთოდ არ უნდა სცოდნოდა ამ უბანში მსგავსი მაღაზიის არსებობის შესახებ, ვინაიდან ის არ იყო ამ უბნის მაცხოვრებელი. ამას უდავოდ ადასტურებს, ასევე, ლ. კ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ მომხდარ შემთხვევამდე მან ბ. ბ-ის საცხოვრებელი ბინის მისამართიც კი არ იცოდა. თავის ჩვენებაში იგი აღნიშნავს, რომ მისგან თანხის სესხების შემდეგ ბ. ბ. თავს არიდებდა და კონტაქტზე არ გადიოდა. ამიტომ მან შეიძინა მობილური ტელეფონის სხვა ნომერი და შეცვლილი ხმით დაურეკა ბ. ბ-ს, რომელსაც კლიენტად გაეცნო და შეუთანხმდა მას შეხვედრაზე. ამ საუბრის დროს უთხრა ბ. ბ-მა თავისი საცხოვრებელი ბინის მისამართი, რის შემდეგაც ის მივიდა მასთან სახლში.

24. დაცვის მხარეს საქმის სასამართლო განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის თანხმობის გარეშე, იძულებით ან მოტყუებით, ანდა სხვა უკანონო საშუალებითა თუ მისი რომელიმე საპროცესო უფლების დარღვევით. ამიტომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და მასში წარმოდგენილი მისი მიმდინარეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტების, როგორც მტკიცებულების, სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ეს უკანასკნელი და მასთან ერთად მოწმე გ. გ-ის ჩვენება, ერთობლივად იმაზე მიუთითებს, რომ ლ. კ-მა დანა, რომლითაც ქმედება ჩაიდინა, ცოტა ხნით ადრე წინდაწინ შეიძინა ხსენებულ მაღაზიაში, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს აღნიშნული ქმედების სპონტანურ ხასიათს, როგორც მსჯავრდებულს სურს ის წარმოადგინოს, მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს წინასწარ მოფიქრებულ, გამიზნულ ქმედებასთან.

25. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი საიმისოდ, რომ ლ. კ-ის მიერ ბ. ბ-ის მიმართ ჩადენილი ქმედება სამართლებრივად შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავის დაცვის მიზნით განხორციელებულ აუცილებელ მოგერიებად, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია. საკასაციო პალატის აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მსჯავრდებულმა ლ. კ-მა ჩაიდინა ბ. ბ-ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებათა გარეშე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება რელევანტური საფუძველი ამ ფაქტის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობისთვის.

26. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 187–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე ლ. კ-ის მსჯავრდების თაობაზე, როგორც მტკიცებით ნაწილში, ასევე სამართლებრივ დასკვნებთან მიმართებით, რადგან მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში საფუძვლიანად და ამომწურავად არის განხილული და დადასტურებული, რომ ლ. კ-ს ნამდვილად აქვს ბრალეულად ჩადენილი აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. ამიტომ მსჯავრდებულის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება მასში წარმოდგენილი მოტივების უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატა ეთანხმება ასევე ამ დანაშაულების გამო მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელების სახეებსა და ზომებს, მთლიანობაში კი ლ. კ-ის მსჯავრდების ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

27. საბოლოოდ საკასაციო პალატამ დაასკვნა შემდეგი: მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვს გამართლებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად. პროკურორ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის საუარესოდ შებრუნების მიზნით, კერძოდ: ლ. კ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ბ. ბ-ის განზრახ მკვლელობის ჩადენაში და ამ ნაწილში მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

28. აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე და შედეგი, ასევე ის გარემოება, რომ ამ დანაშაულის ჩადენას წინ უსწრებდა ლ. კ-ის მიერ იმავე დღეს სხვა განზრახი დანაშაულის ჩადენა, რომლის შემდეგაც მან კიდევ ერთი განზრახი დანაშაული ჩაიდინა, ხოლო მისი პასუხისმგებლობის სხვა დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განზრახ მკვლელობისათვის ლ. კ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც საკმარისი იქნება მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.

29. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. პროკურორ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ლ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 108-ე მუხლით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ლ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2014 წლის 12 ნოემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე