საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-732-1060-07 30 აპრილი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. მ-ნია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. კ-აძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ნიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. კ-აძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ნ-იოს აღმართ ¹..-ში მდებარე ბინის 4\5 ნაწილის გამოთხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო საცხოვრებელი ფართი მოსარჩელე მ. მ-ნიას 2004 წლის 2 ივლისს მემკვიდრეობით გადაეცა ბებია ანასტასია იორდანიშვილისაგან და დღეისათვის ქ.თბილისში, ნ-იოს აღმართ ¹..-ში მდებარე ბინის 4/5 წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. 1944 წელს მოსარჩელის ბებია ანასტასია იორდანიშვილმა მოპასუხე მ. კ-აძის მამამთილთან (პირველი მეუღლის მამასთან) – სტეფანე სააკიანთან გააფორმა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისა და აღნიშნულის სანაცვლოდ 3500 (სამი ათას ხუთასი) მანეთის მიღების შესახებ ხელწერილი. სტეფანე სააკიანი 1968 წელს ამოეწერა სადავო ფართიდან და დარეგისტრირდა ქ.თბილისში, მუხიანის მე-2 მ\რ-ის ¹9 კორპუსში მდებარე ¹29 ბინაში. ამ მისამართზე სტეფანე სააკიანის რეგისტრაცია მოიხსნა 1994 წელს მისი გარდაცვალების გამო. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული ფაქტით დასტურდება, რომ ანასტასია იორდანიშვილსა და სტეფანე სააკიანს შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობასთან დაკავშირებული 1944 წელს წარმოშობილი ურთიერთობა შეწყდა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მ. კ-აძის პირველმა მეუღლემ და სტეფანე სააკიანის შვილმა გიორგი სააკიანმა 1974 წლის 17 სექტემბერს გააფორმეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება ქეთი იორდანიშვილ-კირვალიძესთან, რითაც გიორგი სააკიანს მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ქეთი იორდანაშვილ-კირვალიძის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ნ-იოს აღმართ ¹..-ში მდებარე ბინის 1\5-ით. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ფართი წარმოადგენს დალი ბურჭულაძის საკუთრებას, რომელიც მან შეიძინა ქეთი იორდანაშვილ-კირვალიძის შვილისაგან თინა მასურიშვილისაგან.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 1974 წელს გიორგი სააკიანმა იქორწინა მოპასუხე მ. კ-აძესთან, იგი საცხოვრებლად გადავიდა და 1976 წელს დარეგისტრირდა ქ.თბილისში, ნ-იოს აღმართ ¹..-ში მდებარე ბინაში. 1986 წელს გიორგი სააკიანმა მიიღო თბილისში, მუხიანის დასახლება I მ\რ-ის მე-13 კორპუსში მდებარე ბინა ¹6 და ცოლ-შვილთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ამ მისამართზე. ქ.თბილისში, ნ-იოს აღმართ ¹..-ში მდებარე ბინიდან გიორგი სააკიანი ამოეწერა 1986 წლის 22 ივნისს, ხოლო მ. კ-აძე - 1990 წლის 9 ოქტომბერს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გიორგი სააკიანმა და მისმა ყოფილმა მეუღლე მ. კ-აძემ სადავო ფართთან დაკავშირებით დაკარგეს მდგმურის სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით, მაყვალა კაპანაძე გიორგი სააკიანთან განქორწინების შემდეგ, მეორე მეუღლესთან ერთად, დაბრუნდა საცხოვრებლად ქ.თბილისში, ნ-იოს ქ. ¹..-ში და უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ცხოვრობს იმ ფართში, რომელშიც ცხოვრობდა სტეფანე სააკიანი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ნ-იოს აღმართ ¹..-ში მდებარე ბინის 4\5-ის გამოთხოვა მ. კ-აძის, მისი ამჟამინდელი მეუღლისა და შვილების უკანონო მფლობელობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ნიას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გამოთხოვილ იქნა მოპასუხე მ. კ-აძის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ნ-იოს აღმართ ¹..-ში მდებარე ბინის მ. მ-ნიას საკუთრებაში არსებული 4/5 ნაწილი, სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე მ. კ-აძის ოჯახის წევრების მფლობელობიდან ქ.თბილისში, ნ-იოს აღმართ ¹..-ში მდებარე ბინის მ. მ-ნიას საკუთრებაში არსებული 4/5 ნაწილის გამოთხოვის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-აძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-აძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. მ-ნიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ მ. კ-აძე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეკრულების ურთიერთობის მონაწილეს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, მ. კ-აძის ყოფილ მეუღლესა და მამამთილს და ბინის მესაკუთრეს შორის საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის ხელშეკრულებები შეწყდა, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულება დადებულ იქნა მ. კ-აძესა და ბინის ყოფილ მესაკუთრე მ. მ-ნიას მამკვიდრებლებს შორის. ამდენად, ჩათვალა, რომ მოპასუხე მ. კ-აძე სადავო ბინას ფლობს მართლზომიერად, ხელშეკრულების საფუძველზე, იგი არ წარმოადგენს ნივთის უკანონო მფლობელს და, შესაბამისად, დაუშვებელია მისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, გარდა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წამოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურდებოდა მ. კ-აძის უკანონო მფლობელობა, მისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მ. მ-ნიას ვერ ექნებოდა, ვინაიდან ნივთი, ბინა, წარმოადგენს საერთო საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანამ. მ-ნიამ.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 377-ე მუხლები, კერძოდ, სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, ვინაიდან აპელანტი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ არის ყოფილი ე.წ. “ატსტუპნიკი” და მისი ყოფილი მამამთილის “ოჯახის წევრი”. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კანონი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ და არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ნიას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე მ. კ-აძემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ნიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ნიორაძის აღმართ ¹..-ში მდებარე ბინის 4/5 ნაწილი იყო მოსარჩელე მ. მ-ნიას ბებიის, ანასტასია იორდანიშვილის, საკუთრება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილ იქნა, რომ ანასტასია იორდანიშვილს და მოპასუხე მ. კ-აძის ყოფილ მამამთილ - სტეფანე სააკიანს შორის 1944 წლის ივნისში დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ანასტასია იორდანიშვილმა 3500 მანეთის სანაცვლოდ სტეფანე სააკიანს დაუთმო სადავო ბინა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 1974 წელს მოპასუხე მ. კ-აძე და გიორგი სააკიანი, სტეფანე სააკიანის შვილი, დაქორწინდნენ. 1974 წლის 17 სექტემბერს გიორგი სააკიანსა და იმავე სახლთმფლობელობის 1/5 წილის მესაკუთრე ქეთი იორდანიშვილს შორის დაიდო ბინის 1/5-ით სარგებლობის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილ იქნა, რომ მ. კ-აძე ზემოაღნიშნულ სადავო ბინაში რეგისტრირებულ იქნა 1976 წლის 18 თებერვლიდან.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1990 წელს მ. კ-აძე და გიორგი სააკიანი განქორწინდნენ. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სტეფანე სააკიანმა სადვო მისამართზე მფლობელობა შეწყვიტა და 1994 წლის ივლისამდე რეგისტრირებული იყო მუხიანში, ასევე მფლობელობა შეწყვიტა აღნიშნულ მისამართზე მ. კ-აძის მეუღლე გიორგი სააკიანმა 1986 წლის 22 ივლისს.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-აძის რეგისტრაციით სადავო მისამართზე, მის მიერ კომუნალური გადასახადებისა და ქირის გადახდის დოკუმენტებით დასტურდება საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ფაქტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, რადგან ყოფილი რძალი მ. კ-აძე არ წარმოადგენს მისი ყოფილი ქმრისა და ყოფილი მამამთილის უფლებამონაცვლეს. ამასთან ერთად, კასატორი აღნიშნავს, რომ ანასტასია იორდანიშვილი გარდაიცვალა უფრო ადრე ვიდრე მ. კ-აძე გადმოვიდოდა საცხოვრებლად სადავო ბინაში, ამდენად კასატორს მიაჩნია, რომ საცხოვრებელი სადგომის ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა მათ შორის.
არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის აღნიშნული მოსაზრება. ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქრთველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წარმოშობილი ურთიერთობა. ამდენად, ამ შემთხვევაში ანგარიშგასაწევია ის, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონი განსაზრღვრავს იმ ფაქტობრივ გარემოებათა წრეს, რომლის არსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობას.
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქრთველოს კანონი 1¹ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.
ამდენად, განსახილველი ნორმის თანახმად, მოსარგებლე შეიძლება იყოს ერთ შემთხვევაში პირი, რომელსაც კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მეორე შემთხვევაში პირი, რომელსაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კანონი განსაზღვრავს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის არსებობა უთითებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებაზე.
საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების ფაქტის არსებობაზე მითითებული ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილში, რომლის თანახმად “გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით ანდა მესაკუთრესათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა)”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მ. კ-აძე რეგისტრირებულია სადავო მისამართზე, იგი იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და ქირას, რაც, ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგებიდან წარმოშობილ ურთიერთობას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის გათვალისწინებით მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტებს, რომ სადავო ფართის მფლობელობა სტეფანე სააკიანმა და გიორგი სააკიანმა შეწყვიტეს, ამოეწერეს აღნიშნული მისამართიდან და გადავიდნენ სხვა მისამართზე საცხოვრებლად.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 1996 წლამდე მ. კ-აძე მართლზომიერად ფლობდა სადავო ფართს (ამის უფლება მას გააჩნდა როგორც საცხოვრებელი სადგომის დათმობის ურთიერთობის ერთერთ ოჯახის წევრს), აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ის იხდის კომუნალურ გადასახადებს და რეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მ. კ-აძის ყოფილი ქმარს- გიორგი სააკიანსა და ქეთი კირვალიძე-იორდანიშვილს შორის 1974 წელს დადებული იყო ამ უკანასკნელის 1/5 წილის საკუთრებაზე დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თუ გიორგი სააკიანი გადავიდოდა სხვა ადგილას საცხოვრებლად ქეთი კირვალიძე-იორდანიშვილი კისრულობდა ვალდებულებას, გადაეხადა მისთვის 2000 მანეთი, რაც მისი სიკვდილის შემდეგ შეასრულა მისმა რძალმა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, ხოლო სააკიანის ოჯახი ამოეწერა ნ-იოს აღმართი ¹.., რითაც შეწყდა მათ შორის ზემოაღნიშნული ურთიერთობა.
ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს უფლების სასამართლო წესით დაცვის სამართლებრივ წინაპირობებს, რომელიც გამოიხატება იმ პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობაში, ვისი უფლებაც ან კანონით გათვალისწინებული ინტერესი მოითხოვს დაცვას.
კონკრეტულ შემთხვევაში (რაზედაც ასევე უთითებს კასატორი) 1/5 ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქეთი კირვალიძე-იორდანიშვილს, ხოლო ამჟამად (როგორც ეს მითითებულია საკასაციო საჩივარში) აღნიშნული ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს დალი ბურჭულაძე. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ კასატორი მ. მ-ნია არ წარმოადგენს აღნიშნული ფართის 1/5 წილის მესაკუთრეს. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნულ არგუმენტებზე, რადგან მიიჩნია, რომ 1/5 წილზე კასატორს არ გააჩნია უფლება და კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ამ უფლების დაცვის სამართლებრივი წინაპირობები.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ო ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ნიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.