საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-732-948-08 23 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი _ პ. ტ-სკი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. თ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ოვა, ქ. ა-ოვა, ა. ჩ-აძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ც. ფ-აძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ტ-სკიმ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ოვას, მარია ჩერნიხი-ხუციშვილის, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1995 წლის 17 მარტის ¹4-08/141 განკარგულებით ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევის ¹23-ში მდებარე სახლთმფლობელობა დაკანონდა აწ გარდაცვლილი მოსარჩელის ბაბუის ტიხონ ტარტინსკის სახელზე. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წლიდან სადავო სახლთმფლობელობა საჯარო რეესტრში აღირიცხა ბაბუის _ მემკვიდრე პ. ტ-სკის სახელზე. მოპასუხეები არიან მოსარჩელის ნათესავები, რომლებთანაც პ.ტარტინსკის არაერთი სასამართლო დავა ჰქონდა ტიხონ ტარტინსკის სახელზე ქონების დაკანონებისა და მის მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, თუმცა მითითებული დავები პ.ტარტინსკის სასარგებლოდ გადაწყდა. მოსარჩელის არაერთი უშედეგო მიმართვის მიუხედავად, მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ და არ ათავისუფლებენ სადავო სახლთმფლობელობის ნაწილს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: ტარტინსკების ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა 1935 წელს. 1937 წელს მათ შეიძინეს ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველ შესახვევში მდებარე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც გაფორმდა ტიხონ ტარტინსკის სახელზე. აღნიშნულ ნაკვეთზე ტ.ტარტინსკიმ და მისმა ძმა ანდრეიმ ააშენეს ლიტერ “ა” ნაგებობა, ხოლო მისმა დებმა პრასკოფიამ და ვასილისამ უკანონო ნაგებობები ლიტერ “ბ” და “ვ”, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ოჯახებთან ერთად. მოპასუხე მ. მ-ოვა არის ვასილისა ტარტინსკის შვილიშვილი, რომელიც სადავო ბინაში გაიზარდა და ამჟამად ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად. აღნიშნულის მიუხედავად, პ. ტ-სკიმ მთელი სახლთმფლობელობა უკანონოდ დააკანონა ტიხონ ტარტინსკის სახელზე და მემკვიდრეობა მთლიანად მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება მარია ჩერნიხი-ხუციშვილის მიმართ შეწყდა მოპასუხის გარდაცვალების გამო. ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით კი პ. ტ-სკის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევის ¹23-ში მდებარე პ.ტარტინსკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა გამოთხოვილ იქნა მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვას, ა. ჩ-აძის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და პ.ტარტინსკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1995 წლის 17 მარტის ¹4-08/141 განკარგულებით ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევის ¹23-ში მდებარე სახლთმფლობელობა დაკანონდა ტიხონ ტარტინსკის სახელზე. დაკანონებამდე აღნიშნული უძრავი ქონება, როგორც უკანონო, ირიცხებოდა ტიხონ ტარტინსკის სახელზე. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევის ¹23-ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელე პ. ტ-სკის საკუთრებად. პ. ტ-სკი არის ტიხონ ტარტინსკის შვილი, მ. მ-ოვა _ მისი დის ვასილისას შვილიშვილი (მარია ჩერნიხი-ხუციშვილის შვილი), ქ. ა-ოვა და ა. ჩ-აძე კი მ.მარტინოვას ქალიშვილი და სიძე. მ. მ-ოვა და ქ. ა-ოვა ცხოვრობენ და ჩაწერილები არიან სადავო სახლში, ამასთან, მ.მარტინოვა ჩაწერილია 1974 წლიდან, ისინი იხდიან კომუნალურ გადასახადებსაც, რაც მხარეთა შორის სადავო არ არის. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პ.ტარტინსკის მოსაზრება, რომ სადავო ფართზე მოპასუხეების მართლზომიერ მფლობელებად მიჩნევის შემთხვევაშიც, მესაკუთრის მიერ მათ მიმართ წამოყენებული დასაბუთებული პრეტენზია მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. მ-ოვა წარმოადგენს სადავო ბინის მოსარგებლეს, ამდენად, მოცემული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის, ასევე მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის თაობაზე გარიგების არსებობის დასადასტურებლად საკმარისია პირის სადავო ფართში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს სადავო ფართის სარგებლობის უფლება მიღებული აქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, რაც დასტურდება აღნიშნულ სადგომში მ. მ-ოვას რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით. პალატამ ჩათვალა, რომ სადავო უძრავი ქონების ტიხონ ტარტინსკის სახელზე მისი გარდაცვალების შემდეგ, 1995 წელს დაკანონებისა და აღრიცხვის მიუხედავად, სადავო ურთიერთობა მაინც მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის არსებულ კატეგორიას განეკუთვნება, რადგან სადავო ფართზე სარგებლობის უფლება მოსარგებლეს მიანიჭა იმ პირმა, რომლის სახელზეც საბოლოოდ აღირიცხა ქონება, შესაბამისად, მ.მარტინოვას ჩაწერა, ცხოვრება და კომუნალური გადასახადების გადახდა მისთვის საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების მინიჭებას გულისხმობდა. ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის მესამე ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ პ.ტარტინსკის მოთხოვნა მოპასუხეების მფლობელობიდან ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე უძრავი ნივთის გამოთხოვის თაოაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რადგან მხარემ ვერ წარადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და საფუძვლით. სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია პ.ტარტინსკის არგუმენტი, რომ აპელანტთა მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ საქმის წარმოების შეჩერება და სააპელაციო სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელა. პალატის მითითებით, აპელანტებმა დააზუსტეს მოთხოვნა და საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში მოითხოვეს უკანონო და არასწორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო პ.ტარტინსკის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც აპელანტები უთითებენ მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც იქნა მითითებული, მათი სამართლებრივი შეფასება კი სასამართლომ უნდა განახორციელოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პ. ტ-სკიმ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მ.მარტინოვა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლედ არასწორად ჩათვალა საცხოვრებელი სადგომის დათმობის გარიგების საფუძველზე, ვინაიდან მხოლოდ რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა აღნიშნული გარიგების არსებობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის. გარიგების დადება უნდა დადასტურდეს ასევე მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდითაც, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. სადავო გარიგების არარსებობას ადასტურებს ასევე ის ფაქტიც, რომ მხარეთა შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა სადავო ფართის მფლობელობასთან დაკავშირებით, კასატორი ასაჩივრებდა მ.მარტინოვას რეგისტრაციის სისწორეს იმ მოტივით, რომ რეგისტრაცია საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს მიერ 1997 წლის 30 აპრილის დასკვნით უკანონოდ იყო განხორციელებული. რაც შეეხებათ დანარჩენ მოპასუხეებს, ისინი არ იყვნენ რეგისტრირებული სადავო ფართში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებანი ერთვის საკასაციო საჩივარს და მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, აღსანიშნავია, რომ მითითებული დოკუმენტები ვერ იქნებოდა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მოსარგებლის საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენდა და სააპელაციო ინსტანციამდე სადავო არ იყო. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მეშვიდე ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტი მოსარგებლედ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უცვნია და აღნიშნული არც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ გამხდარა, რის გამოც ზემოხსენებული მტკიცებულებების წარდგენა საჭირო არ იყო და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო საქმისათვის მნიშვნელობის არქონის მოტივით მათ საქმეს არც დაურთავდა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ტ.ტარტინსკი წინააღმდეგი იყო, მის დას ეცხოვრა სადავო ფართში, რაც ასევე მიუთითებს, რომ იგი კუთვნილი საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგებას მოწინააღმდეგე მხარესთან არ დადგებდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და დაარღვია ამავე კოდექსის მე-3, 248-ე მუხლები. ასევე აღსაშნავია, რომ საფუძველს მოკლებულია აპელანტთა მითითება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ამავე მხარეებს შორის, ამავე საფუძვლებით, ამავე დავის საგანზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, რადგან ასეთი გადაწყვეტილება მათ სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევი, ¹23-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძეს, მოცემული შეთანხმების მეოთხე პუნქტში მითითებული პირობების დაცვის შემთხვევაში საკუთრების უფლებით გადაეცემათ 112 კვადრეტული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე ლიტ. ,,ა” ნაგებობით. დასახელებულ პირთათვის გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგინდება შემდეგნაირად: ლიტ. ,,ა” ნაგებობის კუთხიდან (ქუჩის მხრიდან) 10 მეტრი სიგანის ზოლი და ამ ზოლის პერპენდიკულარულად, რაც ფართობის მიხედვით შეადგენს 112 კვადრატულ მეტრს (10X11,2);
2. ხსენებული პარამეტრების დაცვით და მხარეთა სრული იზოლირების მიზნით ლიტ. ,,ა” ნაგებობიდან 10 მეტრის ნიშნულზე, ეზოს სიღრმეში 11,2 მეტრის მანძილზე და ასევე, ამ ნიშნულიდან ხელმარჯვნივ, მეზობლად მდებარე სახლის ღობემდე, ლიტ. ,,ა” და ლიტ ,,ვ” ნაგებობებს შორის, არაუგვიანეს 2009 წლის პირველი მაისისა, აღიმართება სულ მცირე 2 მეტრის სიმაღლის ბლოკით აშენებული, კაპიტალური ღობე, რომლის აშენებას ორგანიზაციულად და ფინანსურად კისრულობს ა. ჩ-აძე;
3. დღეის მდგომარეობით არსებული რკინის ჭიშკარი რჩება პ. ტ-სკის მფლობელობაში და მ. მ-ოვა, ქ. ა-ოვა და ა. ჩ-აძე მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე შესასვლელს მოაწყობენ დამოუკიდებლად, პ. ტ-სკის მფლობელობაში დატოვებული ჭიშკრის დაუზიანებლად. ამასთან, ამავე ვადაში მთლიანად გაათავისუფლებენ დღეისათვის მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას _ ლიტ ,,ბ” და ლიტ ,,ვ” ნაგებობებს და შესაბამის მიწის ნაკვეთს და ამ ქონებას დაუზიანებელ მდგომარეობაში აბარებენ პ. ტ-სკის;
4. საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ, პ. ტ-სკი მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვას და ა. ჩ-აძისაგან, კომპენსაციის სახით, არაუგვიანეს 2009 წლის პირველი მაისისა, მიიღებს 10000 (ათი ათას) ლარს, საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის და აშშ დოლარის დღევანდელი თანაფარდობის, 1 X 1,66 კურსის შესაბამისად, რომელიც უნდა ჩაირიცხოს პ. ტ-სკის შემდეგ საბანკო ანგარიშზე _ სს ,,საქართველოს ბანკი”-ს ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი 220101502, მიმღები პ. ტ-სკი, მიმღების ანგარიში _ 114697701 (შენიშვნა: ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც ერთდროულად, ისე ეტაპობრივად);
5. დასახელებული ვადისათვის, ანუ 2009 წლის პირველი მაისისათვის მე-4 პუნქტში მითითებული თანხის 10000 (ათი ათასი) ლარის პ. ტ-სკის საბანკო ანგარიშზე სრულად ჩარიცხვის შემდეგ, არაუგვიანეს 2009 წლის 10 მაისისა, პ. ტ-სკი ვალდებულებას იღებს გადასცეს მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვას და ა. ჩ-აძეს საკუთრებაში, ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევი, ¹23-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოცემული შეთანხმების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული საზღვრების სრული დაცვით, 112 (ასთორმეტი) კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე ლიტ ,,ა” ნაგებობით, რისთვისაც ის შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. მითითებულ ვადაში, ანუ 2009 წლის 11 მაისამდე, პ. ტ-სკის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძის მიერ პ. ტ-სკის საბანკო ანგარიშზე 10000 (ათი ათასი) ლარის 2009 წლის პირველ მაისამდე სრულად ჩარიცხვის პირობისას, ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევი, ¹23-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოცემული შეთანხმების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული საზღვრების სრული დაცვით, 112 (ასთორმეტი) კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე ლიტ. ,,ა” ნაგებობით, აღირიცხება მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძის სახელზე;
6. იმ შემთხვევაში, თუ მე-4 პუნქტში მითითებული ვადისათვის, ანუ 2009 წლის პირველი მაისისათვის პ. ტ-სკის საბანკო ანგარიშზე სრულად არ იქნება ჩარიცხული საკომპენსაციო თანხა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და/ან არ იქნება აღმართული მეორე პუნქტში მითითებული კაპიტალური ღობე, პ. ტ-სკი იტოვებს უფლებას თავად გადაუხადოს მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძეს საკომპენსაციო თანხა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, მეოთხე პუნქტში მითითებული კურსის მიხედვით, მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე და მოითხოვოს მათი გამოსახლება;
7. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეისათვის სადავო ტერიტორიაზე არსებული წყლისა და გაზის გაყვანილობა და შესაბამისი მრიცხველები გადატანილი იქნება მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მათივე ხარჯებით, ტექნიკური ნორმების დაცვით, ხოლო პ. ტ-სკისათვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე ანალოგიური კომუნიკაციები მოეწყობა პ. ტ-სკის მიერ, ასევე ტექნიკური ნორმების განუხრელი დაცვით.
მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ტ-სკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გიორგი თ-იძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება პ. ტ-სკისა და მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვას, ა. ჩ-აძეს შორის შემდეგი პირობებით:
1. ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევი ¹23-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძეს, მოცემული შეთანხმების მეოთხე პუნქტში მითითებული პირობების დაცვის შემთხვევაში საკუთრების უფლებით გადაეცემათ 112 კვადრეტული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე ლიტ. ,,ა” ნაგებობით. დასახელებულ პირთათვის გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგინდება შემდეგნაირად: ლიტ. ,,ა” ნაგებობის კუთხიდან (ქუჩის მხრიდან) 10 მეტრი სიგანის ზოლი და ამ ზოლის პერპენდიკულარულად, რაც ფართობის მიხედვით შეადგენს 112 კვადრატულ მეტრს (10X11,2);
2. ხსენებული პარამეტრების დაცვით და მხარეთა სრული იზოლირების მიზნით ლიტ. ,,ა” ნაგებობიდან 10 მეტრის ნიშნულზე, ეზოს სიღრმეში 11,2 მეტრის მანძილზე და ასევე, ამ ნიშნულიდან ხელმარჯვნივ, მეზობლად მდებარე სახლის ღობემდე, ლიტ. ,,ა” და ლიტ ,,ვ” ნაგებობებს შორის, არაუგვიანეს 2009 წლის პირველი მაისისა, აღიმართება სულ მცირე 2 მეტრის სიმაღლის ბლოკით აშენებული, კაპიტალური ღობე, რომლის აშენებას ორგანიზაციულად და ფინანსურად კისრულობს ა. ჩ-აძე;
3. დღეის მდგომარეობით არსებული რკინის ჭიშკარი რჩება პ. ტ-სკის მფლობელობაში და მ. მ-ოვა, ქ. ა-ოვა და ა. ჩ-აძე მათთვის გამოყოფილ ტერირორიაზე შესასვლელს მოაწყობენ დამოუკიდებლად, პ. ტ-სკის მფლობელობაში დატოვებული ჭიშკრის დაუზიანებლად. ამასთანავე, ამავე ვადაში მთლიანად ათავისუფლებენ დღეისათვის მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას _ ლიტ ,,ბ” და ლიტ ,,ვ” ნაგებობებს და შესაბამის მიწის ნაკვეთს და ამ ქონებას დაუზიანებელ მდგომარეობაში აბარებენ პ. ტ-სკის;
4. საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ, პ. ტ-სკი მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვას და ა. ჩ-აძისაგან, კომპენსაციის სახით, არაუგვიანეს 2009 წლის პირველი მაისისა, მიიღებს 10000 (ათი ათას) ლარს, საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის და აშშ დოლარის დღევანდელი თანაფარდობის, 1 X 1,66 კურსის შესაბამისად, რომელიც უნდა ჩაირიცხოს პ. ტ-სკის შემდეგ საბანკო ანგარიშზე _ სს ,,საქართველოს ბანკი”-ს ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი 220101502, მიმღები პ. ტ-სკი, მიმღების ანგარიში _ 114697701 (შენიშვნა: ჩარიცხვა შესაძლებელია როგორც ერთდროულად, ისე ეტაპობრივად);
5. დასახელებული ვადისათვის, ანუ 2009 წლის პირველი მაისისათვის მე-4 პუნქტში დასახელებული თანხის 10000 (ათი ათასი) ლარის პ. ტ-სკის საბანკო ანგარიშზე სრულად ჩარიცხვის შემდეგ, არაუგვიანეს 2009 წლის 10 მაისისა, პ. ტ-სკი ვალდებულებას იღებს გადასცეს მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვას და ა. ჩ-აძეს საკუთრებაში, ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევი, ¹23-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოცემული შეთანხმების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული საზღვრების სრული დაცვით, 112 (ასთორმეტი) კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე ლიტ ,,ა” ნაგებობით, რისთვისაც ის შესაბამისი განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. მითითებულ ვადაში, ანუ 2009 წლის 11 მაისამდე, პ. ტ-სკის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძის მიერ პ. ტ-სკის საბანკო ანგარიშზე 10000 (ათი ათასი) ლარის 2009 წლის პირველ მაისამდე სრულად ჩარიცხვის პირობისას, ქ.თბილისში, ზემო ვაკის პირველი შესახვევი, ¹23-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოცემული შეთანხმების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული საზღვრების სრული დაცვით, 112 (ასთორმეტი) კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე ლიტ. ,,ა” ნაგებობით, აღირიცხება მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძის სახელზე;
6. იმ შემთხვევაში, თუ მე-4 პუნქტში მითითებული ვადისათვის, ანუ 2009 წლის პირველი მაისისათვის პ. ტ-სკის საბანკო ანგარიშზე სრულად არ იქნება ჩარიცხული საკომპენსაციო თანხა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და/ან არ იქნება აღმართული მეორე პუნქტში მითითებული კაპიტალური ღობე, პ. ტ-სკი იტოვებს უფლებას თავად გადაუხადოს მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძეს საკომპენსაციო თანხა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, მეოთხე პუნქტში მითითებული კურსის მიხედვით, მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე და მოითხოვოს მათი გამოსახლება;
7. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეისათვის სადავო ტერიტორიაზე არსებული წყლისა და გაზის გაყვანილობა და შესაბამისი მრიცხველები გადატანილი იქნება მ. მ-ოვას, ქ. ა-ოვასა და ა. ჩ-აძისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მათივე ხარჯებით, ტექნიკური ნორმების დაცვით, ხოლო პ. ტ-სკისათვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე ანალოგიური კომუნიკაციები მოეწყობა პ. ტ-სკის მიერ, ასევე ტექნიკური ნორმების განუხრელი დაცვით.
შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
კასატორ პ. ტ-სკის დაუბრუნდეს გიორგი თ-იძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.