ას-73-406-09 16 ივნისი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი _ ნ. ტ-ოვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. და დ. დ-ოვები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ტ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. და დ. დ-ოვების მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და საცხოვრებელი ფართიდან 1/3-ის გამოყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები არიან აწ გარდაცვლილი ა. დ-ოვის მემკვიდრეები და მათ საერთო საკუთრებაშია ქ.ბათუმში, ... ქ.¹27-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე ვერ სარგებლობს მითითებული ბინის კუთვნილი წილით, რადგან მას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები თავიანთი ოჯახის წევრებთან ერთად. ამდენად, სადავო უძრავ ნივთზე საზიარო უფლება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელეს გამოეყოს ბინის ¹13 ოთახი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. ამავე სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დ. და ვ. დ-ოვებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მისამართები საქმეში მითითებულ იქნა მოსარჩელის მიერ. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მერიის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა უწყებების ჩაბარება მოპასუხეებისათვის ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო. მოპასუხეებს უწყებები ამჯერადაც ვერ ჩაბარდათ და 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე გაზეთ «ა...ში» 2007 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია სასამართლომ მხარისათვის ჩაბარებულად გაზეთში მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩათვალა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილის თანახმად, დ.დ-ოვი იმყოფება უცხოეთში, ხოლო ვ.დ-ოვი ცხოვრობს რუსეთში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება. პალატის მითითებით, მართალია, ვ. დ-ოვმა მინდობილობა გასცა დ. დ-ოვზე, მაგრამ აღნიშნული მინდობილობა არ შეიცავდა ამავე კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილ უფლებებს, რის გამოც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ტ-ოვამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დ.დ-ოვის მიერ წარდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა სასამართლოში უფლების დაცვის დამადასტურებელ მტკიცებულებად მაშინ, როდესაც ამ მინდობილობაში მკაფიოდაა მითითებული, რომ რწმუნებულს შეუძლია ხელი მოაწეროს მარწმუნებლის სახელით ყველა დოკუმენტს ... ქ.¹27-ში არსებული ქონების განკარგვასა და დაცვასთან დაკავშირებით. მოპასუხეები ვ. და დ. დ-ები არიან ღვიძლი ძმები და დ. დ-ოვი იღებდა ძმისათვის გადასაცემად როგორც სარჩელს თანდართული დოკუმენტებით, ისე უწყებებს, იგი დაესწრო მოსამზადებელ სასამართლო სხდომას პირადად და თავისი ძმის მინდობილი პირის სახითაც, სწორად იმ გენერალური მინდობილობის საფუძველზე, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მასში არ იყო გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული უფლებები. ამასთან, მოსამზადებელი და მთავარი სხდომები ჩატარდებოდა აღნიშნული მინდობილობა საერთოდაც რომ არ წარდგენილიყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემული დავის საგანია ქონების რეალური გაყოფა, შესაბამისად, მოპასუხეები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, არიან თანამოპასუხეები და ერთ-ერთი თანამოპასუხის გამოუცხადებლობა მთავარი სხდომის ჩატარებას ვერ დააბრკოლებდა. მით უმეტეს, საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია საჯარო გამოცხადებით გაზეთ „ა...ში“ იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო სხდომამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი სარჩელი თანდართული მასალებით და უწყება ჩაბარდა ვ.დ-ოვის ოჯახის წევრ დ.დ-ოვს ადრესატისათვის გადასაცემად, ამდენად, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერად მიიღო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა, მოპასუხე ვ. დ-ოვისათვის განკუთვნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაიგზავნა საქართველოში მის საცხოვრებელი ადგილზე – ქ.ბათუმში, ... ქ.¹27-ში, რომელიც ასევე წარმოადგენს მისი ქონების ადგილსამყოფელს. მართალია, განსახილველ შემთხვევაში განსჯადობის საკითხი სადავო არ არის, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 18-ე მუხლი შეიძლება გავრცელდეს არსებულ ურთიერთობებზე, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერების საკითხის განხილვისას სარჩელი თანდართული მასალებით გაიგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა მის ძმას, დ. დ-ოვს ადრესატისათვის გადასაცემად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უწყებით ირკვევა, რომ ვ. დ-ოვი რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა, მაგრამ მის ძმას ან სხვა ოჯახის წევრებს არ უცნობებია, თუ როდის ჩამოვა ან რა დროისათვის ელოდებიან მის ჩამოსვლას საქართველოში, რათა საქალაქო სასამართლოს გაეთვალისწინებინა ეს გარემოება და დალოდებოდა მოპასუხის ჩამოსვლას, ამასთან, დ. დ-ოვმა, როგორც თანამოპასუხემ, აღნიშნა სასამართლო სხდომაზე, რომ მან აცნობა ძმას სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შინაარსი და ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. ტ-ოვას მიერ ვ. და დ. დ-ოვების მიმართ ქონების გაყოფის თაობაზე სარჩელის შეტანის შესახებ მისთვის ცნობილია. რამდენადაც სასამართლო მოვალეა, მხარეს გაუგზავნოს სასამართლო უწყებები მისთვის ცნობილ მისამართზე, იმდენად მხარეც ვალდებულია, აცნობოს სასამართლოს, თუ სად მიემგზავრება, სამუშაოდ ან სხვა მიზეზით სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ განუხორციელებია. სასამართლო უწყებები გაიგზავნა რამდენჯერმე და მხარისათვის მათი ჩაუბარებლობის მოტივით რამოდენიმე სასამართლო სხდომა გადაიდო. მოგვიანებით მოპასუხეთა არყოფნის ფაქტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ტერიტორიულმა ადმინისტრაციამაც დაადასტურა. სასამართლო უწყება საჯაროდაც გამოქვეყნდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება პირველად გაგზავნილი გზავნილის ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ დ. დ-ოვი არის უცხოეთში, ხოლო ვ. დ-ოვი ცხოვრობს რუსეთში. აქვე აღნიშნულია, რომ მოცემული ინფორმაცია მიღებულია მეზობლებისაგან. ფაქტობრივად იგი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან კასატორისათვის ცნობილი იყო, რომ დ-ოვები ბათუმში იმყოფებოდნენ და თავს არიდებდნენ სარჩელისა და უწყებების ჩაბარებას, რის გამოც განყოფილების რწმუნებულმა ოფიციალურად დაიბარა მოპასუხეები და დაეხმარა სასამართლო კურიერს მისი ვალდებულების სრულად შესრულებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე დ. დ-ოვს სასამართლოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტების მიღებაზე უარი არ განუცხადებია და არ განუმარტავს, რომ მათ ვ. დ-ოვს ვერ გადასცემდა. მოპასუხეები არც სააპელაციო საჩივარში არ უთითებენ, რომ მათ აქვთ კიდევ სხვა რომელიმე მისამართი საქართველოში ან ცხოვრობენ სხვაგან. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ვ. დ-ოვს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ვ. დ-ოვს სააპელაციო საჩივარი საერთოდ არ წარუდგენია, ხოლო აპელანტ დ. დ-ოვს აღნიშნულ საფუძველზე არ მიუთითებია. ის სადავოდ ხდიდა მხოლოდ იმას, რომ დ. დ-ოვი საპატიო მიზეზით არ იმყოფებოდა ბათუმში, ვინაიდან მუშაობდა გემზე და საჯარო გამოქვეყნება არ აკმაყოფილებდა საპროცესო კანონმდებლობით გამოქვეყნებისათვის დადგენილ წესებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესი. სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, არ გაიზიარა სადავო მინდობილობა, ხოლო, მეორე მხრივ, მიიღო სააპელაციო საჩივარი, რომელიც შეიტანეს არა პირადად მოპასუხეებმა, არამედ მათმა წარმომადგენელმა ს. მ-მა მაშინ, როცა ს. მ-ს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ დ. დ-ოვის მიერ მასზე გაცემული რწმუნებულება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილისა, 186-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილია აპელანტების სახელით წარმომადგენლის _ ს. მ-ის მიერ, მაგრამ არც სააპელაციო საჩივრის თანდართულ დოკუმენტებში და არც სასამართლო სხდომაზე ს. მ-ს ვ. დ-ოვის უფლებამოსილების რწმუნებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლო იხილავდა მხოლოდ დ. დ-ოვის სააპელაციო საჩივარს. შემდგომ კი სრულიად მოულოდნელად გასაჩივრებული განჩინებით იმსჯელა ვ. დ-ოვის საპროცესო უფლებებზეც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ტ-ოვას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის მიუხედავად, სასამართლო ვერ მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ გამოუცხადებელ მხარეს კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია სარჩელის ან მასზე თანდართული დოკუმენტების ასლები, რომლებიც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ასახავენ.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ვ. დ-ოვს ნ.ტ-ოვას სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ ჩააბარა, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად კი, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე. მითითებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ მხარეს სასამართლო უწყება თუ სხვა საპროცესო დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს საქმეში მითითებულ მისამართზე. მის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას კი სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს, საქმეში არის თუ არა წარმოდგენილი ამავე მხარის სხვა რომელიმე მისამართი და უწყება გაუგზავნოს მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე. ამდენად, კანონმდებელი წინამდებარე კანონის დანაწესით ავალებს სასამართლოს, რათა ამ უკანასკნელმა ყოველი ღონე იხმაროს მხარეთა საპროცესო უფლებების დასაცავად და მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით აცნობოს მხარეს საპროცესო მოქმედებების შესახებ, ჩააბაროს სასამართლო უწყება და გზავნილი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია ვ. დ-ოვის მიერ დ. დ-ოვის სახელზე გაცემული მინდობილობა (ს.ფ. 69), სადაც ვ. დ-ოვის მისამართად მითითებულია ქ.ნოვოროსიისკი, ... ქ.¹34, ბინა ¹3. სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, ისევე, როგორც მისი ძალაში დატოვებისას პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ გარემოებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, სარწმუნოდ არ დაუდგენია მხარის რეალური მისამართი და ვ.დ-ოვისათვის ჩასაბარებელი საპროცესო დოკუმენტები გაგზავნილ იქნა მხოლოდ ქ.ბათუმში არსებულ მისამართზე, მაშინ, როცა აღნიშნული მინდობილობის თანახმად, ვ. დ-ოვის მისამართს ქ.ნოვოროსიისკი წარმოადგენს. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ.დ-ოვის მიერ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ სხვა მისამართს.
ამდენად, სასამართლოს კანონის ზემოხსენებული მოთხოვნა სრულად არ შეუსრულებია და ვ. დ-ოვისათვის სასამართლო უწყების პირადად ჩასაბარებლად საქმეში არსებული ინფორმაცია სათანადოდ არ შეუფასებია, რის გამოც სააპელაციო პალატამ სწორად გააუქმა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ტ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.