ას-734-1061-07 16 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. პ-ს, კორპორაცია “ქ...ისა” და შპს “ა...ს” დაზარალებული მეანაბრეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კორპორაცია “ქ...ისა” და შპს “ა...ს” მეანაბრეებმა შ. ხ-მა, ნ. გ-მ, ნ. ბ-მ, ზ. წ-მა, დ. წ-მ, ა. პ-მ და ასევე “ .. ..” ყოფილმა დირექტორმა ა. პ-მა სარჩელით მიმართეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს კოოპერატივ “ქვემო ქედის” დირექტორების _ ა. ხ-ისა და თ. კ-ის, ასევე დედოფლისწყაროს ნოტარიუსის ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს კოოპერატივ “ .. ..” რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის დადგენილების ბათილად ცნობა, კოოპერატივ “ .. ..” სახელით შედგენილი 2003 წლის პირველი სექტემბრის ოქმების, ასევე სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობა, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეებზე 500-500 აშშ დოლარის დაკისრება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით კორპორაცია “ქ...ის”, შპს “ა...ს” მეანაბრეებისა და კოოპერატივ “ .. ..” ყოფილი დირექტორის ა. პ-ს წარმომადგენელ ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კორპორაცია “ქ...ისა” და შპს “ა...ს” მეანაბრეებმა და ასევე ა. პ-მა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ა. პ-ს, კორპორაცია “ქ...ის” და შპს “ა...ს” მეანაბრეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება შეიცვალა ახალი გადაწყვეტილებით, რომლითაც ა. პ-ს, კორპორაცია “ქ...ისა” და შპს “ა...ს” მეანაბრეების სარჩელი კოოპერატივ “ .. ..” რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის დადგენილების ბათილად ცნობის, კოოპერატივ “ .. ..” მეპაიე წევრთა 2003 წლის პირველი სექტემბრის საერთო კრების ოქმების, სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კოოპერატივი “ .. ..” რეგისტრაციაში გატარდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით, რომლის წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიენიჭა ა. პ-ს, ხოლო ამავე სასამართლოს 2002 წლის 10 მარტის დადგენილებით, კოოპერატივის დირექტორად დარეგისტრრიდა შ. ქ-ი.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დედოფილსწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით კოოპერატივ “ .. ..” დრიექტორების ა. ხ-ისა და თ. კ-ის განცხადების საფუძველზე, კოოპერატივ “ .. ..” წესდებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, ასევე, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იქნა ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების შესახებ, რომლითაც დირექტორებად დარეგისტრირდნენ ა. ხ-ი და თ. კ-ი.
სააპელაციო სასამართლომ კოოპერატივ “ .. ..” სარეგისტრაციო მასალების მიხედვით დაადგინა, რომ ა. პ-ს უფლებამოსილება შეუწყდა კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 2002 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის დადგენილებით, ამავე დადგენილებით კოოპერატივის დირექტორად დარეგისტრირდა შ. ქ-ი, 2003 წლის 26 სექტემბრამდე წარმოდგენილი სარეგისტრაციო მასალების მიხედვით კი, კოოპერატივის დირექტორად ა. პ-ს რეგისტრაციის თაობაზე მტკიცებულება არ მოიპოვება, ხოლო ამავე დადგენილებით კოოპერატივის დირექტორებად რეგისტრირებულები არიან ა. ხ-ი და თ. კ-ი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ კოოპერატივის სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, ვერ აღდგება ის მდგომარეობა, როდესაც კოოპერატივის დირექტორად რეგისტრირებული იყო ა. პ-ი.
რაც შეეხება სარჩელს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. პ-მა, კორპორაცია “ქ...ისა და შპს “ა...ს” მეანაბრეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ა. პ-ს, კორპორაცია “ქ...სა და შპს “ა...ს” დაზარალებული მეანაბრეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. პ-ს, კორპორაცია “ქ...ისა და შპს “ა...ს” დაზარალებული მეანაბრეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. პ-ს, კორპორაცია “ქ...ისა და შპს “ა...ს” დაზარალებული მეანაბრეების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. პ-ს, კორპორაცია “ქ...ისა და შპს “ა...ს” დაზარალებული მეანაბრეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.