Facebook Twitter

ას-734-1103-06 26 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ “.. ..”, ნ. ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში “ .. ..” და ნ. ბ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლით: ინდივიდუალური მეწარმე .. .. ნ. ბ-ის შუამავლობით მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ გ. ბ-ს უპროცენტოდ ასესხა 10 000 აშშ დოლარი. სანაცვლოდ, მოსარჩელეს თავის ოჯახთან ერთად უფლება მიეცა სესხის დაბრუნებამდე ეცხოვრა გ. ბ-ის კუთვნილ ქ.ბათუმში, ... ქ.¹89-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილებით მ. ბ-ი სესხის დაბრუნებამდე სადავო ბინიდან გამოსახლდა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც პასუხისმგებლობა მას უნდა დაეკისროს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2005 წლის 30 მარტს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1999 წლის 20 მაისს გ. ბ-სა და მ. ბ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ. ბ-მ მ. ბ-საგან ისესხა უპროცენტოდ 3000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. სესხის სანაცვლოდ აპელანტმა და მისმა შვილებმა მიიღეს გ. ბ-ის კუთვნილი ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრების უფლება. ხელშეკრულება დაიდო ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ბ-ის შუამავლობით. შემდგომში აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2001 წლის 3 მაისამდე. აპელანტმა გ. ბ-ს დამატებით ასესხა 7000 აშშ დოლარი და მიიღო ცხოვრების უფლება ვალის დაბრუნებამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ-ის მიერ აპელანტის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების არც სახელშეკრულებო და არც კანონისმიერი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან ნ. ბ-ე მ. ბ-სა და გ. ბ-ს შორის დადებული ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენდა. ინდივიდუალური მეწარმე ნ. ბ-ე იყო შუამავალი, მას აპელანტის მიმართ აღებული ჰქონდა მხოლოდ ვალდებულება, რომ ხელი შეეწყო სასურველი ხელშეკრულების დადებაში, რაც ნ. ბ-მ პირნათლად შეასრულა. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ნ. ბ-ე ვალდებული იყო, უზრუნველეყო აპელანტის სადავო ბინაში ცხოვრება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ზემოაღნიშნული არ დასტურდება. სესხის ხელშეკრულებით კი დგინდება, რომ აპელანტის წინაშე აღნიშნული ვალდებულება აიღო ხელშეკრულების მონაწილე გ. ბ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, ვინაიდან არ გაითვალისწინა, რომ კასატორის მიერ გ. ბ-სათვის ნასესხები თანხის დაბრუნებამდე, სესხის სანაცვლოდ, გ. ბ-მ და ნ. ბ-მ ერთობილად იკისრეს ვალდებულება, მ. ბ-სათვის სარგებლობის უფლებით გადაეცათ ქ.ბათუმში, ... ქ.¹89-ში მდებარე სახლის მეორე სართული. სადავო სესხის ხელშეკრულება დაიდო ნ. ბ-ის შუამავლობითა და რეკომენდაციით, რის გამოც ამ უკანასკნელმა გ. ბ-სთან ერთად სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი. სასამართლომ დაადგინა რა მხარეთა შორის საცხოვრებელი სახლით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, არასწორი შეფასება მისცა ამ გარემოებას და სარჩელი უკანონოდ არ დააკმაყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.