Facebook Twitter

ას-73-419-07 7 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ს კანონიერი წარმომადგენელი ლ. ც-ე

წარმომადგენელი _ კ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ს-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2005 წლის 20 სექტემბერს კ. ს-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2003 წლის 10 ივლისს მასაა და მ. ს-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ქ. თბილისში, ... ქ.¹48-ში, პირველ კორპუსში მდებარე ბინა ¹17-ის აღრიცხვა თავის სახელზე.

სასარჩელო განცხადების მიხედვით, მოსარჩელე კ. ს-ა 1990 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. ც-სთან, რა დროსაც შეეძინათ შვილები: მ. ს-ა _ დაბადებული 1991 წელს და დ. ს-ა _ დაბადებული 1992 წელს. დაქორწინების დღიდან მეუღლეები ცხოვრობდნენ თბილისში, ... ქ. ¹48-ში მდებარე ერთოთახიან ბინაში, რომელიც მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა საავიაციო ქარხანაში მუშაობის დროს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1991 წლიდან ამავე კორპუსში შეიძინა ოროთახიანი ბინა, რომელშიც ვაჟიშვილთან ერთად ჩაეწერა თვითონ, ხოლო მეუღლე და ქალიშვილი ჩაწერილები დარჩნენ ერთოთახიან ბინაში.

1999 წლის 9 ივლისს ისინი განქორწინდნენ რის შემდეგაც, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, ლ. ც-მ გამოაგდო ბინიდან.

მოსარჩელის განმარტებით, მან, ლ. ც-ის თხოვნით, 2003 წლის 10 ივლისს ... ¹48-ში მდებარე ¹17 ოროთახიანი ბინა აჩუქა თავის ქალიშვილს, მ. ს-ს, იმ პირობით, რომ მას მიეცემოდა ამ ბინაში სამუდამოდ ცხოვრების უფლება. მიუხედავად ამისა, ლ. ც-ე არ უშვებს მას ბინაში, გამოუყარა ნივთები და გამოაგდო სახლიდან.

მოპასუხე მხარის კანონიერმა წარმომადგენელმა, ლ. ც-მ, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე თავისი სურვილით წავიდა სახლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ს-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ 2001 წელს ლ. ც-მ ფარისევლობითა და იძულებით თავიანთ ქალიშვილთან _ მ. ს-სთან დაადებინა ჩუქების ხელშეკრულება თავის სახელზე რიცხულ ოროთახიან ბინაზე. 2001 წლის 14 ივნისს მოჰყვა ავტოკატასტროფაში და დასჭირდა ხანგრძლივი სტაციონარული მკურნალობა, საგრძნობლად შეერყა ჯანმრთელობა და გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ საცხოვრებლად მივიდა ერთოთახიან ბინაში, მაგრამ არც იქ და არც ოროთახიან ბინაში არ შეუშვა ლ. ც-მ. საავადმყოფოდან ახლად გამოწერილი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი კვირის განმავლობაში სადარბაზოში ათენებდა ღამეს, რაც დაფიქსირებულია შს განყოფილების მიერაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა.

აპელანტის მითითებით, 2003 წლის ზაფხულში მას კვლავ მიმართა ლ. ც-მ და სთხოვა ოროთახიანი ბინა მეორედ ეჩუქებინა ქალიშვილისათვის, რის სანაცვლოდაც მისცემდა ამ ბინაში სამუდამოდ ცხოვრების უფლებას. აპელანტის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულება მ. ს-სთან გაფორმდა 2003 წლის 10 ივლისს, მაგრამ ლ. ც-მ ამჯერადაც მოატყუა და არ შეუშვა ბინაში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ არსებობს ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვისათვის სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლზე დაყრდნობით, კერძოდ, კ. ს-ა ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ იმყოფებოდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, თუმცა ის ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ხელშეკრულების დადების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობა არ იყო გამოწვეული ხელოვნურად, თვითონ მჩუქებლის ბრალით ან უხეში გაუფრთხილებლობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კ. ს-ს სარჩელი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება: გაუქმდა 2003 წლის 10 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება კ. ს-სა და მ. ს-ს შორის და გაჩუქებული ნივთი, თბილისში, ... ქ. ¹48-ში, პირველ კორპუსში მდებარე ბინა ¹17, საკუთრებაში დაუბრუნდა კ. ს-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ს კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ც-მ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად არ არის დასაბუთებული, კერძოდ, მისი განცხადებით, კ. ს-ს არ გამოუყენებია ჩუქების ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლება ბინაში მუდმივად ცხოვრებისა და მას არც უცდია შესულიყო თავის საცხოვრებელ ფართში, მ. ს-ს მისთვის არ გაუწევია არავითარი წინააღმდეგობა და არც პრეტენზიები გააჩნდა მამის მიმართ. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვერ მიუთითა ვერც ერთ გარემოებაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ კ. ს-ს მოთხოვნის კანონიერებას, შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელე კ. ს-მ 2003 წლის 10 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მის სახელზე რიცხული ბინა აჩუქა თავის ქალიშვილს _ მ. ს-ს. ხელშეკრულება დაიდო კ. ს-სა და მ. ს-ს კანონიერ წარმომადგენელ ლ. ც-ს შორის. გაჩუქებული ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ს-ს სახელზე. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის მიხედვით კ. ს-ა მუდმივ საცხოვრებლად რჩებოდა დასაჩუქრებულთან. დასაჩუქრებული ვალდებული იყო, რომ საჩუქრის გასხვისების შემთხვევაში მჩუქებელი უზრუნველეყო მუდმივი საცხოვრებელი ფართით. ასევე დადგენილია, რომ სადავო ბინაში ცხოვრობს დასაჩუქრებულის კანონიერი წარმომადგენელი _ მოსარჩელის განქორწინებული მეუღლე ლ. ც-ე, რომელთანაც მოსარჩელეს აქვს დაძაბული ურთიერთობა. ამ გარემოებამ მოსარჩელე აიძულა უარი ეთქვა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრებაზე, მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი ბინა არა აქვს. იგი არის ავღანეთის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებასა თუ გარემოებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული და რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს. სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქებულს მოსთხოვოს გაჩუქებული, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მითითებული ნორმა დასაშვებად თვლის ჩუქების გაუქმებას, შემდეგი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობისას:

ა) თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე;

ბ) თუ რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი;

გ) თუ გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში;

მოცემულ შემთხვევაში არსებობს გაჩუქებული ნივთი; დასაჩუქრებული მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, ვინაიდან ის არის არასრულწლოვანი და ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად, რომელთაც პირად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ბინები და რომლებიც ვალდებული არიან შეუქმნან შვილს საცხოვრებელი პირობები; ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან მას არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და ასევე, შრომის უნარის დაქვეითების გამო საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ შეიქმნის.

კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მჩუქებლის მდგომარეობა ბინის გაჩუქების შემდეგ არ გაუარესებულა, იგი ომის მონაწილე და ინვალიდი მანამდე იყო, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. დადგენილია, რომ კ. ს-ა ცხოვრობდა სადავო ბინაში. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან მისთვის შეუძლებელი გახდა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბინაში ცხოვრობს დასაჩუქრებულის დედა, მოსარჩელის განქორწინებული მეუღლე ლ. ც-ე, რომელთანაც მოსარჩელეს აქვს დაძაბული ურთიერთობა; ამ გარემოებამ აიძულა უარი ეთქვა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრებაზე. დასაჩუქრებულმა ჩუქების ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება მუდმივი საცხოვრებელი მიეცა მჩუქებლისათვის, ის ვალდებული იყო მისთვის შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც მჩუქებელს ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემდა. მართალია, აღნიშნული არ არის გამოწვეული დასაჩუქრებულის ბრალეული ქმედებით, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლი მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობის შექმნაში არ მოითხოვს დასაჩუქრებულის ბრალის არსებობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ს-ს კანონიერი წარმომადგენლის _ ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.