Facebook Twitter

ას-735-1062-07 22 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი – ე.ხაჩიძე

კასატორები _ ე., გ., ნ. ხ-ები (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ თ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ა-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ პ. ჯ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ხ-ის მიმართ თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის ნოემბერში მხარეთა შორის დაიდო ქ. თბილისში, ... ქ. ¹53-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელეს მოპასუხისათვის ეტაპობრივად უნდა გადაეხადა 60 000 აშშ დოლარი. შეთანხმებისამებრ, ლ. ა-ემ ლ. ხ-ს 2003 წლის თებერვლამდე გადაუხადა 20 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ უძრავი ნივთის ღირებულება 10 000 აშშ დოლარით გაზარდა, რასაც მოსარჩელე დასთანხმდა და ვალდებულება იკისრა, 2004 წლის ოქტომბრამდე, როდესაც მოხდებოდა ნასყიდობის სანოტარო წესით გაფორმება, დაეფარა 50 000 აშშ დოლარი, რაზეც შედგა ხელწერილი. ლ. ა-ემ, საკუთარი ხარჯებით, ზემოხსენებული ბინა დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში ლ. ხ-ის სახელზე, რითაც მოამზადა ზემოთ მითითებული გარიგების დადების წინაპირობა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევით, დათქმულ დროს ლ. ხ-მა უარი განაცხადა როგორც დარჩენილი 50 000 აშშ დოლარის მიღებაზე, ისე მანამდე მიღებული 20 000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 976-ე მუხლის საფუძველზე ლ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 2004 წლის ოქტომბრიდან თანხის სრულ დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე თანხის _ 2,5%-ის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეთა შორის 2002 წლის ნოემბერში დაიდო ლ. ხ-ის კუთვნილი ბინის ნასყიდობის ზეპირი გარიგება, რომლის მიხედვით მოსარჩელეს უძრავი ნივთი უნდა ეყიდა ქ. მოსკოვში მცხოვრებ ძმისშვილ შ. ა-ვის. ლ. ა-ემ და მისმა შვილმა გ. ტ-ემ მოპასუხეს ბეს სახით გადასცეს 20 000 აშშ დოლარი და მხარეები შეთანხმდნენ, რომ დარჩენილ 40 000 აშშ დოლარს მოსარჩელე 2003 წლის მაისში დაფარავდა. მოგვიანებით მოსარჩელემ თანხის გადახდის დრო რამდენჯერმე შეცვალა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დოლარის კურსი დაეცა და, ლ. ხ-ის მოთხოვნით, გადასახდელი თანხის ოდენობა 10 000 აშშ დოლარით გაიზარდა. თანხის გადახდის ვადის ამოწურვის დღეს, 2004 წლის ოქტომბრის მიწურულს, მოპასუხესთან მივიდა გ. ტ-ე, რომელმაც დამატებით 10 000 აშშ დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა და მოითხოვა დარჩენილი 40 000 აშშ დოლარის გადახდის ვადის კვლავ გადაწევა, რითაც მოსარჩელემ, ფაქტობრივად, დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხემ ბეს სახით გადახდილი თანხის დაბრუნებაზე ლ. ა-ეს მართებულად უთხრა უარი.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. ხ-ს ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-მა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ ლ. ა-ემ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ლ. ხ-ი გარდაიცვალა და მის უფლებამონაცვლეებად საქმეში ჩაბმულ იქნენ ე., გ. და ნ. ხ-ები.

თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის უფლებამონაცვლეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ლ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ყოველთვიურად ძირითადი თანხის 2,5% სარგებლის გადახდის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე., გ. და ნ. ხ-ებს დაეკისრათ ფულად ვალზე პროცენტის _ 9000 აშშ დოლარისა და 2007 წლის მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 300 აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2002 წლის ნოემბერში ლ. ა-ე და ლ. ხ-ი შეთანხმდნენ 60 000 აშშ დოლარად საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც ლ. ა-ემ ლ. ხ-ს გადასცა 20000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 40 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 2003 წლის ბოლოს. 2004 წლის დასაწყისში დოლარის კურსის დაცემის გამო მხარეები შეთანხმდნენ, რომ, დარჩენილი 40000 აშშ დოლარის ნაცვლად, მოსარჩელეს 2004 წლის ოქტომბრის ბოლომდე გადაეხადა 50 000 აშშ დოლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სანოტარო წესის დაუცველად დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობა გადახდის განვადებით. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მოსარჩელის მიერ მისთვის გადაცემული 20 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ბეს, ვინაიდან აღნიშნული გარემოება მხარემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სათანადოდ _ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ან სხვა მტკიცებულებით, ვერ დაადასტურა. სასამართლოს მითითებით, სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო არა სამოქალაქო კოდექსის 421-423-ე მუხლებით, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით, რომლებიც ითვალისწინებენ გადახდის განვადებას. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 506-ე მუხლით, იმ დროისათვის მოქმედი ამავე კოდექსის 323-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სადავო გარიგება დადებულ იქნა კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად, რაც, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. პალატამ ჩათვალა, რომ, ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ლ.ახობაძის მოთხოვნა ლ. ხ-ისა და მისი უფლებამონაცვლეების მიმართ გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ კანონიერია. სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის მიღების შესახებ და მიიჩნია, რომ პროცენტის რაოდენობა უნდა იყოს გონივრული, შეესაბამებოდეს ბანკთაშორის აუქციონზე არსებულ პროცენტს და შეადგენდეს ყოველთვიურად ძირითადი თანხის 1,5%-ს. პალატის მითითებით, ლ. ა-ე მოითხოვს, პროცენტის გადახდა დაიწყოს 2004 წლის ოქტომბრიდან, თუმცა პალატამ ჩათვალა, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს გადაწყვეტილების გამოტანამდე _ 2007 წლის აპრილის ჩათვლით, 30 თვეზე 1,5% _ 300 აშშ დოლარი, სულ _ 9000 აშშ დოლარი და მხარეს ასევე დაეკისროს ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე., გ. და ნ. ხ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სანოტარო ფორმის დაუცველად დადებულ უძრავი ქონების ნასყიდობად გადახდის განვადებით. სამოქალაქო კოდექსის 421-423-ე მუხლები, ამავე კოდექსის 506-ე მუხლისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ბეს წერილობით ფორმას და არც ბეს მიცემის სანოტარო დამოწმებაზე არ მიუთითებს. სათანადო ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდებოდა თანხის გადახდის შემდეგ. მხარეთა შორის განვადებით გადახდის ნასყიდობის არარსებობა დასტურდება იმითაც, რომ ლ. ა-ეს, სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლიდან გამომდინარე, არ მოუთხოვია უძრავი ნივთის გადაცემა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით, მხარეთა შორის შეთანხმება მოხდა სწორედ ბეს გადაცემაზე და არა თანხის განვადებით გადახდაზე. აღნიშნული დასტურდება თავად ლ. ა-ის მიერ წარდგენილი აუდიო კასეტით, მოწმეების ჩვენებებით, რომელთა მიხედვით მოსარჩელემ რამდენჯერმე დაარღვია შეთანხმება, კერძოდ, 2005 წლის მაისში, აგვისტოსა და დეკემბერში. შემდეგ ლ. ა-ემ ხელწერილით იკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, თუმცა მოგვიანებით საერთოდ უარი თქვა ბინის ყიდვაზე. სასამართლომ უკანონოდ დააკისრა კასატორ მხარეს ყოველთვიური პროცენტის გადახდა და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო თანხის გადაცემა მოხდა არა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, არამედ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, ბეს სახით.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. ლემინ ხეცურიანის უფლებამონაცვლეები _ ე., გ. და ნ. ხ-ები 2008 წლის 1 სექტემბრამდე გადაუხდიან ლ. ა-ეს 20000 (ოცი ათას) აშშ დოლარს;

2. დადგენილ ვადაში აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ე., გ. და ნ. ხ-ებს ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრებათ 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, რაც მოხდება ამ საქმეზე დაყადაღებული ქონების რეალიზაციის გზით სააღსრულებო ბიურის მეშვეობით.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე., გ. და ნ. ხ-ებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2379,45 ლარის ნახევარი _ 1189,73 ლარი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსახილველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟის კანონით გათვალისწინებული ოდენობის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა წინასწარ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 2379 ლარისა და 45 თეთრის ოდენობით, ამდენად, მათ უნდა დაუბრუნდეს მითითებული თანხის ნახევარი _ 1189 ლარი და 73 თეთრი ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე _ ლ. ა-ის სარჩელის გამო ე., გ. და ნ. ხ-ების მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი პირობებით:

1. ლ. ხ-ის უფლებამონაცვლეები _ ე., გ. და ნ. ხ-ები 2008 წლის 1 სექტემბრამდე გადაუხდიან ლ. ა-ეს 20000 (ოცი ათას) აშშ დოლარს;

2. დადგენილ ვადაში აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ე., გ. და ნ. ხ-ებს ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრებათ 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, რაც მოხდება ამ საქმეზე დაყადაღებული ქონების რეალიზაციის გზით სააღსრულებო ბიურის მეშვეობით.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ლ. ა-ის სარჩელის გამო ე., გ. და ნ. ხ-ების მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

ე., გ.ი და ნ. ხ-ებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟი _ 1189 ლარი და 73 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.