Facebook Twitter

ას-7-362-07 5 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ.კვანტალიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

სხდომის მდივანი – გ.სუპატაშვილი

კასატორები: 1. შპს “ა...ი” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ.ფ-ე, ლ.გ-ე

2. სს „ .. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ უ.ს-ი, დ.ვ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა...მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ .. ..“ და საზოგადოების ქუთაისის ფილიალის მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 11 იანვარს შპს „ა...სა“ და სს „ს...ს“ შორის, რომლის უფლებამონაცვლეა მოპასუხე, დაიდო ¹11 ხელშეკრულება სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურეობის თაობაზე, რომლის თანახმად სს „ს...ს“ ტელეფონების ნორმალური მუშაობისათვის უნდა უზრუნველეყო შპს „ა...სათვის“ გადაცემული სახაზო-საკაბელო წყვილების ტექნიკური ექსპლუატაცია და დაზიანებათა საკონტროლო ვადებში აღდგენა. აბონენტისაგან დაზიანების შესახებ ინფორმაციას იღებდა შპს „ა...ის” დაზიანების ბიუროს თანამშრომელი, რომელიც ადგენდა დაზიანების მიზეზებს, შემდგომში მიღებულ ინფორმაციას გადასცემდა სს „ს....ს“ მონტიორს და დაზიანების ბიუროს თანამშრომელებს, რომელთაც დაზიანების საკონტროლო ვადებში აღდგენაზე კონტროლი ევალებოდათ. საკონტროლო ვადების უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, სს „ს...ის“ დაზიანების ბიურო ოპერატიულად აწვდიდა ინფორმაციას სატელეფონო განყოფილების უფროსს ზომების მისაღებად. სამუშაო საათების დამთავრებამდე ორივე მხარის დაზიანებათა ბიუროს თანამშრომლები შეაჯერებდნენ ინფორმაციას დღის განმავლობაში არსებული დაზიანების შესახებ, შეუთანხმებდნენ ... განყოფილების უფროსს და დასამუშავებლად გადასცემდნენ შესაბამისი კომპანიის გამოთვლით ცენტრებს, რომელთა მიერ დამუშავებული ინფორმაცია დაზიანების შესახებ ღონისძიებათა გასატარებლად ყოველდღიურად მიეწოდებოდა საზოგადოებათა შესაბამის სამსახურებს. მოსარჩელის სახაზო-საკაბელო მეურნეობაში ჩართული ტელეფონების დაზიანებათა რაოდენობა დღეში 15-20 ერთეულს არ აღემატება და მათი აღდგენა, როგორც წესი, იმავე დღეს ხდება, მაშინ, როცა მოპასუხეების სახაზო-საკაბელო მეურნეობაში ჩართული მოსარჩელის აბონენტების ყოველდღიური სატელეფონო დაზიანებათა რიცხვი 100 ერთეულს აჭარბებს. ამასთან, 2005 წლის 1 დეკემბერს მოპასუხემ, კონკურენციის საყოველთაოდ აღიარებული წესების დარღვევითა და შემოსავლების გაზრდის მიზნით, განზრახ გადაჭრა სამი კაბელი, რის გამოც მომსახურება შეუწყდა 217 აბონენტს. მოსარჩელემ კაბელების გადაჭრის გამო გათიშულ აბონენტებთან კავშირის აღსადგენად შეიძინა და დაამონტაჟა ახალი კაბელები, რის ღირებულებამ შეადგინა 203843,99 ლარი. მოპასუხეთა მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად მიუღებელი შემოსავლების სახით საზოგადოებამ განიცადა 94317,21 ლარის ოდენობის ზიანი, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე შპს „ა...ის“ მიერ დაზიანებათა აღდგენის ბლოკირებითა და კაბელების გადაჭრით მიყენებული ზიანის _ 308 161,20 ლარისა და ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად არაქონებრივი ზიანის _ 10 000 ლარის ანაზღაურება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხემ უნდა აღმოფხვრას საკონტროლო ვადის დარღვევით არსებული ყველა დაზიანება და მოთხოვნის ამ ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 94 317,21 ლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული 2003 წლის 10 იანვრის ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ საკონტროლო ვადებში დაზიანებული ტელეფონების აღუდგენლობის შემთხვევაში მათ უნდა დაეკისროთ მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლით დადგენილი პირგასამტეხლო და არა დამატებით ვალდებულების შესრულებაც. უსაფუძვლოა მოთხოვნა 203 843,99 ლარის ანაზღაურებაზეც, რადგან მოსარჩელემ სადავო ახალი სახაზო-საკაბელო შექმნა და ექსპლუატაციაში მიიღო ჯერ კიდევ ¹305 და ¹306 კარადების გათიშვამდე. რაც შეეხება ¹609 კარადას, საქმეში არ მოიძებნება მტკიცებულება, რაც მათი მხრიდან ... ქუჩაზე კაბელის ჩაჭრას დაადასტურებდა. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო განცხადება არაქონებრივი ზიანის არსებობის ნაწილშიც.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ .. ..” შპს „ა...ის” სასარგებლოდ დაეკისრა 252766,60 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა 2003 წლის 15 იანვრის ¹11 ხელშეკრულებისა და მისი დანართის _ 2003 წლის 18 თებერვლის შეთანხმების ოქმის შესაბამისად, საკონტროლო ვადის დარღვევით არსებული ყველა სახაზო-საკაბელო დაზიანებათა აღმოფხვრა. მოპასუხეთათვის სოლიდარულად არაქონებრივი ზიანის _ 10 000 ლარის დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „.. ..” შპს „ა...ის“ სასარგებლოდ 252 766,60 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სს “ .. ..” 252766,60 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ა...ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს “ .. ..” შპს “ა...ის” სასარგებლოდ დაეკისრა 48 922,61 ლარის გადახდა, შპს “ა...ს” კი დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 8133,76 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ 2003 წლის 15 იანვარს სს „ს...სა” და შპს „ა...ს” შორის დაიდო ¹11 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურება. სს „ს...” იღებდა ვალდებულებას შპს „ა...ზე“ გადაცემული სახაზო-საკაბელო წყვილების ტექნიკური ექსპლუატაცია დაზიანებული ტელეფონის აღდგენა უზრუნველეყო (2.1.1) და დაზიანების საკონტროლო ვადებში აღდგენა ხელშეკრულებაზე თანდართული საკონტროლო ვადების შესაბამისად (2.1.2). სს “ს...” და შპს „ა...” ყოველთვიურად საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 7 რიცხვამდე ადგენდნენ ტექნიკური შედარების აქტს (3.1), ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა ამ ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით (6.1). სს “ს...ის“ მიზეზით სატელეფონო წყვილების დაზიანების საკონტროლო ვადების დარღვევით აღდგენის შემთხვევაში მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო _ 0,20 ლარი (6.3). სასამართლომ მიუთითა 2003 წლის 18 თებერვლის შეთანხმების ოქმზე, რომლის თანახმად მხარეთა შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული ¹11 ხელშეკრულების 2.2.5 პუნქტით დადგინდა შპს „ა...სათვის” გადაცემული სახაზო-საკაბელო წყვილების დაზიანების თაობაზე მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. დაზიანების საკონტროლო ვადებში აღდგენაზე კონტროლი ხორციელდებოდა ოქმით განსაზღვრული ფორმით, კერძოდ, აბონენტისაგან დაზიანებას ღებულობდა შპს „ა...ის“ დაზიანების ბიურო, რომელიც ადგენდა დაზიანების მიზეზებს. სახაზო-საკაბელო დაზიანების შემთხვევაში შპს „ა...ის“ დაზიანების ბიუროს თანამშრომელი დაზიანებას გადასცემდა სს „ს...ის“ მონტიორს, რომელსაც ევალებოდა კონკრეტული დაზიანების საკონტროლო ვადებში აღდგენა. მონტიორი ვალდებული იყო, დაზიანება საკონტროლო ვადებში აღედგინა და სამუშაო საათების დამთავრებამდე ჩაებარებინა ორივე მხარის დაზიანების ბიუროსათვის. მხარეთა დაზიანების ბიუროს თანამშრომლები შეაჯერებდნენ ინფორმაციას დღის განმავლობაში არსებული დაზიანებების შესახებ, შეუთანხმებდნენ სატელეფონო განყოფილების უფროსებს და დასამუშავებლად გადასცემდნენ შესაბამისი კომპანიის გამოთვლით ცენტრს. გამოთვლითი ცენტრების მიერ დამუშავებული ინფორმაცია დაზიანებების შესახებ ყოველდღიურად მიეწოდებოდა საზოგადოებათა შესაბამის სამსახურებს ღონისძიებების გასატარებლად. საქმის მასალებში წარმოდგენილი საზოგადოებათა ფილიალის დირექტორების ხელმოწერილი ტექნიკური შედარების აქტებით ხდებოდა მხარეთა თანამშრომლობის ერთი თვის შედეგების ასახვა, მათ შორის დაზიანებული ტელეფონების რაოდენობისა და ხანგრძლივობის აღრიცხვა და ერთვოდა დაზიანებების უწყებების დეტალური ელექტრონული ჩამონათვალი. ამ აქტების საფუძველზე აუდიტის მიერ შედგენილი აქტის მიხედვით, 2003 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 31 იანვრის პერიოდში დაზიანების აღდგენის საკონტროლო ვადების დარღვევის გამო, ვადაგადაცილებულ დღეებზე მოცდენით გამოწვეულმა შესაძლო ზიანმა შპს „ა...სათვის“ შეადგინა 94317,21 ლარი. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ .. .. დაარღვია 2003 წლის 15 იანვრის ¹11 ხელშეკრულების 2.12 პუნქტი, რის გამოც ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, დაზიანებათა აღდგენის საკონტროლო ვადის გადაცილებით გამოწვეულმა ზიანმა აუდიტის აქტის მონაცემებით, 2003 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 31 იანვრამდე, შეადგინა 94 317,21 ლარი, საიდანაც, მხარეთა განმარტებების თანახმად, დაზიანებათა აღდგენის საკონტროლო ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო _ 45 394,60 ლარი .. .. შპს „ა...ს“ გადაუხადა. ამდენად, სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ დარჩენილი 48 922,61 ლარის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ტექნიკური შედარების აქტები შედგენილი და ხელმოწერილია არაუფლებამოსილ პირთა მიერ და მიუთითა, რომ 2003 წლის 15 იანვრის ¹11 ხელშეკრულების დანართი შეთანხმების ოქმით დადგინდა დაზიანებების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიურად ორივე მხარის შესაბამისი სამსახურებისათვის ღონისძიებების გასატარებლად მიწოდება, მხარეები დაზიანებათა აღრიცხვის მითითებულ ფორმაზე შეთანხმდნენ და ამ ფორმაზე ფილიალის დირექტორთა, როგორც შესაბამისი სამსახურის მუშაკთა მიერ ხელმოწერა გამართლებულია, ვინაიდან აღნიშნული აქტები წარმოადგენს ტექნიკური საკითხების შემაჯამებელ დოკუმენტს, მხარეებს მისი ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ და დაზიანებათა აღდგენის საკონტროლო ვადის გადაცილებით გამოწვეული პირგასამტეხლოს ანაზღაურება სწორედ ამ აქტების საფუძველზე ხორციელდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით მიიჩნია, რომ 2003 წლის 18 თებერვლის შეთანხმების ოქმით დასაშვებია დაზიანებათა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე ფილიალის ხელმძღვანელთა _ შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირთა მიერ ღონისძიებების გატარების მიზნით, ტექნიკური შედარების აქტის შედგენა, ვინაიდან მხარეები აღნიშნულ წესს ხშირად იყენებდნენ და, სამოქალაქო კოდექსის 339-ე მუხლის შესაბამისად, მითითებულ აქტებს მტკიცებულებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 412-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა მოპასუხისათვის 203843,99 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ 2005 წლის 6 დეკემბრის ¹486 წერილზე, რომლითაც .. .. ქუთაისის ფილიალის მიერ სადავო კაბელების ჩაჭრა განხორციელდა შპს “ა...ის” მიერ ამ ტერიტორიაზე ალტერნატიული ქსელის განაშენიანებისა და მათში აბონენტების გადართვის გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ა...მა”, სს “ .. ..” და მისმა ქუთაისის ფილიალმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

სს “ .. ..” მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც მის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა 2003 წლის 15 იანვრის ¹11 ხელშეკრულებითა და ამავე წლის 18 თებერვლის შეთანხმების ოქმით, თუმცა პალატის მითითების მიუხედავად, აღნიშნულ ოქმში საკონტროლო ვადები დადგენილი არ არის. ამდენად, შეთანხმების ოქმი საკონტროლო ვადების განმსაზღვრელ დოკუმენტად არასწორად იქნა მიჩნეული. კომპანიის სათავო ოფისში მითითებული ოქმის დედანი არ მოიძებნა, ასლში კი ხელშეკრულების ნომერი გადასწორებულია. სასამართლომ იმსჯელა რა კასატორის მიერ 2003 წლის ¹11 ხელშეკრულების 2.1.2 მუხლის დარღვევის შესახებ, ისე დააკისრა 94 317 ლარის გადახდა, რომ არ მიუთითა, თუ რას ემყარებოდა აღნიშნული დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი და 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, როდესაც კომპანიებს შორის დავალიანების არსებობა მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე ტექნიკური შედარების აქტებითა და ამ აქტების საფუძველზე აუდიტის მიერ შედგენილი კონსულტაციის აქტებით დაადგინა. სადავო გარემოება სასამართლოს უნდა დაედგინა “აუდიტორული საქმიანობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქტის საფუძვლებს შორის მითითებულია საქართველოს ... სამინისტროს ინსტრუქცია “ადგილობრივი სატელეფონო ქსელის დაზიანებათა ბიუროში შემოსული განცხადებების აღრიცხვისა და დაზიანებთა გამოსწორების შესახებ” 2003 წლის 15 იანვრის ¹15 ხელშეკრულება და ამავე წლის 18 თებერვლის შეთანხმების ოქმი. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ არ შეუსწავლია.

შპს “ა...მა” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასარჩელო განცხადების შეტანისას შპს “ა...მა” მოქმედი კანონმდებლობის დაცვით წინასწარ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 5000 ლარი. საქალაქო სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ აღნიშნული თანხა დაეკისრა მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დავის საგნის მოცულობა იყო 252 766,60 ლარი, რომლის გადახდაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გააუქმა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იგი ვალდებული იყო თვითონვე შეეცვალა სასამართლო ხარჯების განაწილებაც და მხედველობაში მიეღო არა მარტო სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, არამედ ხარჯები, რომლებიც გაღებულ იქნა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 52-ე მუხლი, როდესაც მხედველობაში არ მიიღო მხარეთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა. შპს “ა...ს” არასწორად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 203843,99 ლარის 4%-ის _ 8133,76 ლარის გადახდა, რადგან რაიონულ სასამართლოში სარჩელის აღძვრისას შპს “ა...მა”, ხოლო სააპელაციო საჩივრის შეტანისას კომპანიამ სრულად გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, თითოეულმა 5000 ლარი. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის გათვალისწინებით კასატორი არც სახელმწიფო ბაჟის და არც მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ანგარიშვალდებული არ არის. .. .. მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის შპს “ა...სათვის” დაკისრების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, კასატორისათვის დაეკისრებინა 3153,76 ლარის გადახდა, კერძოდ, 203843,99 ლარის 4%-ს _ 8153,76 ლარს უნდა გამოკლებოდა შპს “ა...ის” მიერ გადახდილი 5000 ლარი, თუმცა კომპანიას ასეთი მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ .. ..” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შპს “ა...ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ა...ს” სს “.. ..” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

კასატორ სს “ .. ..” საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოდავე მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის განმსაზღვრელ დოკუმენტებში _ 2003 წლის 15 იანვრის ხელშკერულებასა და 2003 წლის 18 თებერვლის შეთანხმების ოქმით კასატორის ვალდებულებას წარმოადგენდა რა მოწინააღმდეგე მხარისათვის _ ა...სათვის გადაცემული სახაზო-საკაბელო წყვილების დაზიანების საკონტროლო ვადებში აღდგენა, საკონტროლო ვადის ხანგრძლივობა დაზუსტებული არ არის, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ გაუთვალისწინებია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის ამგვარი პოზიცია არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილისა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული ნორმები სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს აკისრებს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებას, განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ, კერძოდ, მე-8 მუხლის მესამე ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ზოგად დათქმას და ვრცელდება მთელ კერძო სამართალზე. სამოქალაქო კოდექსი უზრუნველყოფს რა მხარეთა ნებას ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალ განსაზღვრაში, ამასთანავე, თვითნებობის უფლებას მხარეებს არ აძლევს და ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

კერძო სამართლის სუბიექტთა მიერ ხელშეკრულების პირობების სამართლიან განსაზღვრას და მხარეთა უფლებების დაბალანსებას უზრუნველყოფს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი, რომლის ძალითაც, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და დანართი ნამდვილად არ მოიცავს მითითებას შესრულების ზუსტ ვადაზე (საკონტროლო ვადაზე), მაგრამ ხელშეკრულების ეს ხარვეზი მხარეს არ აძლევს უფლებას, არამართლზომიერად გამოიყენოს თავისი უფლება, ვინაიდან კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულება ყოველ მხარეს აკისრებს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილი). ასეთი გულისხმიერება უნდა გამოიხატოს სწორედ იმაში, რომ თუკი მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება ხელშეკრულების რომელიმე პირობაზე ან არსებობს ბუნდოვნობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი პირობა სამართლიანად უნდა განისაზღვროს და ყველა მხარე კეთილსინდისიერად და პატივისცემით უნდა მიუდგეს სხვის უფლებებსა და ქონებას. ამდენად, ხელშეკრულების პირობის დაუზუსტებლობა ან მისი გაუთვალისწინებლობა მხარეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს და ასეთ შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრა ხელშეკრულების შემვსები განმარტების მეშვეობით უნდა მოხდეს.

აღნიშნულ საკითხის შეფასებისას საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ .. .. დაარღვია 2003 წლის 15 იანვრის ¹11 ხელშეკრულების 2.12 პუნქტი, რის გამოც ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, დაზიანებათა აღდგენის საკონტროლო ვადის გადაცილებით გამოწვეულმა ზიანმა აუდიტის აქტის მონაცემებით, 2003 წლის 1 მარტიდან 2006 წლის 31 იანვრამდე, შეადგინა 94 317,21 ლარი, საიდანაც, მხარეთა განმარტებების თანახმად, დაზიანებათა აღდგენის საკონტროლო ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო _ 45 394,60 ლარი .. .. შპს „ა...ს“ გადაუხადა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გარემოებასთან დაკავშირებით სს “.. ..” საკასაციო პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად, იგი სავალდებულოს წარმოადგენს საკასაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ტექნიკური შედარების აქტები არ წარმოადგენს სათანადო დოკუმენტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში შპს “ა...მა” მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების _ მიყენებული ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა რა ტექნიკური შედარების აქტებზე, მათი საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა მხარეებს მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე და თავისი დასკვნა სწორად დააყრდნო ზემოაღნიშნულ შედარების აქტებს.

საკასაციო საჩივრის მორიგ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რის შედეგადაც არასწორად გამოაკლო ზიანის თანხას კასატორის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია რა ის გარემოება, რომ სადავო ზიანის ოდენობა შეადგენს 94317,21 ლარს, ხოლო სს “.. ..” შპს “ა...ს” გადაუხადა პირგასამტეხლო 45394,60 ლარის ოდენობით, კასატორს ვალდებულება ზიანის დაკისრების ნაწილში შეუმცირა სწორედ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობით. ამ ნაწილში შპს “ა...ს” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და არც სს “.. ..” საკასაციო საჩივარი არ მოიცავს ამგვარ მოთხოვნას, ვინაიდან გადაწყვეტილება სწორედ მის სასარგებლოდ იქნა მიღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა კასატორის ამ მითითებაზე ვერ იმსჯელებს.

რაც შეეხება შპს “ა...ის” საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის არასწორად განსაზღვრის ნაწილში, მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შპს “ა...ის” მიერ შეტანილ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის 252766 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სს “.. ..”, რომელმაც სააპელაციო საჩივრის შეტანის დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობა 5000 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნული ნორმის ანალიზით სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა იმსჯელოს სასამართლო ხარჯების განაწილებაზე, მაგრამ მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც მხარეების მიერ უკვე იქნა გაღებული. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო, თუკი ღებულობს გადაწყვეტილებას აპელანტის სასარგებლოდ, ვალდებულია, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა დააკისროს მოწინააღმდეგე მხარეს იმ ოდენობით, რაც აპელანტმა გაიღო სახელმწიფო ბაჟის სახით. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განსაღვრა გადასახდელი ბაჟის ოდენობა გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და განმარტავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მხარეთა შორის ხარჯები უნდა გაანაწილოს მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც უკვე იქნა გადახდილი. სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება სახელმწიფო ბაჟის არსს, კერძოდ: სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. (“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის პირველი მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, აპელანტი ვალდებულია, სასამართლოში საქმის განხილვის მიზნით, სააპელაციო საჩივარს დაურთოს სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს საქმის განხილვისათვის განხორციელებულ წინასწარ შესატანს და, შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ვალდებულია, ხარჯები სწორედ გადახდილი თანხების ნაწილში გადაანაწილოს.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ შპს “ა...ის” მოსაზრებას, რომ, ვინაიდან სს “.. ..” არ მოუთხოვია მის მიერ გაღებული ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა ხარჯების გადანაწილებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, ხოლო, ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. ამდენად, როდესაც სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო ცვლის გადაწყვეტილებას ან გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება, ის ვალდებულია თვითონვე შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “.. ..” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შპს “ა...ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ა...ს” სს “.. ..” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

სს “.. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

შპს “ა...ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

შპს “ა...ს” სს “ .. ..” სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.