ას-737-1105-06 19 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ჭ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჭ-მ 2005 წლის აგვისტოში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ .. ..“ მიმართ და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, 2002 წლის 31 მაისის შრომის ხელშეკრულების საფუძველზე სამტრედიის ... ტერიტორიული სამმართველოს საუწყებო არქივის გამგე მ. გ-მ 2003 წლის 12 ივლისს ჩაიბარა მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოწესრიგებული საარქივო დოკუმენტები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან მოახდინა საუწყებო არქივში დაცული 23 ფონდის ფონდირება. სულ არქივში დაცული საარქივო მასალების საქმეთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 112169 ერთეული. მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების ნაწილი მას გადაუხადეს, ნაწილი სამუშაოების ღირებულება 36.236,33 ლარის ოდენობით მას მისაღები აქვს. შპს „ .. ..“ ტერიტორიულმა სამმართველომ მას უარი უთხრა შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ იგი მას არ ეკუთვნოდა და არც სათანადო აქტები ჰქონდა წარმოდგენილი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული აქტები სადღაც გააქრეს, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა სამტრედიის რაიონულ პროკურატურას. მოსარჩელე დაეთანხმა სამტრედიის .. .. ტერიტორიული სამმართველოს ... უფროსის შემოთავაზებას, რომ რადგან სამტრედიის .. .. ტერიტორიულ სამმართველოს ერთიანად თანხის გადახდა არ შეეძლო, ამიტომ გასასცემდნენ თანხას ნაწილ-ნაწილ. მოსარჩელემ ნაცვლად ერთისა, შეადგინა სამი აქტი, რის შედეგაც მის ანგარიშზე ჩაირიცხა 4.185 ლარი, დარჩენილი თანხა კი აღარ გადაურიცხეს. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელმა მიიღო საქმის არაღძვრის დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ მას თანხა სრულად აქვს მიღებული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ჭ-მ მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიერ 2002 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე და 2003 წლის ივნისსა და ივლისში ჩატარებული სამუშაოებისათვის ანაზღაურების დაკისრება 32.051 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჭ-მ; მისმა წარმომადგენელმა თ. გ-მა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მოითხოვა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე ორგანიზაციისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 32051 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ლ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 31 მაისს შპს „ .. ..“ სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს დირექტორ ა. ტ-სა (დამკვეთი) და ლ. ჭ-ს, ნ. თ-სა და მ. ი-ს (შემსრულებელი) შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება მოეწესრიგებინა სამტრედიის .. .. არქივში დაცული დაუმუშავებელი ფონდები. ამ ხელშეკრულების თანახმად ანაზღაურება მოხდებოდა შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო სამუშაოს შესრულების აქტში. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2003 წლის ბოლომდე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ჭ-ს დასამუშავებლად გადაეცა 9 ფონდი, სულ 5016 საქმე, საიდანაც 4050 საქმე დამუშავებული სახით გადაეცა მოპასუხეს, რაც დასტურდება 2003 წლის 12 ივლისის დასამუშავებლად საარქივო მასალების გადაცემის შესახებ აქტით. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აღნიშნული აქტით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის მიღებული აქვს ანაზღაურება 24.675 ლარის ოდენობით, ასევე 2005 წლის 22 იანვრის გადამოწმების აქტის საფუძველზე დამატებით მიღებული აქვს 4185 ლარი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დადებული 2002 წლის 31 მაისის ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (1973 წლის რედაქციით) მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განსაზღვრული ვადით დადებულ შრომის ხელშეკრულებას. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე და 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2002 წლის 31 მაისის შრომის ხელშეკრულება. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს მოცულობა დადგენილია 2003 წლის 12 ივლისის დასამუშავებლად საარქივო მასალების გადაცემის შესახებ აქტით, ასევე 2005 წლის 22 იანვრის გადამოწმების აქტით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის მიერ მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელე ლ. ჭ-სათვის დამატებით 32.051 ლარის გადახდის ვალდებულება. ვერც აპელანტმა და ვერც მისმა წარმომადგენელმა დაზუსტებით ვერ მიუთითეს, თუ ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი რომელი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მოსარჩელისათვის დამატებითი თანხების გადახდის ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაამტკიცა შესრულებული სამუშაოსათვის დამატებით მისაღები თანხების არსებობა, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის მოთხოვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ჭ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და მისი იურიდიული დასაბუთება არასრულია. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული არ არის მტკიცებულების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო. მართალია, განჩინებაში დადასტურებულად არის მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, მაგრამ თვით სააპელაციო სასამართლოს არც სასამართლო პროცესზე და არც განჩინებაში არ მიუთითებია იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული განჩინება. ამის გამო, კასატორის მოსაზრებით, შეუძლებელია განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება; სასამართლომ, მართალია, დადგენილად ჩათვალა, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის 2002 წლის 31 მაისს გაფორმებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2001 წლის 12 თებერვლის ¹1 ბრძანებით დამტკიცებული საარქივო სამუშაოთა სახეობების ტარიფები და სამუშაოს შესრულების აქტები, რომელთა საფუძველზეც უნდა მომხდარიყო მის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და მათი შესაბამისი ანაზღაურების ზუსტი დადგენა; სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად დამკვეთი შპს „ .. ..“ ვალდებული იყო ჯეროვნად და კეთილსინდისიერად გადაეხადა მისთვის შესრულებული სამუშაოს საზღაური. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააყენა საკითხი შესანახ საქმეთა დანაკლისის შესახებ, რაც დაფიქსირებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმშიც, მაგრამ გასაჩივრებულ განჩინებაში არც ამის შესახებ არის აღნიშნული. კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის პრინციპი და შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ნორმათა ციტირებით. ასევე დაუსაბუთებელია, თუ რატომ უარყოფს სასამართლო აპელანტის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს. რაც შეეხება 2005 წლის 22 იანვრის აქტს, კასატორმა მიუთითა, რომ იგი არ უნდა შეფასებულიყო, რადგან მას ხელს არ აწერს კომისიის თავმჯდომარე შ. ა-ი. კასატორმა 2003 წლის 12 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტზე მითითებით განმარტა, რომ იგი ადასტურებს მის მიერ ფონდის დამუშავებას – 2003 წლის 30 მაისიდან 2003 წლის 12 ივლისამდე, მის მიერ შესრულებული სამუშაო, კერძოდ, ცხრა ფონდის დამუშავება დარჩა აუნაზღაურებელი, კუთვნილი 11.556.56 ლარის ნაცვლად აუნაზღაურეს მხოლოდ ნაწილი 4185 ლარი ოდენობით, შესაბამისად, შპს „ .. ..“ ვალდებულია აუნაზღაუროს 32.047.06 ლარი, ხოლო შესანახ საქმეთა დანაკლისის საზღაური ასევე დადგენილია მის მიერ მითითებული ტარიფის შესაბამისად, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იმსჯელოს სასამართლომ. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გაიზიარა მისი მოთხოვნა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით არქივისტისა და ბუღალტერის ერთობლივი მონაწილეობით, რომელიც დაადგენდა თუ რა სახისა და მოცულობის სამუშაოებია შესრულებული მის მიერ შპს „ .. ..“ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და რა რაოდენობის ანაზღაურება უნდა მიეღო ამის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
მოწინააღმდეგე მხარე შპს “ .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.