საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №441აპ-16 ქ. თბილისი
ქ. დ., 441აპ-16 21 დეკემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით დ. ქ., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და, 2014 წლის 8 თებერვლიდან იმავე წლის 11 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. გაუქმდა დ. ქავთარაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტანს.
ამავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ზ. ფ-სა და ბრალდებულებს – ა. ბ-ს, ა. ი-სა და ა. რ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმებები, რომლის თანახმად, ა. ბ., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე; ა. ი., – დაბადებული ----ს ნასამართლობის არმქონე და ა. რ., – დაბადებული ----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯათ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, 2-2 წლის გამოსაცდელი ვადით. მათვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრათ ჯარიმა: ა. ბ-ს – 3000 ლარის, ხოლო ა. ი-სა და ა. რ-ეს – 2000-2000 ლარის ოდენობით.
გაუქმდა ა. ბ-ის, ა. ი-სა და ა. რ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხები განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდათ გირაოს შემტანებს. მსჯავრდებულებს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალათ დაკავებაში ყოფნის პერიოდი: ა. ბა-სა და ა. ი-ს – 2014 წლის 9 თებერვლიდან იმავე წლის 10 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ა. რ-ეს – 2014 წლის 8 თებერვლიდან იმავე წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის განაჩენით დ. ქა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ დ. ქ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე