Facebook Twitter

¹ას-739-1375-03 4 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ლ. გ-ე, ი., კ. და ნ. ხ-ები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჩ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ის, ი., კ. და ნ. ხ-ების მიმართ მოპასუხეთა ქ.თბილისში, ... მე-3 მ/რ-ის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსში მდებარე ¹45 ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წელს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა ლ. გ-ის სახელზე რიცხული სადავო საცხოვრებელი ბინა. ნასყიდობის ხელშეკრულება აღირიცხა საჯარო რეესტრში 2002 წლის 4 ოქტომბერს, რა დროიდანაც რ.ჩ-ე ითვლება მის მესაკუთრედ. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავი ნივთის ყოფილი მესაკუთრე ბინის გასხვისების შემდეგ წარმოადგენს მის დამქირავებელს, თუმცა მოპასუხეებს სადავო ბინის ქირის საბაზრო ფასი, ყოველთვიურად 150 ლარი, მოსარჩელისათვის არ გადაუხდიათ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ნივთს. ამასთან, რ.ჩ-ს აღნიშნული ბინა დასჭირდა თავისი დისა და დედისათვის, რის გამოც მოპასუხეებს წერილობით შესთავაზა 2003 წლის 20 იანვრამდე ბინის გამონთავისუფლება, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეები სადავო ბინიდან გამოსახლდნენ, ხოლო მოპასუხეთათვის ბინის ქირის დაკისრებაზე რ.ჩ-ს უარი ეთქვა. მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2003 წლის 7 ივლისს ი., ნ. და კ. ხ-ებმა განცხადებით მიმართეს რაიონულ სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებლები 1984 წლიდან ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ... მე-3 მკ/რ-ის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსის ¹45 ბინაში, საიდანაც 2003 წლის 25 ივნისს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღმასრულებელმა გამოასახლა. მითითებული გადაწყვეტილებიდან მათ შეიტყვეს, რომ ისინი ლ.გ-ესთან ერთად ჩაბმულ იქნენ სამოქალაქო საქმეში რ. ჩ-ის სარჩელის გამო, თუმცა არც ერთი მათგანისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების შესახებ ცნობილი არ ყოფილა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განჩინებით ი., კ. და ნ. ხ-ებს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რაც განმცხადებლებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, გასაჩივრებული განჩინება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ საქმის ზეპირი განხილვის შესახებ უწყებები ჩაიბარა მოპასუხე ლ. გ-მ, რომელმაც ვალდებულება იკისრა, სასამართლო უწყებები გადაეცა სხვა მოპასუხეებისათვის _ ი., კ. და ნ. ხ-ებისათვის. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. გ-ე არის ი. ხ-ის მეუღლე და კ. და ნ. ხ-ების დედა. მოპასუხეები ცხოვრობდნენ ერთად, ამდენად, ზემოხსენებული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ლ.გ-ისათვის სადავო უწყების ხ-ებისათვის გადასაცემად ჩაბარება დანარჩენ მოპასუხეთათვის მის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. გ-მ, ი., ნ. და კ. ხ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი, ვინაიდან რაიონულმა სასამართლომ 2003 წლის 10 მარტს რ.ჩ-ის სარჩელი ისე განიხილა, რომ ი., ნ. და კ. ხ-ები სასამართლო სხდომაზე კანონის დაცვით არ მიუწვევია და არც გადაწყვეტილების ასლი ჩაუბარებია. კასატორთათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ლ. გ-ს სადავო სახლი მათთან შეუთანხმებლად იპოთეკით დაუტვირთავს, რის დასაფარად ეს უკანასკნელი სასამართლოდან მოპასუხეთათვის გადასაცემად ჩაბარებულ უწყებებს ოჯახის წევრებს არ გადასცემდა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, როდესაც სასამართლო უწყებები ი., კ. და ნ. ხ-ებისათვის ჩაბარებულად ჩათვალა მაშინ, როდესაც ლ.გ-ეს აღნიშნულ უწყებათა ადრესატის მიერ ხელმოწერილი მეორე ნაწილი სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის, ი., კ. და ნ. ხ-ების საკასაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქმის წარმოება განახლდეს და საქმე დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დაინიშნა რ. ჩ-ის სარჩელის ზეპირი განხილვა მოპასუხეების _ ლ. გ-ის, კ., ი. და ნ. ხ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. აღნიშნულის შესახებ სასამართლო უწყებები მოპასუხეთა მხრიდან ჩაიბარა ლ. გ-მ (ი. ხ-ის მეუღლე, კ. და ნ. ხ-ების დედა), რომელმაც ვალდებულება იკისრა, აღნიშნული უწყებები გადაეცა დანარჩენ მოპასუხეთათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (2003 წლის რედაქცია), მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია სასამართლოში დააბრუნოს მისი მეორე ცალი უწყების მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია, მხარეს, მისი თანხმობით, ჩააბაროს სასამართლო უწყება სათანადო პირისათვის გადასაცემად, თუმცა უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს შესატყობინებელი პირის მიერ ხელმოწერილ უწყების ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ. გ-ეს ჩააბარა რა სასამართლო უწყებები ი., კ. და ნ. ხ-ებისათვის გადასაცემად, აღნიშნული უწყებები ისე მიიჩნია მოპასუხეთათვის ჩაბარებულად, რომ ადრესატთა მიერ ხემოწერილი უწყების ნაწილი საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ი., კ. და ნ. ხ-ები კანონის მოთხოვნათა დაცვით სასამართლოში მიწვეული არ ყოფილან და საქმე უკანონოდ განხილულ იქნა მათი მონაწილეობის გარეშე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნული ნორმა ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება თავის იურიდიულ ძალას დაკარგავს და ბათილად იქნება ცნობილი, თუ დადგინდება, რომ საქმე განხილულ იქნა ერთ-ერთი მხარის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიწვევის გარეშე, მის დაუსწრებლად. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდეს, ხოლო საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილი, 431-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ის, ი., კ. და ნ. ხ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინება.

ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.