Facebook Twitter

¹ას-740-1066-07 14 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ბ-ე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. და ზ. გ-ები (მოპასუხეები ძირითად სარჩელში, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი სარჩელში _ რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა და სასყიდლიანი სერვიტუტის დაწესება

შეგებებულ სარჩელში – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 22 სექტემბერს ნ. ბ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ი. და ზ. გ-ების, ბათუმის მერიის ... სამსახურის მიმართ და მოითხოვა 1975 წლის 15 დეკემბერს მოპასუხეთა სახელზე გაცემული ტექპასპორტის ბათილად ცნობა, მასში მითითებული საერთო სარგებლობის ფართის მის საკუთრებაში აღრიცხვა, ამ ქონებით სარგებლობისათვის ყოველთვიურად 100 ლარის ანაზღაურება და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა გ-ების სახელზე გაცემული 1975 წლის 15 დეკემბრის ტექნიკური პასპორტიდან საერთო სარგებლობის ფართის ამორიცხვა და ამ ფართზე მისი საკუთრების უფლების აღიარება, ასევე მოპასუხეთათვის მისი საკუთრებით სარგებლობისათვის ყოველთვიურად სასყიდლიანი სერვიტუტის სახით 100 ლარის დაკისრება.

მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ნ. ბ-ისათვის მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 8 400 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 1996 წლიდან მოსარჩელე მათ არ აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს საერთო ფართით, რის გამოც კარგავენ მნიშვნელოვან შემოსავალს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო ი. და ზ. გ-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ.

აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება; ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ი. და ზ. გ-ების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოებანი, რომ ქ.ბათუმში, საბაჟოს შესახვევში, ... ქ.¹21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 7/12-ის 434,26 კვ.მ - თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ნ. ბ-ე და ს. ჩ-ე-ბ-ე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მის კუთვნილ წილს დაეუფლა შვილი-ნ. ბ-ე და დღეისათვის არის 7/12 წილის, კერძოდ, 434 კვ.მ-ის ერთ-ერთი მესაკუთრე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 1975 წლის 25 დეკემბერს გაცემულ პასპორტში არსებულ გეგმა-ნახაზის შესაბამისი საცხოვრებელი სახლის ლიტერ “ა” მეორე სართულის ფართი ეკუთვნის მხოლოდ ნ. ბ-სა და ი. და ზ. გ-ებს, რომლებსაც 1972 წლის 21 ივლისის ჩუქების ხელშეკრუკლების საფუძველზე საკუთრების უფლებით გადაეცათ ბათუმში, ... ქუჩა ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹3-20,4 კვ.მ, ¹4-29 კვ.მეტრი და ¹14-13,10 კვ.მეტრი სამი ოთახი საერთო ფართით 62 კვ. მეტრი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დასტურდება მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1972 წლის 23 ივლისს გაცემული მოწმობის მიხედვით, სადავო ¹12 და ¹17 დამხმარე ოთახები საერთო სარგებლობისაა და არა სახლმფლობელობის რომელიმე წილის მფლობელის საკუთრება.

სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს მრავალბინიან სახლებში არსებული ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმები. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც ნ. ბ-ს წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ფართი მისი საკუთრებაა, პალატამ მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹12 და ¹17 ოთახები არ არის რომელიმე მხარის ინდივიდუალური საკუთრება და იგი მხარეთა საერთო საკუთრებაა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-მ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა მრავალბინიან სახლებში არსებულ ურთიერთობათა მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმებით და მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ... ქ.¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მრავალბინიან სახლად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა, თუ რის საფუძველზე ჩათვალა მან აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მრავალბინიან სახლად. თავად საცხოვრებელი სახლი მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ ორსართულიანი ნაგებობაა, რომელიც ააშენა მოსარჩელის პაპამ მ. შ-ნ-რ-მ და თავისი სამართლებრივი და ტექნიკური პირობებით ვერანაირად ვერ ჩაითვლება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ი. და ზ. გ-ებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ბ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.