¹ას-741-1067-07 14 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი(თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ფ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 23 ივლისს ნ. დ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ვ. ფ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობისა და ტექაღრიცხვის პასპორტის გაუქმება და მოპასუხის ბინიდან გამოსახლება. მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლის მარტში, სანოტარო ხელშეკრულებით მასზე რიცხული ბინა, მდებარე, ქ. ბათუმში, ნ-ის ქ. ¹61, ბინა ¹105, გაუცვალა ს. ფ-ს ოროთახიან ბინაში, მდებარე, ქ. ბათუმი, ... ქ. ¹12, ბინა ¹7, რის შედეგადაც აღნიშნული ბინა გაფორმდა მის სახელზე და შესაბამისად ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაიცა ბინის ტექნიკური პასპორტი. ს. ფ-ს გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ _ ვ. ფ-მ ტექინვენტარიზაციის სამსახურში წარადგინა ბინების გაცვლამდე არსებული პრივატიზაციის ფურცელი, ს. ფ-ს მიერ გარდაცვალებამდე დაწერილი ანდერძი და ტექინვენტარიზაციის სამსახურის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანით, სადავო ბინა სანოტარო წესით გადაიფორმა მემკვიდრეობით. ამდენად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბინა ირიცხება როგორც მის სახელზე, ასევე მოპასუხის სახელზეც.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნ. დ-ის განმარტებით, მოპასუხემ ბინის მემკვიდრეობის გაფორმებისას იცრუა, რომ ს. ფ-ს მის გარდა სხვა მემკვიდრეები არ ჰყავდა, მაშინ, როდესაც მას სამი შვილი დარჩა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ 2003 წლის 20 თებერვალს, ანდერძის საფუძველზე, ვ. ფ-ს სახელზე გაცემული, ქ. ბათუმი, ... ქ. ¹12, ¹7 ბინის არაკანონიერი გადაფორმების ბათილად ცნობა, ვ. ფ-ზე გამოწერილი ტექნიკური პასპორტის გაუქმება და მის მიერ კანონიერად მოპოვებული საკუთრების აღდგენა. ასევე, მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება სადავო ბინიდან და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
მოგვიანებით, ნ. დ-მ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა, ქ. ბათუმის ნოტარიუსის _ მ. ს-ის მიერ 2003 წლის 20 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება.
მოპასუხე ვ. ფ-მ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ აღძრა შეგებებული სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: ვ. ფ-ს განმარტებით, თვითონ და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე _ ს. ფ- 30 წელი მუშაობდნენ მაგადანის ოლქში, ქ. ანადირში, სადაც ჰქონდათ ბინა, რომელიც 1990 წელს გადაცვალეს ქ. დობროპოლში, ხოლო იმავე წელს, ს. ფ-ს ძმისშვილის _ ზ. ფ-ს ინიციატივით აღნიშნული ბინა გადაცვალეს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹12, ბ. ¹7-ზე. ვ. ფ-ს განმარტებით, ზ. ფ-მ, ნდობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომაში შეიყვანა ს. ფ- და 1995 წლის დეკემბერში, ბინის მოვლა-პატრონობის მიზნით, გააცემინა მინდობილობა მის სახელზე. აღნიშნული მინდობილობით, ზ. ფ-მ ისე, რომ ს. ფ-მ არაფერი იცოდა, 1996 წლის 14 მარტს ნ. დ-სთან გააფორმა ბინების გაცვლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სადავო ბინის მესაკუთრე გახდა ნ. დ-ე, ხოლო გაცვლის გზით ს. ფ-ს საკუთრებაში გადმოსული ერთოთახიანი ბინა ისე გაყიდა სხვა პირზე, რომ არც ს. ფ-ს და არც მის ოჯახს არაფერი გაუგია. აღნიშნულის შესახებ, ვ. ფ-მ მხოლოდ 2003 წლის 18 ივლისს, სასამართლო შეტყობინების საფუძველზე შეიტყო.
ამას გარდა, ვ. ფ- აღნიშნავს, რომ ზ. ფ-ს ინიციატივით, ს. და ვ. ფ-ებმა ქ. ...ში არსებული აგარაკი გაცვალეს პ. მ-ის თბილისის ბინაზე. ხოლო ქ. ს-ში მათ ზ. ფ-ს გადასცეს 6500 აშშ დოლარი ყოველთვიოური სარგებლის მიღების მიზნით, რომლის დაბრუნებაზეც ზ. ფ-მ უარი განუცხადა იმ მიზნით, რომ მათ მისი ვალი ჰქონდათ.
1998 წელს ვ. და ს. ფ-ები საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ და დასახლდნენ ... ქ. ¹12, ბინა ¹7-ში, გააკეთეს კაპიტალური რემონტი. ხოლო 2001 წელს, ს. ფ-მ მიმართა ტექინვენტარიზაციის ბიუროს, რომელმაც შეადგინა ბინის ტექნიკური პასპორტი და ბინა დარეგისტრირდა ს. ფ-ს სახელზე, რომელმაც 2001 წლის პირველ ივნისს შეადგინა ანდერძი და ბინა დაუტოვა ვ. ფ-ს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლის 21 თებერვალს, ვ. ფ-მ აიღო აღნიშნული ბინის ტექნიკური პასპორტი და ბინა დარეგისტრირდა მის სახელზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ფ-მ მოითხოვა აწ გარდაცვლილი მეუღლის _ ს. ფ-ს მიერ 1995 წლის 5 დეკემბერს ზ. ფ-ს სახელზე გაცემული მინდობილობისა და 1996 წლის 14 მარტს ნ. დ-სა და ს. ფ-ს შორის გაფორმებული ბინების გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესიტრის ჩანაწერის გაუქმება, რომლის თანახმადაც ბინა _ მდებარე, თბილისში, ბ-ის ქ.¹12, ბ. ¹32-ში ირიცხება ს. ფ-ს საკუთრებაში და ანდერძის საფუძველზე, მოითხოვა აღნიშნული ბინის მის საკუთრებაში გადაცემა.
გარდა ამისა, შეგებებული სარჩელით მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით, რაზეც შემდგომ უარი განაცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ 2003 წლის 20 თებერვალს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობა, რომელიც ეხებოდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹12-ში მდებარე ბინა ¹7-ის ანდერძისმიერი სამკვიდრო ქონების სახით ვ. ფ-ს საკუთრებაში გადასვლას. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ვ. ფ-ს სახელზე გამოწერილი საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტი, ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმი ... ქ. ¹12, ბინა ¹7-ში. ვ. ფ-ა გამოსახლებული იქნა აღნიშნული ბინიდან.
ვ. ფ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2003 წლის 20 თებერვალს გაცემული მემკვიდრეობის მოწმობისა და მის საფუძველზე გამოწერილი ბინის ტექნიკური პასპორტის კანონიერად ცნობა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოთა მიერ და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით ვ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დაადგინა, რომ ტექ-აღრიცხვის სამსახურისათვის მიმართვის დროისათვის ვ. ფ-მ იცოდა, რომ ბინა უკვე ნ. დ-ს ეკუთვნოდა.
პალატამ საქმეში არსებული მასალების მიხედვით გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ფ-ა სადავო ბინის არაკეთილსინდისიერი შემძენია, შესაბამისად, მისი არამართლზომიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელია, ხოლო სადავო ნივთის მესაკუთრე ნ. დ-ა.
პალატამ ასევე დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა ნ. დ-ის ვინდიკაციური სარჩელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.