Facebook Twitter

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-742-1068-07 21 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს “ ს.-ა” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ჩ.-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “ს.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ჩხარის ღვინის ქარხნის _ სს “ჩ.-ის” მიმართ დავალიანების _ 1141,14 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე მოპასუხეს აწვდის ელექტროენერგიას, თუმცა ღვინის ქარხანას დაუგროვდა ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელი დავალიანება, რომელიც მოპასუხემ აღიარა მხარეთა 2005 წლის 1 თებერვლის ორმხრივი ურთიერთშედარების აქტით. აღსანიშნავია, რომ 2005 წლის დეკემბრისათვის მოპასუხის დავალიანება შემცირდა 991,35 ლარამდე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ბარათზე აღრიცხულია ინფორმაცია 2006-2007 წლებში მოპასუხის მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობისა და გადახდილი თანხის შესახებ. მითითებული გარემოებანი ადასტურებს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქარხანამ გადაიხადა რა ვალის ნაწილი, აღნიშნულით დაადასტურა სადავო ვალდებულების არსებობა და უნდა დაეკისროს დავალიანების დარჩენილი თანხის _ 1141,14 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე მხარე აწვდიდა ქარხანას ელექტროენერგიას, რის საფასურსაც მოპასუხე ყოველთვიურად იხდიდა და გარდამავალი კრედიტორული დავალიანებები მას არ ჰქონია. მხარეთა შორის შედარების აქტი არ გაფორმებულა. სარჩელზე თანდართული დოკუმენტი ყალბია, იგი ქარხნის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი არ არის და ბეჭედი არ იკითხება.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით აპელანტი ვალდებული იყო, მიეწოდებინა ელექტროენერგია მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც, უნდა გადაეხადა სათანადო ანაზღაურება. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სს “ჩ.-ს” მიაწოდა სადავო ღირებულების ელექტროენერგია და მოპასუხემ თანხა არ გადაუხადა. სასამართლოს მითითებით, აპელანტს არ განუმარტავს, სს “ჩ.-ს” როდის წარმოეშვა დავალიანება, საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით კი დასტურდება, რომ ქარხანა ელექტროენერგიის ღირებულებას ყველა პერიოდში კეთილსინდისიერად იხდიდა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სს “ჩ.-მა” ვალი აღიარა, ვინაიდან აღნიშნული მხარეს სათანადოდ არ დაუდასტურებია. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ ანგარიშსწორებათა ქვითრებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ მოპასუხე იხდიდა მხოლოდ მიმდინარე გადასახადს _ მის მიერ კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის შეძენილი ელეტროენერგიის ღირებულებას, შესაბამისად, იგი გადახდით სხვა ვალდებულების არსებობას არ აღიარებდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი ე.წ. “შედარების აქტი” ვერ იქნება მიჩნეული ვალის აღიარებად, რადგან მასში, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მასში მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგების არსებითი პირობები დაფიქსირებული არ არის. პალატის აზრით, აღნიშნული აქტი არ ადასტურებს სს “ჩ.-ის” დავალიანებას, რადგან ასეთი დავალიანების არსებობა სხვა მტკიცებულებით არ დგინდება, თავად ამ აქტის ნამდვილობა კი მოპასუხემ სადავოდ გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “ს.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის ¹414 ბრძანებულება “საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ, რომლის საფუძველზეც სასამართლო დაადგენდა, რომ კასატორის მიერ წარდგენილი შედარების აქტი ხელმოწერილი და დამტკიცებულია ხელმძღვანელი პირების მიერ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში აქტის ნამდვილობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამდენად, სასამართლომ დასახელებული აქტი ვალის აღიარებად დაუსაბუთებლად არ მიიჩნია. სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ რა დაედო საფუძვლად შედარების აქტის შედგენას, კერძოდ, მხარეების წარმომადგენლების მიერ მოპასუხის მრიცხველის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სს “ჩ.-ს” რეალურად დახარჯული ელექროენერგიის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები არ ჰქონდა. პალატას უნდა გამოეყენებინა “ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების საერთო წესები”, რომლის 24-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო დავალიანება წარმოიშვა მოპასუხის სამეურნეო ეზოში დამონტაჟებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, რომლის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს ეკისრებოდა და თუ ჩვენება არასწორი იყო, აღნიშნული მხარეს შედარების აქტზე აღნიშვნით სადავოდ უნდა გაეხადა. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 341-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც პალატას უნდა გაეზიარებინა მოპასუხის მიერ შედარების აქტით თავისი ვალის აღიარება. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ დავალიანების არსებობა ვერ დაადასტურა, რადგან საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება _ ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც სს “ჩ.-ი” აღიარებს სადავო დავალიანების არსებობას, რაც დამოწმებულია სათანადო ხელმოწერით. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს არგუმენტი, რომ სს “ჩ.-ი” აღნიშნულ შედარების აქტს სადავოდ ხდის, ვინაიდან შედარების აქტის დამოწმებიდან სასამართლოში დავის დაწყებამდე მხარეს მითითებული დოკუმენტის მონაცემებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც კანონით დადგენილი წესით და ვადის დაცვით აღნიშნული აქტი არ გაუსაჩივრებია. გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს და საქმე განიხილა მიკერძოებულად, რის შედეგად 2007 წლის 12 ივლისის განჩინება სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევითაა დადგენილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ დაადგინა, რომ შედარების აქტი ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არ არის, აღნიშნული აქტი არ ადასტურებს სს “ჩ.-ის” დავალიანებას, რადგან ასეთი დავალიანების არსებობა სხვა მტკიცებულებით არ დგინდება, თავად ამ აქტის ნამდვილობა კი მოპასუხემ სადავოდ გადახდა.

საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ შედარების აქტი არ წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას, მაგრამ თვლის, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა შედარების აქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს სარჩელში მითითებული ფაქტის არსებობა_არარსებობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ სარჩელზე თანდართულია წერილობით მტკიცებულება და იგი მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო მოპასუხე კი მას არ აღიარებს, არასარწმუნოდ არ უნდა იქნეს მიჩნეული.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად უნდა გამოიკვლიოს მხარის მიერ მოთხოვნის დამადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულება საქმის მასალებთან ერთობლიობაში და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.